როგორ დავიცვათ ბავშვის ემოციური მდგომარეობა პირდაპირ ეთერში?
ბავშვისთვის პირდაპირ ეთერში ან მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ხშირად ძალიან ემოციურია. მოულოდნელმა შემთხვევამ ეს მომენტი შესაძლოა სტრესულ მოგონებად აქციოს. როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვაგან პირდაპირ ეთერში მომხდარა ინციდენტი – ბავშვი სცენაზე ცეკვის დროს წაქცეულა, უტირია ან დაბნეულა. ამ დროს განცდილი ემოციები, უმეტეს შემთხვევაში, იმ მომენტში არ სრულდება, რადგან ეს კადრები ტელეეთერს სცდება და სოციალურ ქსელებში საზოგადოების განხილვის თემა ხდება. საქართველოში ახლახან მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც გოგონა სიმღერის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა და დაეცა, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა და მნიშვნელოვანი კითხვები გაგვიჩინა – როგორ უნდა დავიცვათ არასრულწლოვნის ემოციური მდგომარეობა კრიზისულ მომენტში და რა პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას მსგავსი კადრების გავრცელებისა და განხილვის დროს? აღნიშნულთან დაკავშირებით გვესაუბრა ფსიქოლოგი ალინა გურგენიძე.
– როდესაც ბავშვი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ ხდება და ეცემა, ეს შემთხვევა რა ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს თავად მასზე?
– ის ფაქტი, რომ ეს კადრები ყველამ ვიხილეთ სხვადასხვა მედია საშუალებით, ნათლად ასახავს დღევანდელ რეალობას და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რამდენად მარტივად შეიძლება ადამიანის, მოზარდის ან ბავშვის პირადული, სენსიტიური, ტრავმული თუ მტკივნეული მომენტები საჯარო მოხმარებისა და განხილვის საგნად იქცეს. ჩემთვის, როგორც კლინიკური ფსიქოლოგისთვის, ნანახი სიტუაცია არ არის უბრალოდ ,,სამწუხარო ფაქტი“, ეს არის მთელი რიგი პრე (ინციდენტამდელი) ფაქტორები და ასევე პოსტ (ინციდენტის შემდგომი) ფაქტორები. პრეფაქტორებად გამოვყოფდი ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბავშვს ეუბნებიან მასწავლებლები, კურატორები ან მშობლები, რომ მან უნდა შეასრულოს ყველაფერი სრულყოფილად, ბავშვთან დაკავშირებით აქვთ დიდი მოლოდინები და ამით მომენტალურად ქმნიან დაძაბულობას. მეორე ფაქტორია, როდესაც ბავშვს არ აქვს სხვა ალტერნატიული გზა, რადგან შთავაგონებთ, რომ ვალდებულია ბოლომდე გაუძლოს. მას ვადარებთ სხვა თანატოლებს და ვაიძულებთ თვითონაც ანალოგიურად ან უკეთესად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება – ზუსტად ეს არის მოლოდინების წნეხის ფაქტორი. ასევე, საქართველოში განსაკუთრებული პრობლემაა მაღალი კომფორმულობის (ადამიანის მიდრეკილება, მოერგოს ჯგუფის აზრს, ქცევას ან წესებს, თუნდაც შინაგანად არ ეთანხმებოდეს) მაჩვენებელი. ხშირ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები სწორედ ამ კოლექტიურ აზროვნებას უკავშირდება. ამიტომ, ვინაიდან ბავშვში ვავითარებთ კომფორმულობის კულტურას, შემდეგომში მას ეშინია საკუთარი აზრისა და ემოციების დაფიქსირება, სხვებმა არ დასცინონ, მასწავლებელი არ გაუბრაზდეს, თანაგუნდელებთან სუსტი არ გამოჩნდეს, რის გამოც ავტომატურად თრგუნავს საკუთარ განცდებს, ემოციურ დისბალანსსა თუ სხეულის სიგნალებს. გარდა ფსიქოლოგიური ჭრილისა, შესაძლო მიზეზებად არ გამოვრიცხავთ ფიზიოლოგიურ ფაქტორებსაც – კვება, დაღლილობა, ძილის ნაკლებობა და სხვა. პოსტფაქტორები – თუ რა ფსიქოლოგიურ გავლენას შეიძლება ახდენდეს თავად ბავშვზე პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდომა და შემდეგ წაქცევა, ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს სირცხვილისა და უსუსურობის განცდა, შესაძლო რეგრესია, ან მყისიერი სტრესული რეაქციის შემთხვევითი ფორმირება და ცირკულაცია.
– შესაძლებელია, რომ მსგავსი ინციდენტის შემდეგ ბავშვს სცენის, კამერების ან საჯარო გამოსვლის შიში განუვითარდეს?
– რა თქმა უნდა, ტვინი არის ორგანო, რომელიც აპროგრამირებს და იმახსოვრებს წარსულ გამოცდილებას, მნიშვნელოვანია თუ როგორ განმტკიცდება ჩვენს პრაქტიკაში განხორციელებული გამოცდილებები, პოზიტიურად თუ ნეგატიურად.
– თუ შეიძლება გვესაუბრეთ ორივე ფაქტორზე.
– დადებითი განმტკიცების შემთხვევაში სუბიექტში თავდაჯერებულობა მატულობს, ხშირად ავლენს იგივე ქცევას, შესაძლოა, თავად გახდეს ინიციატორი, რომ მსგავს სიტუაციებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ნეგატიური გამოცდილების შეძენის შემთხვევაში, ყველაფერი პირიქით ხდება. ამ კონკრეტული ინციდენტიდან გამომდინარეც რომ ვისაუბროთ, საჯარო გამოსვლისას ბავშვის ემოციური მდგომარეობა აღემატებოდა მის ნერვული სისტემის რეგულაციის უნარს. შედეგად, მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ გაითიშა. ლოგიკურია, რომ მსგავსმა ნეგატიურმა გამოცდილებამ საწყის ეტაპზე მიიყვანოს ბავშვი თავისამრიდებლურ, გაქცევით ქცევებთან, რა დროსაც მოზარდი შიშის შესამცირებლად მაქსიმალურად ეცდება მსგავს გარემო-სიტუაციებს თავი აარიდოს და რაც უფრო მეტად გაექცევა კამერებს, სცენებს ან საჯარო გამოსვლებს, მით უფრო მეტად გამძაფრდება შიში. შესაძლოა, მივიდეს სოციალურ შფოთვით აშლილობამდეც კი. მომხდარი ინციდენტი თუ არ დამუშავდება ფსიქოთერაპევტის მიერ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს შიში და ფობია გაფართოვდეს და გადაიზარდოს სოციალურ შფოთვაში, როცა ბავშვს შეაშინებს ნებისმიერი სახის ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუნდაც საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვა. ტვინი მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს, ასოცირებას ახდენს, ეს ნეგატიური გამოცდილება ბავშვმა მიიღო საჯაროდ გამოსვლის დროს, კამერების წინ, შესაბამისად, სამომავლოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ ტვინმა კამერები და სცენა საფრთხის სიგნალებად აღიქვას.
– რა გავლენას ახდენს არასრულწლოვანზე სოციალურ ქსელებში მსგავსი კადრების აქტიურად გავრცელება?
– მე გადავხედე სოციალურ ქსელში საჯარო განცხადებებს ამ ვიდეოსთან დავშირებით, პერსონალურ კომენტარებს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ადამიანს, ვინც ასე აქტიურად ამახვილებს არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ინციდენტზე ყურადღებას, ისეთივე წვლილი შეაქვს მის ტრავმირებაში, როგორც კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორებმა და თანაგუნდელებმა შეიტანეს. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, ეს აზრები ორად გაიყო. ორგანიზატორებმა თავის მართლება დაიწყეს, საზოგადოებამ კრიტიკული აზრი დააფიქსირა, თუმცა არცერთ ეტაპზე არ ჩანს ბავშვის ფსიქიკური კეთილდღეობის გათვალისწინება. ფაქტობრივად, ყოველდღე ახსენებენ მიღებულ ტრავმას. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ნეგატიური ამბავი ხდება, დროთა განმავლობაში ადამიანები ამაზე საუბარს წყვეტენ, ავიწყდებათ, ყურადღება გადააქვთ სხვა მოვლენებზე, აუდიტორიაც შედარებით მცირეა და მარტივად მართვადია, მაგრამ სოციალურ ქსელში ასეთი სახის ვიდეოს გაზიარება ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ვიმეტებთ, მუდმივად დაეუფლოს იგივე განცდა, რაც აფერხებს შეგუების პროცესს. ინტერნეტში ეს ვიდეო მუდმივად ხელმისაწვდომია, ამიტომ საშიშროებაა, რომ გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი. თუ კი ბავშვი ხედავს, რომ კონკრეტულმა ინციდენტმა რაიმე სახით დაცინვა გამოიწვია, შეიძლება უფრო რთულ ფსიქიკურ მდგომარეობამდე მივიდეს. ამიტომ აუცილებელია, ეს მასალები წაიშალოს ყველა სოციალური ქსელიდან, ბავშვთან და ოჯახის წევრებთან კი იმუშაოს ფსიქოთერაპევტმა.
– როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ბავშვებთან მუშაობა დიდ ღონისძიებებსა და პირდაპირ ეთერში?
– ამ ეტაპზე, როდესაც ინციდენტი უკვე მომხდარია, აუცილებელია, გაიმართოს შეხვედრა გუნდის ყველა წევრის მონაწილეობით, სასურველია თუ ფსიქოლოგიც დაესწრება. შეხვედრა მშვიდ გარემოში უნდა გაიმართოს და განიხილონ, რამ გამოიწვია ცუდად გახდომა და წაქცევა, რისი გაკეთება შეიძლებოდა პრევენციისთვის, ბავშვებს მკაფიოდ უნდა აუხსნან, რომ თუ თავს ცუდად იგრძნობენ, სრული უფლება აქვთ, უარი თქვან შოუში მონაწილეობაზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ აქვთ უფლება, თქვან „არა“, „არ მინდა“, „დავიღალე“, „დასვენება მჭირდება“, – ეს არ არის ბავშვის მხრიდან უპასუხისმგებლობა ან სისუსტე. ეს არის საკუთარი საზღვრების გაცნობიერებისა და საკუთარი თავის პატივისცემის გამოხატულება. ასევე, აუცილებელია თანაგუნდელებთან ერთად ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც გაზრდის ემპათიის განცდას და გააძლიერებს ურთიერთპატივისცემასა და მეგობრულ მხარდაჭერას. რაც შეეხება წინასწარ რისკების შემცირების საკითხს, ყველაზე პრიორიტეტულია დაცულობის გარანტია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. ღონისძიების ორგანიზატორებმა წინასწარ უნდა შეიმუშაონ და უზრუნველყონ პროტოკოლი, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, რომ ინციდენტის შემთვევაში გადაღება უნდა შეწყდეს, ასევე მშობლებთან, მონაწილეებთან და ღონისძიებაში ჩართულ სხვა პირებთან აუცილებელია წინასწარი შეთანხმება პირადი სივრცის, კონფიდენციალობისა და ვიდეომასალის გავრცელების წესებთან დაკავშირებით.
– საჭიროა თუ არა ბავშების წინასწარი ფსიქოლოგიური შემზადება პირდაპირი ეთერის წინ?
– აუცილებელია. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას არ მოეთხოვება, იყოს იდეალური და შეცდომის დაშვების შემთხვევაში არ დაისჯება, სასურველია, ღონისძიებამდე რამდენჯერმე დაიგეგმოს რეპეტიცია იმავე ან მსგავს გარემოში. ბავშვები წინასწარ გაეცნობიან სივრცეს, სცენას, ნაცნობ გარემოში ნაკლებად ექნებათ შფოთვა, ასევე, აუცილებელია ორგანიზატორებს შორის პასუხისმგებლობების მკაფიო გადანაწილება, ვინ აგებს პასუხს ბავშვის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, ვინ აკონტროლებს ბავშვების ემოციურ მდგომარეობას, გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას გადაღების შეწყვეტასთან დაკავშირებით და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების წინასწარ განსაზღვრა რისკების თავიდან არიდების მიზით.
– რა არის ის მთავარი პრინციპი, რაზეც საზოგადოებამ და მედიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს მსგავსი შემთხვევების დროს?
– მთავარი პრინციპია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა – ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, რომელიც ემყარება 4 ძირითად პრინციპს, დარღვეულია თითქმის ყველა – ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, სიცოცხლის, გადარჩენის უფლება და ბავშვის აზრის პატივისცემა. მედიამ და საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ბავშვის კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეიტინგი. მიმაჩნია, რომ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა არ უნდა შეეწიროს შოუს, კონტენტს ან საზოგადოებრივ ცნობისმოყვარეობას, რაც ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ იყო გათვალისწინებული. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ კამერების ჩართვისას ნებისმიერი მონაწილე ეთერის და შოუს საკუთრება არ ხდება ავტომატურად და არ შეიძლება, ორგანიზატორებმა გადავწყვიტოთ მონაწილის ბედი მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ მივიღოთ შექება უწყვეტი ლაივის ჩაწერისთვის.
– რას გვეტყვით თანაგუნდელების რეაქციაზე, რომლებიც თითქოს შეეცადნენ, რომ მათ მეგობარს დახმარებოდნენ?
– არანაკლებ საყურადღებოა თანაგუნდელების რეაქციაც, მათ ქცევას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ აქვთ სრული ემოციური გაუცხოება. ეს ნიჰილიზმის კლასიკური მაგალითია – იმისათვის, რომ თვითონ არ ყოფილიყვნენ უხერხულ მგომარეობაში, ან პასუხისმგებლობა არ აეღოთ საკუთარ თავზე და შენიშვნისთვის თავი აერიდებინათ, სრულიად უგულებელყოფილია თანაგუნდელის მდგომარეობა. დავინახეთ კომფორმულობაც – ორი გოგონა თითქოს ეცადა, დახმარებოდა, ირგვლივ მყოფებს შეხედეს, რას გააკეთებდნენ და როცა დაინახეს, რომ ჩვეულებრივად აგრძელებდნენ სიმღერას, გადავიდნენ კოლექტიურ აზროვნებაზე, პასუხისმგებლობა გაიფანტა. ძალიან მაშინებს მსგავსი არაჰუმანურობის მაგალითები ახალგაზრდებში, ეს მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ამ მიზეზებსა და რისკებზე მშობლები უნდა დაფიქრდნენ პირველ რიგში. ასევე, არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აქტიურ კვეთაშია ბავშვებთან ადრეული განვითარების ეტაპზე და შემდგომში, მოზარდობის პერიოდში. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ყველა მომავალი თაობისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენს თაობას აკლია პოზიტიური მაგალითები თანადგომისა და ემპათიის კუთხით, რაც ძალიან სამწუხაროა.
თამარ ლამპარაძე