როცა რწმენა შიშზე ძლიერია – ფილმი მამა გაბრიელზე
ბათუმში მხატვრული ფილმის „ბრძოლა – ბერი გაბრიელი“ კინოჩვენება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფილმის დახურული ჩვენება 11 ოქტომბერს, თბილისში შედგა, რის შემდეგაც ფართო მაყურებელმა მისი ნახვა კინოთეატრებში შეძლო.
ფილმი „ბრძოლა – ბერი გაბრიელი“ წმინდა მამა გაბრიელის ცხოვრებას ეხება. მისი რეჟისორი გიორგი კაჭარავაა, ხოლო მთავარ როლებს ზურა ავსაჯანიშვილი და ვახო ნოზაძე ასრულებენ. გადაღებები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც მიმდინარეობდა.
ფილმი მაყურებელს 1960-იანი წლების საბჭოთა საქართველოში აბრუნებს და მოგვითხრობს გოდერძი ურგებაძის ცხოვრების იმ პერიოდზე, როდესაც მან საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ უდიდესი გამბედაობა გამოიჩინა – ლენინის პორტრეტი დაწვა, რის გამოც დააპატიმრეს, მოგვიანებით კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაბრიელ ურგებაძე წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა.
რეჟისორი გიორგი კაჭარავა ფილმის შექმნის იდეაზე 12 წელი მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი დაბრკოლება გადალახა, თუმცა სირთულეების მიუხედავად ხელი არ აიღო ჩანაფიქრის განხორციელებაზე.
– ფილმის გადაღების იდეა დაახლოებით 12 წლის წინ გაჩნდა. 90-იან წლებში დავწერე წიგნი „ვინ არის იესო ქრისტე“. აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი მამა გაბრიელს წაუკითხავს და, როგორც მისმა სულიერმა შვილებმა მიამბეს, ამ ნაშრომის გამო მლოცავდა. მოგვიანებით, მცხეთაში გავიცანი დედა პარასკევა, რომელმაც მითხრა, რომ მამა გაბრიელს ჩემი წიგნი კელიაში ჰქონდა და მის წაკითხვას ყველას ურჩევდა. შემდეგ დედა პარასკევამ ბერი გაბრიელის შესახებ გადმომცა წიგნი. წავიკითხე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო აბსოლუტურად კინემატოგრაფიული და უაღრესად საინტერესო ისტორია. შემდეგ გარკვეული დრო ფაქტების შეგროვებას მოვანდომე, რადგან არ მქონდა უფლება, ეკრანზე ისეთი რამ მეჩვენებინა, რაც ზუსტად არ ვიცოდი. საბოლოოდ, ფილმი სწორედ ამ დაზუსტებულ მასალებზე აიგო. ფილმის გადაღების პროცესი ძალიან გაჭიანურდა და გართულდა. 12 წლის განმავლობაში პროექტი ყოველწლიურად შედიოდა კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, თუმცა დაფინანსებაზე ყოველ წელს უარს ვიღებდი. თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის პერიოდში სცენარი კინოცენტრში კიდევ ერთხელ წარვადგინე. ამჯერად პროექტმა გაიმარჯვა და მითითებული თანხის 75%-იანი დაფინანსება მოიპოვა. ვიცოდი, რომ ეს ფილმი მაყურებლისთვის მოულოდნელი იქნებოდა, რადგან, როგორც წესი, სულ სხვა რამეს ელოდნენ და ეკრანზე სულ სხვაგვარი ნამუშევარი იხილეს. ფილმს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც, სიმართლე გითხრათ, ველოდი კიდეც.
რაც შეეხება გეგმებს, მინდა მკითხველს ვუთხრა, რომ ვაპირებთ მობილური ჯგუფის შექმნას და ფილმის ჩატანას რეგიონებში, ასევე, უცხოეთში, ემიგრანტებისთვის ჩვენებას. საფესტივალო პერიოდიდან გამომდინარე, ფილმი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტში ვერ განთავსდება, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიორგი კაჭარავამ.
მამა გაბრიელის უსაზღვრო სიყვარული, სიკეთე, ადამიანებისადმი თანაგრძნობა და ის განსაკუთრებული ნათელი, რომელიც მის პიროვნებას ახლდა, ძალიან კარგად წარმოაჩინა მსახიობმა ზურა ავსაჯანიშვილმა. წმინდანის მხატვრული სახის შექმნისას მსახიობმა განსაკუთრებული ყურადღება მის შინაგან სამყაროს დაუთმო. მან მხოლოდ გარეგნული მსგავსების შექმნა კი არ სცადა, არამედ ბერი გაბრიელის სულიერი სამყაროს, ტკივილის, რწმენისა და პიროვნული სიმტკიცის გადმოცემაზე იმუშავა.
– ჩემთვის ეს ყველაფერი მარტივი არ იყო, რადგან ამხელა პიროვნების განსახიერება მიწევდა. მამა გაბრიელი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის სათაყვანებელი ადამიანია. მანამდე ეკლესიური ცხოვრების შესახებ მხოლოდ მის მაგალითზე ვიცოდი, თუმცა ნამდვილად არ მქონდა გაცნობიერებული, თუ ასეთი რთული და მტკივნეული გზა ჰქონდა გავლილი. ფილმში მთავარ როლს პირველად ვთამაშობ, თან ისეთი ადამიანის სახის შექმნა მომიწია, როგორიც მამა გაბრიელია. როდესაც როლზე დამამტკიცეს, დიდ სიხარულს შიში და მორიდებაც ახლდა. ღვთის წყალობით, მგონი, რაღაც გამომივიდა. ამაში, ალბათ, მამა გაბრიელის სულიც დამეხმარა, მე კი ძალ-ღონე არ დავიშურე, – გვითხრა ზურა ავსაჯანიშვილმა. აღსანიშნავია ვახო ნოზაძის შესრულებაც. იგი მაყურებელს საბჭოთა რეპრესიული სისტემის წარმომადგენელს აცნობს, რომლისთვისაც ადამიანის რწმენა და თავისუფალი არჩევანი მიუღებელია. მან შექმნა ძალიან მძაფრი სახე, რომელიც მამა გაბრიელს უპირისპირდება და შფოთვას, დაძაბულობასა და შინაგან ბრძოლას ასახავს.
– ფილმში საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) მაიორის როლს ვთამაშობ, რომელიც რუსეთიდან ჩამოდის და შემდეგ გენერალი ხდება. ასეთი ადამიანები ძალიან ცოტას საუბრობენ და დინჯები არიან. მე და ზურა, რომელსაც ფილმში ვებრძვი, რეალურად ერთმანეთისთვის ძალიან ახლო ადამიანები ვართ. გადაღებებისას მასზე ხელის შეხებაც კი ცუდად მხდიდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რაც საკმაოდ რთული იყო. აქვე მინდა მამა გაბრიელთან დაკავშირებული ერთი შემთხვევა გავიხსენო: ორი წლის განმავლობაში ხელის ძლიერი ტკივილი მაწუხებდა და ვერაფერმა მიშველა. ფილმის გადაღებების დაწყებამდე, მეუღლის თხოვნით, ეკლესიაში წავედი -12 წელი აღსარება არ მქონდა ჩაბარებული. წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ღამის ლოცვას დავესწარი, მამაოსთვის მინდოდა მეთქვა, რომ ჩემთვის კურთხევა მოეცა გადაღებებზე წასასვლელად, რადგან, მოგეხსენებათ, საკმაოდ სპეციფიკურ როლს ვთამაშობ. ტაძარში ყოფნისას უცებ ხელში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, ასეთი რამ არასდროს მქონია. გავიხედე და თურმე მამა გაბრიელის ხატთან ვდგავარ. გამაყუჩებლები სულ ჯიბით დამქონდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ წამალი აღარ მჭირდებოდა, რადგან ხელი საერთოდ აღარ მტკიოდა. მერე მითხრეს, ეს ხატი ადამიანებს იქვე კურნავსო, – გვითხრა ვახო ნოზაძემ.
კინოჩვენებას ემოციური განწყობა ახლდა. მაყურებლისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა მამა გაბრიელის ცხოვრების მძიმე ეპიზოდების ეკრანზე ხილვა. ფილმის დასრულების შემდეგ განხილვის მთავარ თემებად მსახიობების შესრულება, ისტორიული მოვლენების მხატვრული გააზრება და მამა გაბრიელის განსაკუთრებული სულიერი სიმტკიცე გახდა.
ნინო ახობაძე, მაყურებელი:
– ბედნიერი ვარ, რომ ღირსი გავხდი, მამა გაბრიელის შესახებ გადაღებული ფილმი ეკრანზე მენახა, რადგან წაკითხული სულ სხვაა და ვიზუალური აღქმა – სულ სხვა. სულ ჩამესმის ილია მეორის სიტყვები, რომ საქართველოს სინანული გადაარჩენს. ამ ფილმმა გვაჩვენა, თუ როგორ შესწირა თავი ადამიანმა უფალს. სწორედ ასეთ ფილმებზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა. რამდენი წმინდანი გვყავდა: გრიგოლ ფერაძე, ბეთანიელი მამები და სხვები… ხშირად სხვა ეროვნების ხალხი უფრო აფასებს ჩვენს წმინდანებს, ვიდრე ჩვენ. შემრცხვა კიდეც, რომ ცოტა ვიცით მათი ცხოვრების შესახებ. დღეს წიგნებს ნაკლებად კითხულობენ და მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, გამართეთ ამ ფილმის ჩვენებები სკოლებში იმ ბავშვებისთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს. ისინიც აუცილებლად შეიცვლიან განწყობასა და შეხედულებებს ეკლესია-მონასტრებზე. მადლობა უფალს, ტაძრები ღიაა და არაჩვეულებრივი მამები ქადაგებენ, მაგრამ, ალბათ, ეს საკმარისი არ არის. უფრო თვალსაჩინო ჩვენება ბევრად ძლიერად მოქმედებს. როგორც ხალხმა მიიღო პაისი ათონელის შესახებ გადაღებული ფილმი, მჯერა, არანაკლებ შეიყვარებს ამ ფილმსაც, ახალგაზრდებს დაანახებს, რომ ადამიანმა უფლისთვის ყველაფერი უნდა გაიღოს. დიდი მადლობა მის შექმნაში მონაწილე თითოეულ ადამიანს, უნიჭიერესები არიან და არაჩვეულებრივად თამაშობენ. ჩემი სურვილია, ყველაფერი, რაც ეკრანზე ვნახეთ, რეალობაშიც აღსრულდეს.
ლელა ჩხატარაშვილი, მაყურებელი:
– მამა გაბრიელის შესახებ იმაზე ბევრად მეტი შევიტყვე, ვიდრე მანამდე ვიცოდი. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი დიდი წამება ჰქონდა გადატანილი. ფილმი არის არაჩვეულებრივი და უძლიერესი. გადაღებაც საოცარია და მსახიობების შესრულებაც, უბრალოდ – ბრწყინვალე. საინტერესო ფილმია, თუმცა, რა თქმა უნდა, ემოციურად ცოტა მძიმეც არის, რადგან მის ვნებებსა და ტანჯვას ასახავს. მიუხედავად ამისა, ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოს, განსაკუთრებით – ახალგაზრდებმა, რადგან ძალიან ბევრ კარგ რამეს გაიგებენ მამა გაბრიელის ცხოვრებაზე და რწმენა მოემატებათ. მსახიობების თამაში ცალკე აღნიშვნის ღირსია, ყველა არაჩვეულებრივია, თუმცა განსაკუთრებით უნდა გამოვყო მთავარი როლის შემსრულებელი – ძალიან ჰგავს მამა გაბრიელს და ეკრანული სახეც უბადლოდ შეასრულა. ასევე, აღსანიშნავია, მაიორის სახე, რომლის განსახიერებაც იყო შესანიშნავი. ჩვენთვის, მაყურებლისთვის, ეს ყველაფერი ძალიან დიდი საჩუქარი აღმოჩნდა.
თამარ ლამპარაძე