რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი ზურაბაშვილი არიას ძალიან გამოცდილიო დიპლომატი. საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, ასევე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. დარწმუნებული ვარ, გიორგი ზურაბაშვილი მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.