„…საზოგადოებას, მთელ საქართველოს ემუქრება“
„მუქარის ახალი ხარისხია წინ წამოწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს ჰერჩინსკის ბრალი იყოს – იგი ინსტრუქციას ასრულებს, მით უმეტეს, მალე უმთავრდება საქართველოში საქმიანობის ვადა და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კარგი კანდიდატია ასეთი მუქარის გაჟღერებისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალთმაქცურად მოეფეროს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ჰერჩინკის განცხადება მუქარაა.
„ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირში კარგად ამჩნევენ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან კარგად იაზრებს მშვიდობის თემას, რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევებია და მნიშვნელოვანწილად ამ განზომილებითაც ხელმძღვანელობს, როდესაც ხელისუფლებას უჭერს მხარს. ეს არის მუქარა, რომ ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლისღვრა, დაპირისპირება არის სწორედ ის მიზანი, რომელსაც გაჰყვება ბრიუსელის ადმინისტრაცია, თუკი საზოგადოების ეს ნაწილი მორჩილი არ იქნება.
ადრე ხალხს მხოლოდ მათ ეძახდა, ვინც რუსთაველის გამზირზე იყო გამოსული, ახლა მთლიან საზოგადოებას ახსენებს, რომ მათ ხელეწიფებათ საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან და ეკონომიკურ ნგრევასთან. ეს არის მუქარა.
გახსოვთ პერსონალური მუქარა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიმართ გაჟღერდა, რომ თუკი იგი არ დაიხევდა უკან და არ მოიხრიდა ქედს, დაემართებოდა იგივე, რაც დაემართა ფიცოს, როდესაც მას ექვსი თუ შვიდი ტყვია ესროლეს. ეს პირდაპირ ევროკომისარმა უთხრა კობახიძეს, რომ იყოს დამჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იგივე მოუვიდეს, რაც მოუვიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს. შემდეგ იყო სხვა სახის მუქარა. ახლა მუქარის ახალი ხარისხია წინ წამოწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს ჰერჩინსკის ბრალი იყოს. იგი ინსტრუქციას ასრულებს, მით უმეტეს, მალე უმთავრდება საქართველოში საქმიანობის ვადა და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კარგი კანდიდატია ასეთი მუქარის გაჟღერებისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალთმაქცურად მოეფეროს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც ევროკავშირის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებას შეეხებოდა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ უნდა დაიბარონ და საქმიანი საუბარი უნდა შედგეს იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს და მის საზოგადოებას ის.
„ეს რომ ეხებოდეს მარტო სახელმწიფო სტრუქტურას, სამინისტროს ან მთავრობას, დაძაბულობის ამ ხარისხზე შეიძლება არც გადახვიდე და გააგრძელო პოლემიკა სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, მაგრამ საზოგადოებას, მთელ საქართველოს ემუქრება ადამიანი მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ახლა „ატლანტიკურმა საბჭომ“ გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა. შეიძლება რამე ისეთი იცის, რომელიც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, უნდა დაიბარონ – ეს პოლიტიკური დემარშიც არის და ამასთანავე, საქმიანი საუბარიც უნდა შედგეს, რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს და მის საზოგადოებას ჰერჩინსკი”, – განმარტა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.
ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედს“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.