სპორტი, კინო და გამარჯვების ისტორიები – ბათუმი ფესტივალ „ნიკეს “ მასპინძლობს
By

სპორტი, კინო და გამარჯვების ისტორიები – ბათუმი ფესტივალ „ნიკეს “ მასპინძლობს

ბათუმი კიდევ ერთხელ იქცა კინოსა და სპორტის შეხვედრის განსაკუთრებულ სივრცედ. 12 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქი სპორტული კინოს საერთაშორისო ფესტივალ „ნიკეს“ მასპინძლობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კინემატოგრაფისტებს, სპორტსმენებსა და სპეციალურ სტუმრებს აერთიანებს. ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში სპორტის, კინოს, ადამიანური გამარჯვების ისტორიებმა  ერთ სივრცეში მოიყარა თავი.

წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 17 ქვეყნის 28 ფილმია წარმოდგენილი – სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ნამუშევრები.

საკონკურსო ჩვენებების გარდა, ფესტივალის პროგრამა სპეციალურ და არასაკონკურსო ჩვენებებს, ქართული სპორტული კინოს რეტროსპექტივას, მასტერკლასებსა და კინემატოგრაფისტებთან და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მოიცავს.

„ნიკეს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია სპორტისა და კინოს ურთიერთკავშირის წარმოჩენა და სპორტული კინოს პოპულარიზაცია. ამასთანავე, ფესტივალი ხელს უწყობს საერთაშორისო პროფესიული ურთიერთობების განვითარებას და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, „ნიკე“ მხოლოდ ფილმების ჩვენების სივრცე არ არის – ის პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა ქვეყნის კინოსა და სპორტის წარმომადგენლების შეხვედრის პლატფორმადაც ყალიბდება.

წლევანდელი ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილი ქართული სპორტის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება. 11 სექტემბერს გაიმართება დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი სპეციალური ჩვენება და ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ გაახსენებს მაყურებელს ქართული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურის სპორტულ და კულტურულ მემკვიდრეობას.

ფესტივალის ფარგლებში ბათუმს უცხოელი რეჟისორები, პროდიუსერები, სპორტსმენები და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ. სპეციალურ სტუმრებს შორისაა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და სომხეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არმენ გრიგორიანი. ასევე, ნიდერლანდელი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი სკეიტბორდინგში და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქენდი ჯეიკობსი.

ფესტივალის დღეებში გაიმართება პროფესიული შეხვედრები და მასტერკლასები. უცხოელი სტუმრები ქართველ მაყურებელსა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, ისაუბრებენ სპორტული კინოს სპეციფიკაზე და იმ განსაკუთრებულ გამოწვევებზე, რომელიც სპორტის სამყაროს ეკრანზე გადმოტანას ახლავს.

„ნიკეს“ პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართული სპორტული კინოს მემკვიდრეობას. რეტროსპექტული ჩვენებების საშუალებით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, კვლავ იხილოს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ქართული ფილმები, რომლებმაც შემოგვინახეს ქართული სპორტის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და ლეგენდარული სპორტსმენების სახეები. ეს ნაწილი ფესტივალს კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას სძენს – თანამედროვე სპორტული კინოს პარალელურად, მაყურებელს ქართული სპორტის ეკრანზე შემონახულ ისტორიასაც უბრუნებს.

საერთაშორისო ჟიური საკონკურსო ფილმებს რამდენიმე კატეგორიაში შეაფასებს და ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს. საუკეთესო ნამუშევრებს გადაეცემათ ფესტივალ „ნიკეს“ პრიზები და სპეციალური ჯილდოები.

სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“ FICTS-ის – სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის – წევრია, რაც მას საერთაშორისო სპორტული კინოს სივრცესთან აკავშირებს და მის მონაწილეებსა და სტუმრებს პროფესიულად მნიშვნელოვან საერთაშორისო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.

ფესტივალი 12 სექტემბერს დასრულდება. 20:00 საათზე, ბათუმში, „SENATE“-ში (შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №14), გაიმართება საზეიმო დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ფესტივალის საერთაშორისო სტუმრები, კინემატოგრაფისტები, სპორტსმენები, საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“ მეორე წელია ბათუმში ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოში სპორტული კინოს საერთაშორისო პლატფორმის ჩამოყალიბებას – სივრცის შექმნას, სადაც ერთმანეთს ხვდება სპორტი, კინო, ისტორია, ემოცია და ადამიანური გამარჯვების ისტორიები.

ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *