სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და პოლიტიკური ტერორიზმი – მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები ვაშინგტონიდან
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში – „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ – მიიღო მონაწილეობა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში განხილვა განსაკუთრებით აქტუალურია.
„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა მსგავსი პროცესების სამიზნე და არაერთი მცდელობა ყოფილა მიმართული საზოგადოებრივი პოლარიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა საბაბით, ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას.
ასევე, გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე, ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეებზე. მისი შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ისე, საერთაშორისო ინსტიტუტების ავტორიტეტსა და სანდოობას.
„არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს“, – აღნიშნა მინისტრმა.
სიტყვის დასასრულს, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის აშკარა ფორმით არ ვლინდება და მისი წინააღმდეგობა დემოკრატიული სახელმწიფოების საერთო პასუხისმგებლობაა.
„ეს ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს, რადგან პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის, შეიძლება, გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით. ეს არის გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.