,,ჩემი ნაწერები ჩემსავით დაუდეგარნი აღმოჩნდნენ“
მწერალ ქეთი გაბინაშვილის მოთხრობებს ახლა არა მარტო ჩვენი, არამედ უცხოელი მკითხველიც ეცნობა. ამას წინათ მისი მოთხრობები და ნოველები ესპანურ, ამერიკულ და არგენტინულ სალიტერატურო ჟურნალებში დაიბეჭდა და მკითხველთა მოწონებაც დაიმსახურა, ქალბატონი ქეთი არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია, მწერალი მკითხველებთან შეხვედრისას მუდამ გულწრფელი საუბრით გამოირჩევა, ეს ინტერვიუც ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
– გზა, რომელმაც თქვენს შემოქმედებამდე მიგიყვანათ, როგორ და როდის დაიწყო?
– ამ გზას არ ირჩევ, ის თითქოს თავად გირჩევს. შენთვის არის განკუთვნილი, რამდენიც უნდა ეცადო, ვერ აერიდები, ზურგს ვერ აქცევ. თუკი ხიდან ერთი ფოთოლიც ვერ ჩამოვარდება განგების გარეშე, ადამიანი როგორ გაივლის უგანგებოდ ცხოვრებას?! ყველას თავისი საქმე აქვს, საკუთარი თვითგამოხატვის ფორმა. ჩემი და სამყაროს ურთიერთობის ეს ფორმაც ალბათ თავიდანვე განსაზღვრული იყო. მანამდე დავიწყე ამბების გამოგონება, სანამ წერას ვისწავლიდი. მცირე ასაკიდან ვწერდი, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი წელი დამჭირდა მისახვედრად, რომ საგნებსა და მოვლენებს მიღმა დანახული სამყარო, პერსონაჟები ჩემს თავში, ავადმყოფობა არ იყო და თავისით არ გაივლიდა, რომ უგულებელყოფით მათ გაჩუმებას ვერ შევძლებდი და ერთადერთი გამოსავალი მათი მოსმენა იყო. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება, ისევ ამ ჯახირში ვარ.
– პირველი შთაგონება, ვინ ან რაა ის ნაპერწკალი, რომელმაც სიტყვებით თვითგამოხატვასთან მიგიყვანათ?
– მე ყოველთვის ადამიანები შთამაგონებდნენ, ასეა დღემდე – ფიქრი იმაზე, რამ აქცია ადამიანი იმად, რასაც წარმოადგენს, რამ მიიყვანა კონკრეტულ მდგომარეობამდე, რამ განაპირობა მისი ქცევა, ვინ არის იმ ნიღაბს მიღმა, რომლითაც ქუჩებში დადის, რას ფიქრობს იმ წინასწარ ნამეცადინებ სიტყვებს შორის, რა არის, რისი თქმაც არ შეუძლია. ვფიქრობ, ყველა ადამიანის საწყისი სიყვარულია, ცუდი მის არსში არ დევს, უბრალოდ, ხანდახან ეს ყველა ჩვენგანს გვავიწყდება. ლიტერატურა, შესაძლოა, საკუთარი თავის დანახვის შესაძლებლობა იყოს, იმის გახსენება, რაც საკუთარი თავის შესახებ დაგვვიწყებია. . . ან იქნებ სარკეების მსხვრევაა წიგნი, რომ საკუთარ თავს თვალი მოვაშოროთ და ერთმანეთის დანახვა შევძლოთ.
– თუ თქვენს შემოქმედებით გზას სურათად წარმოვიდგენთ, რა ფესვები და ხაზებია გაბატონებული მასში?
– ჩემი დიდი ბებია 13 შვილის დედა იყო, 11 შვილის სიკვდილი ნახა და მაინც ძილის წინ თურმე ლოცულობდა: ღმერთო, აცხონე ქვეყანა და ამ ქვეყანაში ჩემი შვილებიც გარიეო. ესაა ჩემი ფესვები, ამ რწმენით და მორალით აღვიზარდე, რომ მარტო ბედნიერი ვერასდროს იქნები, ვერც პირადი კეთილდღეობა იქნება ქვეყანაზე დიდი. ამ ფესვებზე, ვდგავარ. დროა საჭირო, გაიგო, რა არის მიწის ზემოთ, როგორ განიტოტები, მზეში შენს ჩრდილში შემოუშვებ თუ არა ადამიანებს, მეწყერს შენი სხეულით შეაკავებ თუ არა, როგორი იქნება შენი ნაყოფი. . .
– გილოცავთ, ამას წინათ არა მხოლოდ ესპანურენოვან ლიტერატურულ გამოცემაში დაიბეჭდა თქვენი ნოველები, არამედ არგენტინულ ჟურნალშიც გამოქვეყნდა თქვენი მოთხრობა („თაია და მხატვარი“), გვიამბეთ ამის შესახებ. . .
– ჩემი ნაწერები ჩემსავით დაუდეგარნი აღმოჩნდნენ, სახლში გაჩერება არ შეუძლიათ. მიმდინარე წელს ჩემი ნოველების გაცნობის საშუალება მიეცათ ნიუ-იორკში, მაიამიში, მადრიდში, არგენტინის რამდენიმე გამოცემაში, იანვარში მექსიკაში დავიბეჭდები, 2027 წლის მაისში კი კოლუმბიის ერთ-ერთ ჟურნალში ნომრის მთავარი ავტორი ვიქნები და „ზოოპარკის ავტობუსი“ მივა ადგილობრივ მკითხველთან. აღნიშნული მოთხრობა ითარგმნა თურქულად, ხოლო კონკურს „ლილეს“ ფარგლებში, პრიზიორი მოთხრობა „ჩერმენის სახელოსნო“ ითარგმნა ინგლისურად და ორენოვან კრებულში შევა. ძალიან კარგი უკუკავშირი მქონდა ამერიკიდან და ესპანეთიდან, რედაქტორებმა გამოთქვეს სურვილი, კიდევ ერთხელ შემახვედრონ თავიანთ მკითხველს. ათზე მეტი გამოცემა განიხილავს ამჟამად ჩემს ნოველებს და ვათანხმებთ დაბეჭდვის დეტალებს… ვიღებ უცხოელი მკითხველის წერილებს და მიხარია, რომ ჩემი სათქმელი მათთან მივიდა, წაიკითხეს და რაღაც სათავისო იპოვეს. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრი და საინტერესო მოგზაურობა გველოდება.
– ხშირად იბეჭდებით ჟურნალებში. . .
– დიახ, ჩემი ნოველები იბეჭდება „ჭოროხში“, „ანეულში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „განთიადში“, „ცისკარში“, „ხორნაბუჯში“, „მწვანეყვავილაში“. . . მადლობა თითოეული მათგანის სარედაქციო გუნდს, ჩემთვის დიდი პატივია ამ ჟურნალებში მოხვედრა. ყოველთვის სიხარულით ველოდები ნომრის გამოსვლას. ცხადია, მომავალშიც სიამოვნებით ვითანამშრომლებ. ციფრულ ეპოქაში, როცა ყველაფერი ელექტრონულ ფორმატში გადადის, ძალიან მნიშვნელოვანია ბეჭდური გამოცემების შენარჩუნება, ეკრანსა და ფურცელზე სრულიად სხვადასხვა ემოციით კითხულობს ადამიანი. ამავდროულად, ეს მხოლოდ მწერლისა და მკითხველის შეხვედრის ადგილი კი არა, მწერლების დიალოგისთვის განკუთვნილი სივრცეც არის. გაძლევს საშუალებას, თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს ადევნებდე თვალს.
– როგორ რეაგირებს თქვენს შემოქმედებით აქტიურობაზე საზოგადოება?
– ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ქალბატონმა წიგნი მთხოვა, თან აღნიშნა, რომ უახლოესი ადამიანი გარდაეცვალა, ძალიან მძიმე პერიოდი აქვს ცხოვრებაში და ჩემი ნოველები ეხმარება ტკივილთან ბრძოლაში. შეუძლებელია, ამან შენზე არ იმოქმედოს, პასუხისმგებლობის გრძნობით არ აღგავსოს და არ მოგცეს ძალა. უდიდეს მოტივაციას მაძლევს თითოეული მკითხველი, თუმცა საზოგადოებრივ აზრს არ ვაძლევ უფლებას, მმართოს. იმას ვაკეთებ, რასაც ვგრძნობ, იმას და ისე ვწერ, როგორც მტკივა და როგორც მიხარია, თუ სხვებისთვისაც ახლობელი ხდება ჩემი ნაწერი, ძალიან კარგი, თუ ჩვენ სხვადასხვა გზით მივდივართ, არც ეს მცვლის. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი ჯვარი მიმაქვს და ჩემს კუთვნილ ყვავილებს ვკრეფ.
– ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ, როგორ განწყობას გიქმნით, როგორ დაახასიათებდით?
– საქართველო-პორტუგალიის მატჩის მეორე დღეს ქუჩაში რომ გამოვედი, ადამიანები კი არა, ქალაქიც გადასხვაფერებული მომეჩვენა. ამ ბეტონის ურჩხულებს შორის გეგონებოდა, მზეც აღწევდა, სუნთქვაც შეიძლებოდა, არც ეს საგზაო კოლაფსი მოგეჩვენებოდა ასე გაუსაძლისად. თავად ადამიანები ჰგავდნენ მზეს, გაღიმებულნი დადიოდნენ ქუჩაში და ისეთი ლამაზები, ისეთი ლაღები იყვნენ!.. გვიხდება გამარჯვება. თბილისსაც უხდება ბედნიერი და ღიმილიანი ადამიანები. ისე ქალაქის ადამიანი არ ვარ. განწყობისა და ჰარმონიისთვის ბუნება მჭირდება: ბათუმის წვიმა, ენგურის ბუბუნი, მთები მჭირდება და მიწა, რომ სამყაროს ნაწილად ვგრძნობდე თავს.
– ადამიანები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს პიროვნულ „მეს“. . . მაინც რას ანიჭებთ უპირატესობას ადამიანში?
– ალბათ ის ადამიანები გაძლიერებენ, რომლებიც გებრძვიან. ამ ბრძოლას ახლავს სულიერი გამოწრთობის რთული, მაგრამ აუცილებელი პროცესი. მნიშვნელოვანია, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გეტყვიან სიმართლეს, როგორი არასასიამოვნო მოსასმენიც უნდა იყოს ის. ციფრულ ეპოქაში ეს უკვე ძალიან რთული გახდა, ჩვენ გადავეჩვიეთ ერთმანეთთან ჯანსაღ ურთიერთობას. ადამიანებს შორის გაუცხოება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, არადა, ადამიანებს ერთმანეთი ძალიან გვჭირდება, სასიცოცხლოდ გვჭირდება, ვიცოდეთ, რომ არის ვიღაც, ვინც მხოლოდ კი არ მოგვისმენს, გაგვიგებს კიდევაც.
– რას ნიშნავს კარგი მკითხველი მწერლისთვის და სად შეიძლება თქვენი შემოქმედების გაცნობა?
– კარგი მკითხველი ის არის, ვინც უბრალოდ, არ კითხულობს და არ გეთანხმება ყველაფერში, ვინც სტრიქონებს შორის კითხვა იცის, ვინც მარტო იმას კი არ ხედავს, რასაც წერ, იმაზეც ფიქრობს, რის გამოც წერ. ვისაც შეუძლია, გედავოს კიდევაც, ვინც შეიძლება პერსონაჟების შემდგომი ბედით დაინტერესდეს. . . კარგი მკითხველი ძალიან დიდი ფუფუნებაა. ის შენ გაიძულებს, გაიზარდო, პასუხისმგებლობის გრძნობას გივითარებს, მხოლოდ კი არ წერ, მკითხველის თვალითაც უყურებ თითოეულ სიტყვას და რაც მთავარია, შენივე ნაწერის წაშლას სწავლობ. ეს მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელი პროცესია. ვფიქრობ, ამ მხრივ გამიმართლა. ნამდვილად მყავს რამდენიმე ისეთი მკითხველი, ვისიც მჯერა, ვუსმენ და ვის აზრსაც ვითვალისწინებ. ჩემი ცალკეული ნოველების წაკითხვა შესაძლებელია სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალსა და გაზეთში, ხელმისაწვდომია ელექტრონულ პლატფორმებზე, რაც შეეხება წიგნებს, ამ ეტაპზე ტირაჟი ამოწურულია, მომდევნო წიგნი კი, ნოველების კრებული „ადამის სკივრი“, უკვე დაკაბადონებულია და იმედია, მალე დაიბეჭდება, რის შემდეგაც გამომცემლობა თავად მიაწვდის მკითხველს ინფორმაციას, სად და როგორ შეეძლებათ შეძენა.
– შეჩერდი წამო! – მშვენიერების და სიდიადის აღქმისას თუ გინატრიათ წამის შეჩერება?
– სულაც ეგაა ცხოვრება, დაჭერილი და შეჩერებული წამების ერთობლიობა, წლები გადის და ეგ გრჩება მხოლოდ, ის წამები, რომლებიც შენში გააჩერე და ახლა გავსებს და გათბობს მათზე ფიქრი. ლიტერატურაც ეგაა ალბათ, დაჭერილი და შეჩერებული წამი.
– წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი ხართ, თქვენი გზავნილი დედამიწას. . .
– დედამიწას ორი ათასწლეულია აქვს გზავნილი: „იყუარებდეთ ურთიერთას“, მაგრამ დახშული გვაქვს გულის კარი…
– ნატვრა და ოცნება, რომელიც მუდამ თან გახლავთ და გსურთ, რომ ახდეს. . .
– მინდა, ისე არ მოვკვდე, რომ აფხაზეთი არ ვნახო… იმდენად ძლიერია ჩემი სურვილი, არ შეიძლება არ ამიხდეს!
ლაშა ხომერიკი