„ჩემს წარმატებას მხოლოდ პირად მიღწევად ვერ აღვიქვამ – ეს არის იმ ადამიანების დამსახურებაც, რომლებმაც სხვადასხვა ეტაპზე ჩემი შესაძლებლობები ირწმუნეს“
By

„ჩემს წარმატებას მხოლოდ პირად მიღწევად ვერ აღვიქვამ – ეს არის იმ ადამიანების დამსახურებაც, რომლებმაც სხვადასხვა ეტაპზე ჩემი შესაძლებლობები ირწმუნეს“

ნატო ბერიძე შუახევის რაიონის სოფელ მახალაკიძეებიდანაა. ამ სოფლის საშუალო სკოლაში ეზიარა დედაენის მადლს. დღეს უკვე ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, თბილისის მე-18 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.

ქალბატონო ნატო, რამ განაპირობა, რომ პედაგოგის რთული, მაგრამ საპატიო პროფესია აირჩიეთ?

– ეს უპირველესად, იმ ადამიანებმა განაპირობეს, რომელთა გვერდითაც გავიზარდე. ჩემი სკოლა განსაკუთრებული იყო იმით, რომ იქ საქმიანობდნენ პროფესიონალი, საქმის ერთგული და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები. მათი მაგალითი ჩემთვის მხოლოდ პროფესიული ორიენტირი კი არა, ცხოვრებისეული ღირებულებების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი საფუძველიც გახდა. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ჩემი სკოლის დირექტორი, ბატონი ზურაბ დარჩიძე. ის ჩემთვის მხოლოდ სკოლის დირექტორი არ ყოფილა – იგი იყო უფროსი მეგობარი, ადამიანი, რომლის რჩევა, დამოკიდებულება და კეთილგანწყობა დღემდე მაძლევს მოტივაციას. სამწუხაროდ, დღეს ის ჩვენს გვერდით აღარ არის. მინდა, მის ნათელ ხსოვნას პატივი მივაგო, სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა. ჩემი პროფესიული არჩევანის განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა, ბატონმა ზურაბ მახარაძემ. ის არის არა მხოლოდ საგნის შესანიშნავად მცოდნე პედაგოგი, არამედ თაობებისთვის მიმართულების მიმცემი და გზის გამკვალავი. სწორედ მისმა დამოკიდებულებამ ქართული სიტყვის, ლიტერატურისა და, ზოგადად, განათლების მიმართ დამაფიქრა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, რამდენად დიდი ღირსებაა პედაგოგის პროფესია. როდესაც დღეს ამ არჩევანს ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიული გზა სწორედ იმ ადამიანების გავლენით დაიწყო, რომლებმაც თავის დროზე სწორი მიმართულება მომცეს.

აჭარის მთიანეთში დაბადებულდაფრთიანებულ გოგონას დედაქალაქის პრესტიჟულ სკოლაში მუშაობა არ გაგიჭირდათ?

– ბუნებრივია, ეს გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ის გარემო, რომელშიც გავიზარდე, დამეხმარა ახალ სივრცესთან სწრაფად ადაპტირებაში. მთის სკოლამ და ბავშვობის გარემომ მასწავლა შრომისმოყვარეობა, ადამიანებთან ურთიერთობა, პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, მიზნისკენ შეუპოვარი სვლა. რამდენიმე სამსახურის გამოცვლის შემდეგ, როცა საბოლოოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესია ავირჩიე, მივხვდი, რომ ეს იყო ის სფერო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მომეცა, სკოლაში მისვლის პირველსავე წელს ჩავაბარე მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა, მოგვიანებით, სტატუსის ასამაღლებელი პროფესიული უნარების გამოცდა და დღეს ვარ წამყვანი მასწავლებელი. დედაქალაქის სკოლაში მუშაობამ, ერთი მხრივ, ახალი პროფესიული მოთხოვნების წინაშე დამაყენა, მეორე მხრივ კი, მომცა შესაძლებლობა, ჩემი გამოცდილება და ცოდნა უფრო ფართო და მრავალფეროვან საგანმანათლებლო სივრცეში გამომეცადა. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, საჭირო იყო ახალ რიტმთან, განსხვავებულ გარემოსა და პროფესიულ მოთხოვნებთან შეგუება. მაგრამ ეს პროცესი ჩემთვის სირთულეზე მეტად განვითარების შესაძლებლობა აღმოჩნდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აჭარის მთიანეთიდან წამოვიღე ადამიანური ურთიერთობების განსაკუთრებული კულტურა – უბრალოება, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის გვერდით დგომის ტრადიცია. ვფიქრობ, ეს ფასეულობები დედაქალაქის სკოლაშიც ძალიან დამეხმარა. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მე არა მხოლოდ შევეგუე ამ გარემოს, არამედ ამ გარემომაც ბუნებრივად მიმიღო და პროფესიული თვალსაზრისით, კიდევ უფრო გამზარდა.

უკვე აკადემიური დოქტორი ხართ, ისევ მასწავლებლად დარჩებით თუ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში წაიკითხავთ ლექციებს?

– ჩემი პროფესიული გეგმები ორივე მიმართულებით განვითარებას ითვალისწინებს. ერთი მხრივ, არ მსურს სკოლას და პედაგოგიურ საქმიანობას მოვწყდე, რადგან სწორედ სასკოლო სივრცეში ვხედავ ყოველდღიური პრაქტიკის, მოსწავლეებთან უშუალო ურთიერთობისა და ჩემი პროფესიული გამოცდილების მნიშვნელოვან ნაწილს. მეორე მხრივ, აკადემიური ხარისხი ჩემთვის ახალი შესაძლებლობებისა და სამეცნიერო საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან მაქვს საინტერესო შემოთავაზება მიწვეული ლექტორის პოზიციაზე, რაც ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. მომავალში, საკუთარ თავს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე აკადემიურ-სამეცნიერო სივრცეში ვხედავ და ვფიქრობ, ეს ორი მიმართულება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კი არა, ურთიერთშემავსებლად უნდა განვიხილო.

 – მახალიკიძეებს წარმატებული მეცნიერები, ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგში მოღვაწე ღირსეული ადამიანები არ აკლია. რის გაკეთებას აპირებთ მათი გზის გასაგრძელებლად?

– ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა იმ სოფლის შვილი ვიყო, რომლის ისტორიული წარსული მახალაკიძეების ციხის ნაშთებშია შემონახული და რომლის სკოლაც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ფრიდონ მახარაძის სახელს ატარებს. ასეთი ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობა ბუნებრივად მიჩენს განცდას, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი ცოდნით, შრომითა და კეთილსინდისიერი საქმიანობით უნდა გააგრძელოს წინაპართა და ჩვენი სოფლის ღირსეული ადამიანების გზა. ჩემი მიზანია, ერთგულად ვემსახურო განათლებასა და მეცნიერებას, არ მოვწყდე სასკოლო სივრცეს და, ამასთანავე, უფრო აქტიურად ვიმუშავო აკადემიურ-სამეცნიერო მიმართულებით. ვფიქრობ, სწორედ ცოდნის გაზიარებით, ახალგაზრდებთან ურთიერთობით, სამეცნიერო საქმიანობითა და იმ ღირებულებების ერთგულებით, რომლებზეც ჩვენი საზოგადოების წინსვლა დგას, შევძლებ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო როგორც ჩემი სოფლის, ისე ქვეყნის განვითარებაში. ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება იქნება, თუ ჩემი საქმიანობით ღირსეულად გავაგრძელებ იმ ადამიანების გზას, რომლებმაც თავიანთი შრომითა და მიღწევებით ჩვენი სოფელი ასახელეს.

სოფლის მკვიდრთაგან პირველი ქალბატონი ბრძანდებით, რომელმაც ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი მოიპოვეთ. რა იყო საკვლევი თემა?

– სიმართლე გითხრათ, აქამდე არც კი ვიცოდი, რომ ჩემი მშობლიური სოფლის მკვიდრთაგან პირველი ქალი ვიყავი, რომელმაც აკადემიური დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ამ ფაქტის გაცნობიერება განსაკუთრებით ემოციური და საპასუხისმგებლოა. სადოქტორო კვლევის თემაა — „ნასახელარ ზმნათა სტრუქტურული მოდელები სალიტერატურო ქართულსა და სამხრულ კილოებში“(ნაშრომი უკვე გამოიცა მონოგრაფიად). კვლევა ქართული ენის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს — ნასახელარ ზმნათა სტრუქტურულ თავისებურებებსა და მათ ფუნქციონირებას ეხება. ნაშრომში სალიტერატურო ქართული და სამხრული კილოები შედარებითი თვალსაზრისით არის შესწავლილი, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს როგორც საერთო კანონზომიერებები, ისე დიალექტური თავისებურებები. ჩემთვის ამ ხარისხის მოპოვება მხოლოდ პირადი წარმატება არ არის. ეს არის მრავალწლიანი შრომის, ცოდნის სიყვარულისა და პროფესიისადმი ერთგულების შედეგი. სასიხარულოა, თუ ჩემი მიღწევა ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის, იქნება იმის მაგალითი, რომ მიზანდასახულობითა და მუდმივი შრომით შესაძლებელია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და მეცნიერებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

ვის უმადლით ასეთ წარმატებას?

– განათლებისადმი დამოკიდებულება და ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება უპირველესად, ჩემი მშობლების დამსახურებაა, დედა ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩემს სწავლას — საოჯახო საქმეებით არ მტვირთავდა და მეუბნებოდა, რომ მთავარი სწავლაა. იყო პერიოდი, როდესაც სასკოლო სახელმძღვანელოები მშობლებს უნდა შეეძინათ, ოჯახში ოთხი დედმამიშვილი ვიზრდებოდით, ყოველთვის ვერ ახერხებდნენ სახელმძღვანელოების დროულად შეძენას. მახსოვს, დედა როგორ თხოუბლობა ჩემი თანაკლასელებისგან წიგნებს და ლამპის შუქზე მიკონსპექტებდა მომდევნო დღის მასალას. მისი ეს დამოკიდებულება ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერა იყო და დღეს, როცა მე თავად ვარ სამი შვილის დედა, კიდევ უფრო კარგად ვაცნობიერებ, რამდენად დიდია დედის გავლენა შვილის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. მამისგან კიდევ უფრო დიდ ძალას ვგრძობდი, ყოველთვის დაუღალავად მედგა გვერდით. მახსენდება, როგორ დავყავდი მოსწავლეთა კონფერენციებზე დასასწრებად ასეულობით კილომეტრზე, როდესაც დიდთოვლობის გამო შუახევის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა იკეტებოდა. მამასთან ერთად ფეხით გავდიოდი ამ გზას, რათა მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციას დავსწრებოდი. მისთვის ჩემი განათლება და განვითარება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დროს, ენერგიასა და გზის სირთულეს მნიშვნელობას არ ანიჭებდა. სწორედ ამ დამოკიდებულებამ დამანახა, რომ ჩემი წარმატება მხოლოდ ჩემი სურვილი კი არ იყო, არამედ ოჯახის საერთო რწმენა შვილის მომავლის მიმართ. მშობლების გარდა, წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბიძიას, დედის ძმას. ის არის ადამიანი, რომელმაც თავიდანვე დაიჯერა ჩემი შესაძლებლობების და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მქონოდა. მისი მხარდაჭერა წლების განმავლობაში იყო, და დღესაც არის, უდიდესი ძალა და მოტივაცია. ასევე, მადლიერი ვარ ჩემი დედმამიშვილების, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის გვერდით მედგნენ. ჩვენ ერთად გავიარეთ სტუდენტობის წლები, ძალიან რთული იყო ოჯახისთვის ერთდროულად სამი სტუდენტის შენახვა, თუმცა, ერთმანეთის თანადგომით, ოჯახისთვის რთული პერიოდი მარტივად გადავლახეთ.
– ჩემი სამეცნიერო გზის ამოსავალ წერტილად მიმაჩნია – აწ განსვენებული, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე. ის იყო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი. სწორედ მან დამანახა ამ კვლევის მნიშვნელობა, და დამარწმუნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას შევძლებდი. მისი პროფესიული ხედვა, ცოდნა და ჩემდამი ნდობა დღემდე ძალიან ძვირფასია. სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო ჩემი სადისერტაციო თემის დაცვას და დოქტორის აკადემიური ხარისხის მონიჭებას, თუმცა მისი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. ასევე განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ასოცირებული პროფესორის, ქალბატონ ქეთევან მარგიანისადმი, რომელმაც პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის შემდეგ გააგრძელა ჩემი სადოქტორო თემის ხელმძღვანელობა. მისი პროფესიული რჩევები, მხარდაჭერა და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო კვლევის საბოლოო ეტაპზე. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან ერთად, ჩემი პროფესიული ზრდის სადარაჯოზე იყვნენ და არიან სხვა პროფესორ-მასწავლებლები, კოლეგები და მეგობრები, რომელთა თითოეულმა სიტყვამ, რჩევამ თუ მხარდაჭერამ თავისი კვალი დატოვა. ამიტომ ჩემს წარმატებას მხოლოდ პირად მიღწევად ვერ აღვიქვამ – ეს არის იმ ადამიანების დამსახურებაც, რომლებმაც სხვადასხვა ეტაპზე ჩემი შესაძლებლობები ირწმუნეს და გზა გამიკვალეს.

იურისტის სპეციალობაც გაქვთ. . .

– იურიდიული განათლება ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მიღებული ცოდნა ჩემს პროფესიულ ხედვასაც ამდიდრებს. თუმცა, თუ არჩევანის წინაშე დავდგები და ერთ-ერთ მიმართულებაზე უნდა შევჩერდე, უპირატესობას მაინც ფილოლოგიას, განათლებასა და სამეცნიერო საქმიანობას მივანიჭებდი. იურისტის პროფესია ნამდვილად საინტერესო და პრესტიჟულია, მაგრამ ჩემი პროფესიული იდენტობა და მრავალწლიანი გამოცდილება უფრო მეტად ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებასა და მეცნიერების სფეროს უკავშირდება. ამ მიმართულებით ვხედავ მომავალში ჩემს თავს. ამასთან, იურიდიულ განათლებას გვერდზე გადადებულ ცოდნად არ მივიჩნევ. პირიქით, ვფიქრობ, სხვადასხვა სფეროში მიღებული განათლება ადამიანს გლობალურად აზროვნების უნარს აძლევს. სამართლებრივ განათლებას ცხოვრებისეული საკითხების გადასაწყვეტად და პროფესიული მიმართულებითაც აქტიურად ვიყენებ.

ქართველი კლასიკოსებიდან ვინ მოგწონთ?

– ქართველ კლასიკოს მწერლებს შორის რამდენიმე ავტორს გამოვარჩევდი, განსაკუთრებით, ილია ჭავჭავაძეს. მისი შემოქმედება ჩემთვის მხოლოდ მხატვრული ღირებულებით არ არის მნიშვნელოვანი – ილიას მთელი მოღვაწეობა დაკავშირებულია ეროვნული თვითშეგნების, განათლების, ქართული ენისა და ქვეყნის მომავალზე ფიქრის იდეასთან. ილიამ ერთმანეთთან დააკავშირა მწერლობა და საზოგადოებრივი აზროვნება, მისთვის სიტყვა მხოლოდ ლიტერატურული გამოხატვის საშუალება არ ყოფილა – მასში ყოველთვის იგრძნობა პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. კლასიკოსებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლი ვაჟა-ფშაველას, რომლის შემოქმედებაც ჩემთვის გამორჩეულია ადამიანის, ბუნებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის ღრმა გააზრებით. ვაჟას პერსონაჟებში ხშირად ვხვდებით თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობისა და პიროვნული არჩევანის წინააღმდეგობებით სავსე პრობლემებს, რის გამოც, მისი ნაწარმოებები დღესაც აქტუალურია.

პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, 3 ვაჟი აღზარდეთ. ვინ გედგათ გვერდით?

– უფლის წყალობასთან ერთად, ჩემს ყველაზე ერთგულ თანამდგომად, პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს მოვიაზრებ. სამი ვაჟის აღზრდა, ოჯახური პასუხისმგებლობები, სკოლაში მუშაობა, სწავლა და სამეცნიერო საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ამ გზაზე ჩემი მეუღლის მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო – ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემი პროფესიული მიზნები გაეთვალისწინებინა და ყველანაირად მიწყობდა ხელს. ჩვენ თანაბრად ვიყავით ჩართული როგორც საოჯახო საქმეებში, ასევე, შვილების მოვლასა და სწავლა-აღზრდაში. მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენი ოჯახის ურთიერთდამოკიდებულებას. ჩვენი შვილი კლინიკაში იწვა და მე მასთან ვრჩებოდი, რასაც უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების პერიოდი დაემთხვა. ჩემს მეუღლეს ბიბლიოთეკიდან მოჰქონდა სპეციალური ლიტერატურა, რომელსაც კლინიკაში ვაკონსპექტებდი და, შეიძლება ითქვას, ერთად ვემზადებოდით გამოცდისთვის. ეს იყო რთული პერიოდი, მაგრამ მაშინაც ძალიან მკაფიოდ ვიგრძენი, რომ ჩემს პროფესიულ მიზნებთან მარტო არ ვიყავი. შვილებიც ყოველთვის ცდილობდნენ, დედის დატვირთვა გაეაზრებინათ და შეძლებისდაგვარად დამხმარებოდნენ. მათ ესმოდათ, რომ სწავლა და სამეცნიერო საქმიანობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. ოჯახში გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი – „არა მე, არამედ ჩვენ“. ეს ლამაზი ფრაზა არ არის, ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი. როცა ერთ-ერთ ჩვენგანს უჭირს, დანარჩენები მის გვერდით დგებიან. როცა ერთ-ერთი წარმატებას აღწევს, ეს ყველას წარმატებაა. სწორედ ამ დამოკიდებულებამ მომცა შესაძლებლობა, ოჯახური და პროფესიული ცხოვრება ერთმანეთისთვის კი არ დამეპირისპირებინა, არამედ, ერთმანეთთან შემეთავსებინა.

დედაქალაქში ცხოვრება ვისი გადაწყვეტილება იყო?

– ეს მხოლოდ ჩემი ან მხოლოდ მეუღლის არჩევანი არ ყოფილა, ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილება იყო.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტს საყვარელ სასწავლებლად მიიჩნევთ. იქ მუშაობა ხომ არ ისურვებდით?

– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის მხოლოდ სასწავლებელი არ არის – ის ჩემი პროფესიული და პიროვნული ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ იქ გავიარე არაერთი ეტაპი, მივიღე ცოდნა და შევიძინე გამოცდილება. ამიტომ, ბუნებრივია, ამ უნივერსიტეტთან განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება მაქვს. თუ მომავალში შესაძლებლობა მომეცემა, სიამოვნებით დავუბრუნდები უნივერსიტეტს უკვე იმ გამოცდილებითა და ცოდნით, რომლებიც წლების განმავლობაში შევიძინე. ვფიქრობ, მშობლიურ აკადემიურ სივრცეში წლების შემდეგ ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნება განსაკუთრებით სასიამოვნო და საპასუხისმგებლო იქნებოდა.

ოთარ ცინარიძ

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *