ხელოვნება – საკუთარი მეს გამოხატვის ფორმა
ბათუმელი მხატვარი თამთა კოჩალიძე, რომელიც ბავშვობიდან ხატავს, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს. ფერწერის პარალელურად ტიხრულ მინანქარზე მუშაობს და სახლში სახელოსნოც აქვს. ჩვენი ინტერვიუერი გვესაუბრება თავის შემოქმედებაზე, შთაგონებაზე, თანამედროვე მხატვრების პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.
– როდის და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ხელოვნებასთან?
– ხელოვნებასთან ურთიერთობა ბავშვობიდანვე დავიწყე, რადგან ბიძაჩემიც ხატავდა და მეც გამიჩნდა სურვილი, უფრო ახლოს გავცნობოდი მხატვრობას. დროთა განმავლობაში ინტერესი გაღრმავდა და ხელოვნება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო სასწავლებელში და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რადგან არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურებით ბევრი რამ ვისწავლე. დავიწყე საკუთარი თავის ძიება, ძერწვა, ჩამოსხმები, უკეთ გავერკვიე გრაფიკასა და ფერწერაში, ასევე, შევისწავლე ტიხრული მინანქარი. ბავშვობიდან აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა გამოფენაში. პირველი გამოფენა 1999 წელს მქონდა და დღემდე ვაგრძელებ ამ საქმიანობას, არამარტო ბათუმში, სხვა ქალაქებშიც. იყო პერიოდი, როდესაც, პირადი ცხოვრების გამო, პაუზა ავიღე, რადგან ვსწავლობდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურას, შემდეგ კი ფსიქოლოგიას. ამ პერიოდში შევქმენი ოჯახი, მყავს ორი პატარა შვილი და არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ყოველთვის მეხმარება პიროვნულ განვითარებაში.

– ახლახან თქვენი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რა იყო მისი მთავარი იდეა?
– გამოფენა სამხატვრო სასწავლებელში გაიმართა და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გურამ ფუტკარაძეს, რომ მომცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის ჩემი შემოქმედება უფრო ახლოს გამეცნო. მთავარი იდეა, ალბათ, ის იყო, რომ მინდოდა მეჩვენებინა ჩემი ემოციები, ფიქრები და ისტორიები, რომლებიც თითოეულ ნახატშია ჩადებული.
– რომელია თქვენი საყვარელი მხატვარი და მოახდინა თუ არა გავლენა თქვენს შემოქმედებაზე?
– ბევრი მხატვარი მიყვარს, მაგრამ გამოვარჩევდი ამადეო მოდილიანს, რადგან მისთვის ადამიანის ხასიათისა და განწყობის გადმოცემაა მთავარი. რაც შეეხება გავლენას, ხატვის სიყვარული ოჯახიდან მომდგამს, ყველაზე დიდი გავლენა ბიძაჩემმა მალხაზ ზურა კოჩალიძემ იქონია, რომლის შემოქმედებასაც ბავშვობიდან ვაკვირდები და მისმა დამოკიდებულებამ ხელოვნებისადმი, მისმა სიყვარულმა ფერწერისადმი გამიღვივა სურვილი, გავმხდარიყავი მხატვარი და საკუთარი თავი ამ სფეროში მეპოვა.

– რას გაძლევთ ხელოვნება ისეთს, რასაც რეალურ სამყაროში ვერ პოულობთ?
– ვფიქრობ, ყველა ხელოვანს გვაქვს განსაკუთრებული ხედვა, სხვანაირი თვალით ვუყურებთ რეალობას. ფსიქოლოგიც ვარ და ხელოვნებასთან ურთიერთობას განსხვავებულად აღვიქვამ. ჩემთვის ხელოვნება მხოლოდ ფერები და ფორმები არაა, არამედ გზაა, რომლის საშუალებითაც შინაგან განცდებს გამოვხატავ. ხელოვნება მაძლევს იმას, რასაც რეალურ სამყაროში ხშირად ვერ ვპოულობ – შინაგან თავისუფლებას და სიმშვიდეს.
– ფერი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ ხატვისას და რატომ?
– ხატვისას კონკრეტულ ფერს არ ვიყენებ, ვიღებ ორ-სამ ან მეტ ფერს, მაგრამ, ძირითადად, ვირჩევ ცისფერს, თეთრს, ყვითელს და ყავისფერს, რადგან ჩემთვის სიმშვიდესთან და სინათლესთან ასოცირდება. მათი საშუალებით ნამუშევრები უფრო მშვიდი და დადებითია.

– როგორც ვიცი, სახლში სახელოსნო გაქვთ და ტიხრულ მინანქარზეც მუშაობთ…
– ახლახან დავასრულე სახელოსნოს მოწყობა ჩემი მეუღლის დახმარებით. ყველაფერი თავისი ხელით შექმნა, მხოლოდ მცირე დეტალები გვაქვს დასამატებელი და ნელ-ნელა შევმატებ.
– რამდენად განსხვავდება ხატვა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა ერთმანეთისგან?
– ხატვა და ტიხრული მინანქარი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ტექნიკით, ისე გამოხატვის ფორმით. ხატვაში საჭიროა შინაგანი შეგრძნება, ხედვა და ნიჭი, ხოლო ტიხრული მინანქარი უფრო დეტალურ სიზუსტეს, ტექნიკურ ცოდნასა და ნებისყოფას მოითხოვს.

– დღეს თანამედროვე მხატვრები რა პრობლემების წინაშე დგანან?
– თანამედროვე მხატვრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საკუთარი თავის სრულად გამოხატვა და რეალიზების სირთულეა, რადგან არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გამოფენაში, შემოქმედებით აქტივობებში ან ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ, რაც აუცილებელია მათი ნამუშევრების წარმოჩენისთვის. ასევე, ბევრი ნამუშევარი ვერ ფასდება სათანადოდ და გაყიდვის პროცესიც რთულია, ამიტომ მხატვრებს უწევთ მუდმივად ბალანსის დაცვა შემოქმედებით თავისუფლებასა და ფინანსებთან დაკავშირებულ რეალობას შორის.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდა მხატვრებმა არ დაკარგონ მოტივაცია?
– აუცილებელია, ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, რათა საკუთარი ნიჭი წარმოაჩინონ. გამოფენაში მონაწილეობის, შემოქმედებით პროექტებში ჩართვის და ნამუშევრების ფართო აუდიტორიამდე მიტანის მეტი გზა უნდა არსებობდეს. ამით მხატვარი მეტად იგრძნობს თავისი საქმის ღირებულებას და არ გაჩერდება, რათა თანდათან დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ხელოვნების სამყაროში.
– გაქვთ თუ არა დაგეგმილი ახალი გამოფენა ან პროექტი უახლოეს მომავალში?
– ამ ეტაპზე გამოფენას არ ვგეგმავ, თუმცა თუ საინტერესო პროექტი ან გამოფენა გამოჩნდება და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მექნება, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები.
ნინი ჩხარტიშვილი