ხელოვნება – სამყაროსთან კომუნიკაციის ენა
ხელოვანი ნატალია კლდიაშვილი თავის შემოქმედებაში მუსიკის ენერგიას, სივრცესა და ძვირფასი მასალების სიმბოლიკას აერთიანებს.
მისი ნამუშევრები მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსებისა და სხვა არაერთი ცნობილი ადამიანის კოლექციაში ინახება. ჩვენი ინტერვიუერი გვესაუბრება თავის შემოქმედებაზე, შთაგონებაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.
– როდის და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ხელოვნებასთან?
– ჩემი კავშირი ხელოვნებასთან ბავშვობიდან, სრულიად ბუნებრივად დაიწყო, რადგან ყოველთვის სხვანაირად აღვიქვამდი სამყაროს. დროთა განმავლობაში ეს გატაცება პროფესიად იქცა. საკუთარი თავის გამოხატვის მთავარი ინსტრუმენტი მასშტაბური კედლის ინსტალაციები, ქანდაკებები და სხვა უამრავი ნაკეთობაა. ჩემთვის ხელოვნება არა უბრალოდ საქმე, არამედ ცხოვრების წესი და სამყაროსთან კომუნიკაციის ენაა.

– რა არის თქვენი შთაგონების წყარო და რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ საქმიანობაში?
– ჩემი შთაგონება მრავალშრიანია და მოდის ყველაფრიდან, განსაკუთრებით მუსიკის რიტმებიდან, ენერგეტიკიდან, ბუნებისგან და თავად იმ მასალებისგან, რომლებსაც ვეხები. ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად მიზიდავს იდეის მატერიალიზაცია, როდესაც აბსტრაქტული ფიქრი თუ ბგერა ხელშესახებ ფორმას, ფაქტურას და ფერს იძენს.
– რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?
– პირველი ნამუშევრები ყოველთვის ექსპერიმენტებს უკავშირდება, როცა ფორმისა და მასალის თავსებადობას ეძებ, თუმცა, გარდამტეხი და პირველი სერიოზული განაცხადი ჩემთვის იყო გადასვლა მასშტაბურ ფორმებზე, სადაც დეტალების და მოცულობის სინთეზით სივრცის ტრანსფორმაცია შევძელი.
– რა მასალებითა და ტექნიკით მუშაობთ?
– ჩემი ტექნიკა მრავალმხრივია, როცა საქმე „ვეფხისტყაოსნის“ დიზაინს ეხება, ვიყენებ ნაწარმოებში ნახსენებ თვლებსა და ვერცხლს. ყოველი მასალა თავის ენერგეტიკას ატარებს, ინსტალაციებში კი მიყვარს სხვადასხვა ფაქტურის სინთეზი, სადაც ფორმა და განათება ერთიან დინამიკას ქმნის.
– როგორ მოხვდა თქვენი ნამუშევრები მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსთა კოლექციებში?
– ეს ძალიან ორგანული პროცესი იყო, რადგან მუსიკა ჩემი ცხოვრებისა და შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ერთ-ერთი მულტიმედიური პროექტი, „ბგერის ვიზუალიზაცია“, სწორედ მუსიკალური ინსტრუმენტებისა და მუსიკოსების სახეების ირგვლივ ავაგე. როდესაც ხელოვნებაში ზუსტად გარდასახავ იმ ენერგიას, რასაც მუსიკოსები სცენაზე ქმნიან, ეს მათთვის ძალიან ახლობელი ხდება. ასე იპოვა ბევრმა ჩემმა ნამუშევარმა ადგილი ისეთი საერთაშორისო არტისტებისა და მუსიკოსების კერძო კოლექციებში, როგორებიც არიან: ნიკ ვესტი, ქუინსი ჯონსი, რობერტ პლანტი, ჯამიროქუაი, მაილს დევისის მუზეუმშია მისი საყვირი, სნუპ დოგი, ლორენ ჰილი. ასევე, მინდა აღვნიშნო „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მიართვეს რომის პაპს, ილია მეორეს, მარკ ცუკერბერგს და სხვა მრავალ ცნობილ ადამიანს.

– რომელია თქვენი საყვარელი ნამუშევარი?
– რთულია ერთის გამორჩევა, ბევრ თემაზე ვმუშაობ: პლანეტები, ბგერის ვუზუალიზაცია, დრო, ილუზია, ედემში დაბრუნება, ალტერ ეგო და სხვა. თითოეულში ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპი და ემოციაა ჩადებული, თუმცა განსაკუთრებით მეძვირფასება პროექტი „სიტყვის ვიზუალიზაცია“ – „ვეფხისტყაოსანი“.

– როგორც ვიცი, გამომცემლობა „მინიატურასთან“ თანამშრომლობთ, გვიამბეთ ამის შესახებ…
– „მინიატურა“ ქეთევან ლაზარაშვილის პროექტია, სადაც უნიკალურ, ხელნაკეთ მინიატურულ გამოცემებს ქმნის. იგი აცოცხლებს ისეთ კლასიკურ ტექსტებს, როგორებიცაა „ვეფხისტყაოსანი“, ბიბლია, თორა, ყურანი, აშშ-ის კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუცია, სხვა მრავალი წიგნი. ეს არ არის უბრალოდ წიგნის ბეჭდვა, ეს არის თითოეული ეგზემპლარის ხელით აკინძვა, საიუველირო დიზაინის შემუშავება და წიგნის ხელოვნების ნიმუშად ქცევა, სადაც ბოლო შტრიხს მე ვაკეთებ შემკობით.
– როგორ აფორმებთ წიგნს და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფორმებისას?
- წიგნის გაფორმება იწყება მისი შინაარსის ღრმა გააზრებით. ვიზუალური მხარე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტექსტს და მის გაგრძელებად უნდა იქცეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ბალანსი, დეტალების სიზუსტე და ტაქტილურობა. ადამიანი წიგნს ხელში რომ იღებს, ყდის ფაქტურით, ქვის სიმძიმითა და ვერცხლის ორნამენტით უნდა იგრძნოს თვლების ენერგეტიკა. კონკრეტულად „ვეფხისტყაოსანი“ იმკობა ნაწარმოებში ნახსენები თვლებით.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად განსაზღვრავს ყდა წიგნის პირველ შთაბეჭდილებას?
- ყდა არის წიგნის სახე და პირველი დიალოგი მკითხველთან, რადგან განსაზღვრავს არა მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებას, არამედ განაწყობს ადამიანს ემოციური მოგზაურობისთვის, რაც წიგნის წაკითხვისას ელოდება. მდიდრული, ხელით შექმნილი ყდა წიგნს პირველივე წამიდან განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს.
– როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა და სტილი წლების განმავლობაში?
– ჩემი სტილი უფრო დახვეწილი, მინიმალისტური, მაგრამ ამავე დროს შინაარსობრივად უფრო ღრმა გახდა. თუ ადრე აქცენტს ფორმების ძიებაზე ვაკეთებდი, დღეს ზუსტად ვიცი, როგორ ავამეტყველო მასალა, როგორ შევუხამო ძვირფასი ქვის ფერი ინსტალაციის განწყობას ან როგორ ვაქციო ბგერა ვიზუალურ ხაზად. გავხდი უფრო მომთხოვნი დეტალებისა და საკუთარი თავის მიმართ.
– დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– ვგეგმავ ახალი, კიდევ უფრო დახვეწილი კოლექციების შექმნას და საზღვარგარეთ ჩვენი ხელოვნების უფრო ფართოდ წარმოჩენას, ასევე, ვმუშაობ ახალ საგამოფენო კონცეფციებზე, სადაც კვლავ გაგრძელდება მუსიკის, სივრცისა და მატერიალური ხელოვნების სინთეზი. გეგმები ყოველთვის შემოქმედებით ძიებასა და ახალი მასშტაბების ათვისებას უკავშირდება.
ნინი ჩხარტიშვილი