150-ზე მეტმა პირველკლასელმა ბზისა და მუხის ნერგი დარგო
ბათუმი საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვით ინიციატივას „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდა. პროექტის ფარგლებში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 150-ზე მეტმა პირველკლასელმა ბზისა და მუხის ნერგი დარგო.
მოსწავლეებთან ერთად ხეების დარგვის პროცესს შეუერთდნენ ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ხაზარაძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი თემურ ვასაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი და ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე.

პროექტის მიზანია, ადრეული ასაკიდანვე ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივა ბავშვებს გარემოს დაცვის პროცესში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს და ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას პრაქტიკული გამოცდილებით ასწავლის.
პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს დარგავს. ასევე სპეციალურად შეიქმნა ვებპლატფორმა-https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია პროგრამის, ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ.