„გმირის სიმღერა“ – მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი ბათუმის თოჯინების თეატრში
By

„გმირის სიმღერა“ – მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. „გმირის სიმღერა“ – ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც რეჟისორმა და მუსიკოსმა გია დიასამიძემ დადგა და მისივე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციით გააფორმა. სპეციალური მოწვევით პროექტის დამდგმელი ქორეოგრაფი გიორგი ბუკია გახლდათ, ქორეოგრაფი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სტუდია „ბთ არტ”-ის დამფუძნებელი თამარ ბერიძე.

პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სპექტაკლი „გმირის სიმღერა“, რომელშიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, ერთი ქალაქის მშვიდობიანი ცხოვრებისა და შეყვარებული წყვილის ისტორიას ეხება. მუსიკალურ-თეატრალური ფორმით წარმოდგენილი ამბის მთავარი გზავნილი მშვიდობის იდეისა და ადამიანური ფასეულობების აღქმა-გადაფასებას ეფუძნება.

პროექტის მიზანი ხელოვნების სასცენო დარგის განვითარება, სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის სტიმულირება, ხელოვანთა ხელშეწყობა, საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებში სხვადასხვა პროექტის წარდგენაა.

– ზუსტად ერთი წლის წინ, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გია დიასამიძის მუსიკალური ალბომის „უკანასკნელი ომი“ პრეზენტაცია. ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქორეოგრაფმა თამარ ბერიძემ სპეციალურად ამ საღამოსთვის რამდენიმე საცეკვაო ნომერი დადგა ქორეოგრაფიული სტუდია „ბთ არტ“-ის მოცეკვავეების მონაწილეობით. სწორედ მაშინ დაიბადა იდეა, მთლიან მუსიკალურ ალბომზე შექმნილიყო ქორეოგრაფიული სპექტაკლი. ვინაიდან სპექტაკლის რეჟისორი გია დიასამიძე და ქორეოგრაფი თამარ ბერიძე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები არიან, გადაწყვიტეს, სწორედ ხელოვნების უნივერსიტეტთან განხორციელებულიყო ეს პროექტი. მასში ჩართული იყვნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო, კინო-ტელე ხელოვნების და მუსიკის ფაკულტეტების სტუდენტები და პედაგოგები: აკაკი ჯაში, ნესტან ნიჟარაძე, ნანა კუპრაძე, გიორგი ფირცხალაიშვილი. სპექტაკლის ჩვენების პარალელურად, თოჯინების თეატრის ჰოლში მოეწყო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა ნახატების გამოფენა, რომლებიც სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა. მათი ხილვის საშუალება სპექტაკლზე ვიდეოპროექციის საშუალებითაც იყო შესაძლებელი. ქორეოგრაფიული სპექტაკლი „გმირის სიმღერა“ მიმდინარეობდა ცოცხალი მუსიკალური შესრულების ფონზე, რომელსაც სტუდენტებთან ერთად, ბათუმის მუსიკალური ცენტრის ორკესტრის მუსიკოსები ასრულებდნენ.

სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ცხადყო, რომ მსგავსი პროქტები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. იგი ხელს უწყობს ხელოვანთა შემოქმედებით სტიმულირებას და ასევე, ამრავალფეროვნებს ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, – გვითხრა პროდიუსერმა ხათუნა ჩაგუნავამ.

– სპექტაკლი არის ექსპერიმენტალური. ორიგინალურ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად, გამოყენებული იყო ვიდეოპროექცია. სტუდენტების ჩართულობა პროექტში მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენის კარგი საშუალებაა. ძალიან საინტერესო კოლაბორაცია გამოვიდა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის მონაწილე თითოეულ წევრს, – გვითხრა მუსიკის ავტორმა და რეჟისორმა გია დიასამიძემ.

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *