
ქალაქს ახალი ლიტერატურული სივრცე შეემატა
აჭარის მწერალთა სახლში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ახალი ლიტერატურული სივრცე მოეწყო მრავალფუნქციური დარბაზით, ბიბლიოთეკითა და შეხვედრების ოთახებით. სივრცე მწერალთა სახლის პირველ სართულზეა განთავსებული (შესასვლელი კლდიაშვილის ქუჩიდან) და ადაპტირებულია, რაც მის ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიურობას ზრდის.
პრეზენტაციას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე, მწერლები, პოეტები, კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
– ქალაქს კიდევ ერთი კულტურული კერა შეემატა, რომელიც შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ სივრცეში კულტურული ინიციატივების განხორციელება გახდება შესაძლებელი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კონცეფციაა და განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის იქნება კარგი – გაიზრდება მათი მოტივაცია, აქტიურად ჩაერთონ შემოქმედებით პროცესებში. მადლობა დავით თედორაძეს, მაია ხაჯიშვილს, რომლებმაც ამას თავის დროზე საფუძველი ჩაუყარეს და დღეს ასეთი ლამაზი სივრცე მივიღეთ. რა თქმა უნდა, აქ განსახორციელებელ პროექტებში აუცილებლად ჩაერთვება აჭარის კულტურის სამინისტრო. სივრცეს ბევრი ქართული საქმის კეთებას ვუსურვებ, – გვითხრა ელისო ბოლქვაძემ.
– ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთი პატარა სივრცე, სადაც ადრე ავტოფარეხები იყო, სრულიად აუთვისებელი გვქონდა. მერე ფონდმა „ქართუმ“ მწერალთა შენობა გაარემონტა, ერთიანი დიდი სივრცე მივიღეთ, რომელსაც არ ვიყენებდით… დანესტიანდა, გაფუჭდა აქაურობა. მაშინდელმა კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ასეთი სივრცის მოწყობა შემოგვთავაზა. შევისყიდეთ პროექტი, გამოცხადდა ტენდერი და… რემონტი, დაახლოებით, ერთი წელი მიმდინარეობდა. ერთი თვეა, რაც დასრულდა, დღეს კი ბათუმელები პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ. ეს სივრცე მარტო მწერალთა სახლმა კი არა, ფაქტობრივად, ქალაქმა შეიძინა. სამი ოთახიდან ერთი ბიბლიოთეკაა, სადაც მწერალთა სახლის მიერ გამოცემული წიგნების გარდა, წლების წინ გამოცემული (ცნობილი ადამიანების, მათ შორის, ნოდარ დუმბაძის, ზაურ ბოლქვაძის, ალი სამსონიას… ავტოგრაფებით) და მწერალთა კავშირის მიერ შეძენილი წიგნებიცაა; მეორე – „შეხვედრების ოთახი“ იქნება. ზოგჯერ ასეთი შეხვედრები დიდ ოთახს არ საჭიროებს. ძალიან კარგი სივრცე მივიღეთ, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება შეიძლება, მათ შორის, მასტერკლასების. გვინდა ახალგაზრდებისთვის მასტერკლასები სხვადასხვა თემაზე ჩავატაროთ. აქ შეხვედრებს არა მხოლოდ მწერალთა სახლი მოაწყობს, არამედ უნივერსიტეტები, სხვა დაწესებულებები, – აღნიშნა მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ.
– ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო სიახლეა – ნიჭიერებისა და ჭეშმარიტი ხელოვნების კერა. ვულოცავ ბათუმს და მადლობას ვუხდი იდეისა და მისი განხორციელების ავტორებს, – აღნიშნა მუსიკოსმა ნატო ორაგველიძემ.
პრეზენტაციის შემდეგ, მინისცენა მომღერალსა და კომპოზიტორ ნანა მესხს, მსახიობ ზვიად დოლიძესა და მუსიკოს ლევან ჩხაიძეს დაეთმოთ, რომლებმაც ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო „გვიანი დილა“ შემოგვთავაზეს.
მანანა ძიძიშვილი