ფერწერა, როგორც კოსმოსური მოგზაურობა
By

ფერწერა, როგორც კოსმოსური მოგზაურობა

„სხვა სამყარო“ – ასე ჰქვია თვითნასწავლი მხატვრის გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც 25 სექტემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გაიხსნა და 30 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

ეს არ არის მხოლოდ ნახატების რიგი, ეს არის შინაგანი მოგზაურობა, სივრცესა და დროს მიღმა გაბმული უხილავი ხიდი. ტუშითა და ზეთის საღებავებით შესრულებულ სიურეალისტურ კომპოზიციებში დამთვალიერებელი თითქოს სხვა განზომილებაში იძირება, სადაც ფიქრი უფრო ხმამაღლა ჟღერს ვიდრე სიტყვა და სადაც ემოციები თავად ქმნიან ახალ სამყაროს…

გიორგი მჟავანაძე გვიხატავს არსებებს, რომლებიც შორეულ კოსმოსში, უცხო გალაქტიკებში სახლობენ. ესენი არიან სულიერი ადამიანები, რომელთა სახეები განზრახ არ არის გამოსახული, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წარმოსახვით „დაასრულოს“ მათი სახე. ავტორი შეგნებულად გვიტოვებს თავისუფლებას, რომ ჩვენც ამ სამყაროს შექმნის თანამონაწილეებად ვიქცეთ.

– მეცნიერები დღემდე ვერ მივიდნენ საბოლოო დასკვნამდე, არსებობს თუ არა სიცოცხლე კოსმოსში. მეც მაქვს ეს კითხვა. ამიტომაც მოვუხმე საკუთარ წარმოსახვას, რომ წარმომედგინა, როგორი იქნებოდნენ იქ ადამოანები, როგორ იცხოვრებდნენ, რა გრძნობები ექნებოდათ, – ამბობს მხატვარი.

მისი „სხვა სამყარო“ უფრო მშვიდია, ვიდრე დედამიწა. აქ არ არსებობს შური, ჩაგვრა და სიკვდილი, აქ ადამიანები სიყვარულით ცხოვრებენ. „თუ ოდესმე შევხვდებით მათ, ვფიქრობ, მხოლოდ სიყვარულით უნდა მივიღოთ და ჩავეხუტოთ,“ – გვიზიარებს თავის აზრს გიორგი მჟავანაძე.

ნახატებში არის რაღაც ძალიან ინტიმური, თითქოს ავტორმა საკუთარ რწმენას, სურვილებსა და ოცნებებს ფორმა მისცა. მის მიერ დახატულ სამყაროში სიკეთე და სიყვარული არა მხოლოდ ლიტერატურული ცნებებია, არამედ ენერგია, რომელიც თითოეულ ნახატში სუნთქავს.

მხატვრობა წარმოსახვის დიდი პალიტრაა, ამიტომაცაა, რომ ყველა მხატვარს თავისი ხმა და ემოცია გადააქვს ტილოზე, – აღნიშნავს ავტორი, რომელიც არ აპირებს გაჩერებას და გვპირდება, რომ მომავალში „სხვა სამყაროს“ სერიას კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნობს.

გამოფენის დამთვალიერებელს 30 სექტემბრამდე აქვს შესაძლებლობა შეეხოს ამ იდუმალ სამყაროს, სადაც სხვაობა იშლება და მხოლოდ სიყვარული რჩება.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *