ბიძინა ივანიშვილი: სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ
By

ბიძინა ივანიშვილი: სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ

პარტია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს, სადაც „ოცნების“ მოღვაწეობის 13 წელია შეფასებული. პარტიის საპატიო თავმჯდომარე განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს ამ წლებს: „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა. პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა!

ეს დღე არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელიც ჩვენი წინაპრების შეგონების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულია და რომელსაც არასდროს დაუხრია თავი შიდა თუ გარე მტრებისთვის!“

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ქართველ ხალხს ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიის განმავლობაში გამოიმუშავა – ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაღუპვის საფრთხე მართლაც რეალური ხდება, ყოველთვის სწორ მხარეს ირჩევს, ახერხებს შავისა და თეთრის გარჩევას, დგება იქ, სადაც თავისუფლება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ღირსება და დამოუკიდებლობა ეგულება: „ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტისთვის, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ“.

მისი თქმით: „განვლილი 13 წელიწადი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა, მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით – დავკარგავთ. დაინგრევა, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია! კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს: სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება.“

ბიძინა ივანიშვილი საუბრობს შეცდომებზეც, თუმცა თვლის, რომ იმ ხარისხის არც ერთი არ იყო, საქართველოს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, წუხს პიროვნულ ღალატზეც: „პირადად ჩემთვის, მძიმეა იმის მიღება, რომ ჩვენს გუნდში იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა, ამასაც გავუძელით! ამ პროცესში, ქართული საზოგადოების, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას, გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო“.

მისი მტკიცებით: „ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ.

ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას.

მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა, უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ“.

ივანიშვილს მიაჩნია, რომ გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასება, ხოლო საზოგადოება შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი.

როგორც ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს: „ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენი ერთიანობის, 1 ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვრისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით, კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ.

მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს, ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს.“

ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს: „ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!“

 

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *