ეს იყო ხაფანგი – სალომე ზურაბიშვილის განცხადება პრეზიდენტის შენობის დაკავების მცდელობასთან დაკავშირებით
By

ეს იყო ხაფანგი – სალომე ზურაბიშვილის განცხადება პრეზიდენტის შენობის დაკავების მცდელობასთან დაკავშირებით

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა იყო ერთგვარი ხაფანგი.

„რაც მოხდა, იყო ის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა. უკვე ყველამ გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, დიდი ხნის წინათ მომზადებული, რომელიც ეფუძნება იმ რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. დაღლილობაც არის ამ პროტესტში, ყველაფერი, რაც ძალიან ბუნებრივია და ამაზე ითამაშეს, ამაზე მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, ისაუბრა რეჟიმის მთავარ სამიზნეზე და თქვა, რომ ეს რუსთაველის გამზირია, რომელზეც 300-ზე მეტი დღეა ადამიანები მშვიდობიანად აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გატარებულ პოლიტიკას.

„ქართველმა ხალხმა გამოიჩინა გამძლეობა, წინააღმდეგობა. აქ მყოფი სრულიად მშვიდობიანი საზოგადოება, რომელიც გამოდის და თავის სიტყვას ამბობს – „მე არ შევეგუები“ ამ ხელისუფლებას, რომელიც არის არალეგიტიმური, გაყალბებული არჩევნებით შედგენილი და შემდგომ, რომელმაც ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ მომავალს, „მე არ შევეგუები“ – ამას ამბობს თითოეული მოქალაქე, რომელიც აქ 312 დღეა მოდის და გააგრძელებს. რეჟიმის მცდელობა, ცხადია, არის ის, რომ რაღაცნაირად ეს რუსთაველი ან შეაშინოს, ან გააჩეროს, ან გადაიყვანოს სხვა რამეში, რომ მისი ხასიათი შეიცვალოს, თვითონ მოირგოს მშვიდობის მანტია და ჩვენ მოგვარგოს ძალადობრივი სურათი. ეს არ გამოვა.

ან ემუქრებიან ამ რუსთაველს, ან ცდილობენ, რომ უიმედობა გააჩინონ. აქ რომ ზოგჯერ ისმის „აბა, რა პერსპექტივაა“, „რა გეგმებია“ – არ შეიძლება, რომ იყოს კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორც დამთავრდება დიქტატორული, რუსული რეჟიმი. ჩვენ ერთობლივად ვებრძვით აქაურ დიქტატორულ რეჟიმს და მის ზურგს უკან მდგარ რუსეთს, ყველანაირად ეხმარება, ის სპეცსამსახურები, როგორც არჩევნების დროს დაეხმარნენ, ისე ეხმარებიან დღეს, ყველანაირად დგანან მის უკან და ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვებრძვით. ამიტომ, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელსაც არ გააჩნია მზა რეცეპტები და ვინც იტყვის, რომ მზა რეცეპტი არსებობს – ყველას გვინდა, რომ სასწაულის გვჯეროდეს, გასაგებია, არის ის დღეს, როცა შენ გინდა რაღაც ახალი იმედი, ამიტომ, მე არავის არაფერს ვაბრალებ. ყველასი მესმის, რაღაცნაირად დაუკმაყოფილებელი სურვილი, რომ ეს ჩქარა დამთავრდეს იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება მიდის და ჩემი, კიდევ უფრო, მაგრამ მოთმინება, გამძლეობა, მდგრადობა არის ის, რაც ყველაზე დიდი დამახასიათებელია ამ ხალხის, ვინც აქ დგას და ჩვენ ამით ვიამაყოთ და ამით გვქონდეს ჩვენი მთავარი იმედი და ნდობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *