რამაზ საყვარელიძე: საზოგადოება შეიკრა, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყო
4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას, გაზეთ „რეზონანსში“, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევებზე აკეთებს აქცენტს. მისი აზრით, ამ მხრივ საინტერესო ინდიკატორი ის იქნება, მიულოცავენ თუ არა დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას. „ეტიკეტი ხომ ამას ითხოვს. ჯერჯერობით არ ისმის ასეთი მილოცვები, რაც უკვე ნიშნავს, რომ მათი ხელი ერია გუშინდელ არეულობაში და ისინი საკუთარ თავს დამარცხებულად თვლიან“. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს, უბრალოდ, არ ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, ან თუ ასეთი გეგმა მაინც არსებობდა, ის „უხერხემლო“ იყო.
„მეც არ ვარ ჩახედული შიდა სამზარეულოში, თუმცა 13 წელია იძახიან – ხელისუფლების შეცვლის გეგმას წარმოვადგენთო. ამ ხნის განმავლობაში არაფერი წარმოუდგენიათ. ამ დროს გეგმა მარტივი რამეა: ადამიანს ოდნავ რომ გაურთულდება საქმე, დღის გეგმას ადგენს. რა გახდა ეს… გამოდის, ინტელექტუალური პოტენციალი აქვთ დაბალი. ყველამ მაპატიოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. გეგმა, უბრალოდ, არ არსებობდა, ან არსებობდა და უხერხემლო. ბურჭულაძე იძახდა: „იმდენი ხალხი მოვა, ხელისუფლებაც წავაო“. არ ხდება ასე. პოლიტიკური წარმოდგენები ადეკვატური არ ჰქონდათ“, – მიიჩნევს საყვარელიძე. მისი შეფასებით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მურთაზ ზოდელავას მიერ დაკავების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას დონორის ხსენება იმაზე მიანიშნებს, რომ აქცია დაფინანსებული იყო, სავარაუდოდ, უცხოეთიდან“, – აღნიშნავს საყვარელიძე.
„დონორები ვინ შეიძლება იყოს? უცხოეთი, ხომ? უკვე ზოდელავასთვის იმ მომენტში უკვე ცხადი იყო, საით მიდიოდა პროცესი. იქამდე ბურჭულაძესთან მხნედ მიაბიჯებდა, მაგ მომენტში კი უკვე იგრძნო მარცხი. როგორც ჩანს, სცენარიც კი, თუ როგორ მოიქცეოდნენ, გაწერილი იყო საზღვარგარეთიდან. სიტყვა „დონორი“, რადგან ახსენა, ნიშნავს ვიღაცას, ვინც აფინანსებდა. სავარაუდოდ, უცხოეთი იქნებოდა“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრით, შაბათის აქციის ჩავარდნა საპროტესტო გამოსვლების დასრულებას არ ნიშნავს. ვვარაუდობ, რომ ხელისუფლება რუსთაველის ღამის პროცესებს ჩააქრობს. მიუხედავად ამისა, მეეჭვება, რომ პროტესტები შეწყდეს, რადგან, როგორც ვთქვი, უცხოეთის საელჩოები ჩუმად არიან და ისინი გააგრძელებენ ძალისხმევას, ხელისუფლების შესაცვლელად, თუმცა არ მგონია, რომ ეს ძალისხმევა უფრო ჭკვიანური იყოს, ვიდრე წინა“, – განაგრძობს ანალიტიკოსი.
მისივე შეფასებით, 4 ოქტომბრის აქციის კრახი მისი ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების მარგინალიზებას ნიშნავს. ახლა კი, სავარაუდოდ, წინა პლანზე გამოვლენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ აქციაში არ მონაწილეობდნენ. „დიდი პროცენტით გუშინდელი ჩავარდნა ოპოზიციის მარგინალიზებაა, თუმცა ახლა უფრო აქტიურები გახდება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გუშინდელ პროცესებში არ იყო აქტიური. თუ არ ვცდები, დღესაც არის ჩანიშნული აქცია ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ინიციატივით, რომელიც გუშინდელი აქციის მიმართ კრიტიკული იყო“, – დასძენს საყვარელიძე, რომლის მტკიცებით, საზოგადოება უპრეცედენტოდ მობილიზდა, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყო.
„გავაცნობიეროთ, რა მოხდა – „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერმა ბურჭულაძემ, ასევე ზოდელავამ, გამოაცხადეს დამხობის მიზანი. ეს დაახლოებით იქნებოდა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში. ამ დაპირებამ, რომ დავამხოთ ხელისუფლება და მერე მოვიდეს „ნაცმოძრაობა“, ფაქტობრივად, აღადგინა 2012 წლის სულისკვეთება და მოსახლეობაში შექმნა სწრაფვა იმისკენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში დაუშვებელია. ამ სულისკვეთებამ ითამაშა დიდი როლი, რომ საზოგადოება უპრეცედენტოდ მობილიზებული აღმოჩენილიყო და „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური არეალიდან განედევნა“, – ასკვნის რამაზ საყვარელიძე.