აჭარის მთიანეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ორგანიზებულად ჩატარდა
ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ორგანიზებულად ჩატარდა. დილის 8 საათისთვის სამივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემა პროცედურების დაცვით წარიმართა. ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირებლებს დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.
***
დილიდანვე ამომრჩეველთა აქტივობა იყო ქედის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე. გამოცხადებულ ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტმა არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთა. ახლად არჩეულ 24-წევრიან საკრებულოში მმართველი პარტია 9 მაჟორიტარითა და 14 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით არჩეულნი არიან: ამირან ცინცაძე, რომან დავითაძე, რეზო თურმანიძე, ლევან ბერიძე, არჩილ გორგილაძე, მარინა ბარამიძე, მამუკა გოგოლიშვილი, მერაბ ტაკიძე, დურმიშხან შავიშვილი, მზია ბოლქვაძე, მურად დიასამიძე, გივი ლორთქიფანიძე, რამაზ თავდგირიძე, ზვიად არძენაძე. პოლიტიკურ პარტია „ლელოს“ პროპორციული სიით არჩეულია ჯამბულ შარაბიძე. მაჟორიტარად წარდგენილი 9 კანდიდატიდან მახუნცეთის, წონიარისის, ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულების საარჩევნო ოლქებში ლევან ვერძაძე, ამირან წულუკიძე, მერაბ ნაკაშიძე აირჩიეს, ისინი ადრეც საკრებულოს წევრები იყვნენ; პირველი მაისის, ოქტომბრის, მერისის, დაბა ქედის, ზვარეს, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულების საარჩევნო ოლქებში თენგიზ ყადიძე, რამაზ ალიქაძე, არკადი საკანდელიძე, ნაზიმ ჩხეიძე, ამირან დევაძე და ანზორ გოგოლიშვილი.
ქედის მუნიციპალიტეტის მერად, ამომრჩეველთა 91, 7 პროცენტის მხარდაჭერით, მამუკა თურმანიძეა არჩეული, რომლის კონკურენტმა რამაზ დავითაძემ ხმათა მხოლოდ 8,3 პროცენტი დააგროვა.

– ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდაჭერით და მტკიცე ნდობით საქართველომ გაიმარჯვა! ეს გამარჯვება არის მრავალი სასიკეთო საქმის დასაწყისი. მადლობა თითოეულ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის, ჩართულობისა და გამოცხადებული ნდობისთვის, რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ქედის მოსახლეობამ მტკიცედ გამომიცხადა ნდობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 4 წელი თავდაუზოგავად და დაუღალავი შრომით უნდა ვიდგე თითოეული თანარაიონელის სამსახურში. ვიზრუნებ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წინსვლისთვის, თითოეული ქედელის საკეთილდღეოდ. გპირდებით: ყოველთვის დავიცავ მათ ინტერესებს, გავამართლებ იმედებს! – თქვა მამუკა თურმანიძემ.
***
შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე უბანზე ვიმყოფებოდით. საღამოს 8 საათამდე ამ უბანზე სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 88 პროცენტზე მეტი გამოცხადდა.
დაბა შუახევის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად 10 საათზე მივიდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე, რომელსაც ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ. „არჩევანი გავაკეთე ქვეყანაში მშვიდობის სასარგებლოდ, შუახევის მეტი და გეგმაზომიერი განვითარებისთვის. ხმა მივეცი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას. მწამს, რომ მშვიდად და ორგანიზებულად დაწყებული საარჩევნო პროცესები ყველა პროცედურის დაცვით ჩაივლის და ამომრჩეველი ხმას მისცემს მშვიდობასა და კეთილდღეობას, – განაცხადა მერობის კანდიდატმა რომელსაც ამომრჩეველთა 90, 5 პროცენტმა მხარი დაუჭირა.

4 ოქტომბერს არჩეული შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო 9 მაჟორიტარითა და 14 პროპორციული სიით არჩეული წევრით განისაზღვრა. თითო-თითო წევრი ეყოლებათ „გახარიას“ და „ლელოს“.
***

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ბერიძე. მას ირაკლი ბოლქვაძისა და ზია საგინაძის სახით ავტორიტეტიანი კონკურენტები ჰყავდა, ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ამომრჩეველთა 85,4 პროცენტმა მხარი დაუჭირა: „მინდა ყველას მოგილოცოთ საერთო გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის გამარჯვება, ეს არის საქართველოს და იმ ხალხის გამარჯვება, ვინც დღეს აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და ღირსეული მომავალი. დღევანდელმა დღემ, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენს გუნდს, პარტია ,,ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში აქვს ძალიან დიდი ნდობა. ეს ნდობა იქნება გამართლებული ყოველდღიურად, მაქსიმალური შრომით. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. 13 მაჟორიტარიდან და პროპორციული სიით არჩეული 15 დეპუტატიდან 26 მმართველი პარტიის რიგებიდანაა“, – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.
ოთარ ცინარიძე