4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე 15 პირია იდენტიფიცირებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი დაკავებულია 13 პირი.
ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი.
2 პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.