
,,ლელო“ : ვწუხვართ, რომ საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ ბოიკოტის უკუშედეგში
პარტია ,, ძლიერი საქართველო – ლელოში“ მიიჩნევენ, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ბოიკოტი, იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა.
,,2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ბოიკოტი, იყო დიდი პოლიტიკური შეცდომა. რიგი პარტიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების გამუდმებული მოწოდება-აგიტაცია, რომ მოქალაქეები დაერწმუნებინა, არ დაეფიქსირებინათ თავიანთი საპროტესტო ხმა არჩევნებზე, პირდაპირ მოემსახურა „ქართული ოცნების“ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოებისა და მერების დონეზე. შედეგად დღეს ქვეყნის დედაქალაქს ჰყავს 20 %-იანი მერი!
დღეს უკვე ცხადია, რომ ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რომელიც ყოველთვის გადიოდა საარჩევნო ბრძოლასთან ერთად მშვიდობიან პროტესტზე, იყო ყველაზე სწორი პოზიციონირება და გამოსავალი შექმნილ ვითარებაში, მათ შორის, უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტის გასაძლიერებლად. ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო-ლელო“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მაჩვენებელი გააორმაგა და გაყალბების მიუხედავად, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე 100 000 – მდე ამომრჩევლის ხმა მოიპოვა, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდით.
„4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ავანტიურა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა მშვიდობიან პროტესტს. აქვე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მშვიდობანი პროტესტი მაინც გაგრძელდა. ჩვენ, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი, ყოველთვის ვიყავით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე და მხარდამჭერი.
ვწუხვართ, რომ საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ ბოიკოტის უკუშედეგში, რაც ივანიშვილის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ გაჩენილმა საარჩევნო ნიჰილიზმმა გამოიწვია.
ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ამისათვის ვიწყებთ რეგიონებსა და დედაქალაქში ჩვენს ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას. ვრჩებით საშტაბო რეჟიმში, რათა მოვახდინოთ ძალთა სრული კონსოლიდაცია და კიდევ უფრო ქმედითად დავუპირისპირდეთ ქართულ პოლიტიკაში არსებულ ორივე პოლიტიკურ პოლუსს – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ორპოლუსიანობაზე დგას სწორედ ივანიშვილის რეჟიმი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ე.წ. ქოც-ნაცური ორპოლუსიანი ველის გარდა, არსებობს რეალური პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს პროევროპელი მოსახლეობის 80 %-ის ნებას და შესწევს უნარი პოლიტიკური მართვის სადავეების ხელში აღების. სწორედ ამიტომ გახდა „ძლიერი საქართველო – ლელო“ ამ ორი ძალის სამიზნე“, – აცხადებენ ,,ლელოში“.