ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტის მთავარი აქცენტები და პრემიერ-მინისტრის მიერ მასთან გაუქმებული შეხვედრა
By

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტის მთავარი აქცენტები და პრემიერ-მინისტრის მიერ მასთან გაუქმებული შეხვედრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერმინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში 14 ოქტომბერს ჩამოვიდა და იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ იგი პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა, მოგვიანებით კი X-ის პლატფორმაზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ელინა ვალტონენი მიმართვაში აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ქვეყნის გეზის გამო შეშფოთებული მოქალაქეები:

მე თბილისში ვარ, პარლამენტის შენობის წინ. აქ იკრიბება მშვიდობიანი დემონსტრაცია. ნელნელა უამრავი ხალხი მოდის. აფრიალებენ ევროკავშირის, ნატოს და როგორც ჩანს, ფინეთის დროშებსაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანიასაქართველოს დროშას. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია გეზით, რომელსაც ეს ქვეყანა იღებს ხალხისთვის ძირითადი თავისუფლებების წართმევით, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებით და შეკრების თავისუფლებით. იმის თქმაც კი ზედმეტია, რომ ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ მათ მხარდასაჭერად“, – აღნიშნა თავის განცხადებაში ელინა ვალტონენმა.

14 ოქტომბერს ელინა ვალტონენი თბილისში, ასევე, შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფინელმა დიპლომატმა „ქართული ოცნების“ მთავრობას მოუწოდა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ ყველა დისკუსიაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვისკენ. მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს შიდა ვითარებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გადასცა ეუთოს სახელმწიფოებისა და ეუთოს ინსტიტუტების „სერიოზული შეშფოთების შესახებ“ საქართველოში არსებული ვითარების გამო და ისაუბრა მოქალაქეებისთვის არჩევანის მიცემის მნიშვნელობაზეც.

ჩვენ მოვუწოდებთ თავისუფალი, სამართლიანი და პროპორციული სამართლებრივი პროცედურისკენ ყველასთვის, ვინც დაპატიმრებულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებისთვის. ნებისმიერ დემოკრატიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ არჩევანი. ეს ეხება საქართველოსაც. ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იქნება, როგორი მთავრობა, როგორი მომავალი სურს. რაც შეეხება ეუთოს, ეს არის პრინციპები. და მართლაც, ჰელსინკის ფინალურ აქტში ჩამოყალიბებული ათი პრინციპი მოიცავს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობას, რაც საქართველოზეც სრულად ვრცელდება. მაგრამ ქართველ ხალხზეც ვრცელდება ადამიანის უფლებებიგამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკური მონაწილეობის თავისუფლება და ყველა ის თავისუფლება, რომლებიც გაწერილია ზოგად პრინციპებში. საჭიროა, საქართველოს მთავრობამ იპოვოს გამოსავალი ამ კრიზისიდან და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ხალხის ნდობის აღსადგენად“, – თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„საქართველო ყოველთვის იყო და რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ადვოკატად და ხელშემწყობად ჩვენს რეგიონში. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა, ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების და გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირთან შინაარსიანი, საქმეზე ორიენტირებული დიალოგის არსებობის მნიშვნელობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება შედეგისა და სარგებლის მომტანი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ბოჭორიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

მინისტრის თქმით, ასეთ გამარჯვებებს საბოლოო მიზნის მისაღწევად და ამ ბრძოლაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ეუთოს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა.

არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ, კონტექსტში საქართველოსთვის ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ეუთოს ფინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში თქვენ ეწვიეთ საქართველოს. ხვალ თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს, პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოს არის ის საფრთხეები, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვეძიოთ მშვიდობა და გზა მშვიდობისკენ სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით გავიაროთ.

საქართველოს ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა. ამ პროცესში ყველა ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი. დასასრულს, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, ვიზიტისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შემდგომი ვიზიტი იქნება ორმხრივ ფორმატში და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი“, – მიმართა მაკა ბოჭორიშვილმა ფინერთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში მყოფმა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა.

რომ იცოდეთ: ქუჩა, სადაც ეუთოს თავმჯდომარე (რომელიც ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია) დგას, დედაქალაქის მთავარი გამზირია. თქვენ თვალს ადევნებთ რამდენიმე ათეული რადიკალის სცენას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელი დააზიანეს, რომელთაგან ორი მძიმედ დაშავდა. ისინი გზას კანონის დარღვევით კეტავენ. საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც ეუთოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა, ყველგან შეკრების უფლების გარანტიას იძლევა და გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ტროტუარზე დიდი რაოდენობის ხალხის განთავსება შეუძლებელია. ფინელმა მინისტრმა შეიძლება ამის შესახებ არ იცოდეს, მაგრამ ვერ დაასახელებს ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ეს უფლება ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია. ასევე, ხედავთ, მინისტრის უკან, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც იმ რამდენიმე ათეულზე ათჯერ მეტი ხალხი, მათ შორის თავად ფინელი მინისტრი, ადვილად შეიძლება განთავსდეს მშვიდობიანი შეკრებისთვის, მოძრაობის გადაკეტვის გარეშე. ის, რასაც ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე აკეთებს, არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ეს, ასევე, არღვევს ვენის კონვენციის 41- მუხლს, რომელიც მიიღეს იმავე ქალაქში, სადაც ეუთოს შტაბბინაა განთავსებული“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა პლატფორმა X-ზე და დასძინა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ „მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს“.

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *