ირაკლი კობახიძე: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება, საქართველოში წაახალისოს რევოლუციური პროცესი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაუქმებულ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება, საქართველოში წაახალისოს რევოლუციური პროცესი“.
შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“.
მოგვიანებით, ფინურმა გამოცემა helsingin sanomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ ღამით აცნობეს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მათ ჩვეულებრივად ჰქონდათ ჩანიშნული შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმავდროულად ეუთოს თავმჯდომარის პოზიციასაც ითავსებს.
„შეხვედრა დაგეგმილი იყო და ველოდებოდით მას, სადაც გვექნებოდა საუბარი ყველა თემაზე. კითხვები თუ ექნებოდა, გაეცემოდა ამ კითხვებს პასუხი, თუმცა გუშინდელ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. რეალურად, ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ქუჩა იყო გადაკეტილი. ძალადობაზე არ არის საუბარი. ძალადობა არის შეკრების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მხოლოდ ერთი საფუძველი, მეორე საფუძველი არის, რაც კანონში გაწერილია – როდის შეუძლიათ შეკრების მონაწილეებს გზის გადაკეტვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას. გუშინ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი. კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო. მან ტყუილიც თქვა იქვე, უკვე აქციაზე და ამას დაამატა დილით მეორე ტყუილი. ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ პიკზე იყო, პირიქით, აქცია და არაფერი შემატებია ამ აქციას მას შემდეგ. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი. კატასტროფაა, როდესაც ევროპელი ლიდერები, ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს, ცრუპენტელობას – უფრო ზუსტი შესატყვისი რომ გამოვიყენოთ. რეალურად, გაუქმებაში თუ იმას გულისხმობს, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე გავიდა, კი, საფუძველი მან ამით შექმნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ „ევროპული ბიუროკრატია დასულია ბაია პატარაიას დონემდე“.
„როგორც ბაია პატარაია, ისევე იღებს ეს ქალბატონიც დავალებებს. არავითარი განსხვავება არ არის. ეს არის ყველაზე მეტად ტრაგიკული დღეს ევროკავშირის სივრცეში, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დასული ბაია პატარაიას დონემდე. ეს არის ყველაზე ტრაგიკული. რა დავალებასაც მისცემენ, იმას აკეთებენ. თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა? 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ხომ ტყუილის თქმა მოუწია, ხალხი ახლა იკრიბებაო, ფინეთის დროშები ფრიალებსო. სასწაულები ილაპარაკა. ბაია პატარაიაზე დაბალი დონეა. სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა. ეს არის რეალური სახე, რასაც გვიჩვენებს ჩვენ ევროპული ბიუროკრატია. სხვა ახსნა ამას ხომ არ აქვს. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ მიიღებენ რაღაც დავალებას და უნდა შეასრულონ ეს დავალება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.