მალხაზ დოლიძე – პურის ფასის გაძვირება საწარმოს სხვადასხვა ხარჯს უკავშირდება
პურის კონკრეტულ ასორტიმენტზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა, – ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მან სოციალური პროდუქტის გაძვირების მთავარ მიზეზად თანამშრომელთა ხელფასების ზრდა, დანადგარების მოვლა-პატრონობაზე გაწეული ხარჯები და წინა წლებთან შედარებით, ფქვილის გაძვირება დაასახელა.
დოლიძის თქმით, ე.წ. ყოველდღიური მოხმარების ქვის პური ორმა კომპანიამ გააძვირა – „იფქლი გლდანმა“ და „იფქლი დიღომმა“, სხვა კომპანიები კი ძველ ფასებს ინარჩუნებენ. პურის მცხობელთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ, სხვა პროდუქტებთან შედარებით, ქვეყანაში პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს.
„გუშინდელ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომ პური გაძვირდა – ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო. ორმა საცხობმა 10-10 თეთრით ერთ ასორტიმენტზე გაზარდა ფასი და აქედან, ამ 10 თეთრიდან, შვიდი თეთრი არის მეწარმის და სამი თეთრი არის მაღაზიის. ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია დომინოს პრინციპი, რამდენიმე მაღაზიამ, თვითნებურად, სხვა ასორტიმენტზეც გაავრცელა ეს საკითხი. მინდა, იცოდეთ, რომ პურის ფასი სტაბილურად არ შეცვლილა,“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ. მისივე თქმით, თუ შევადარებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე დაბალი ფასი პურზე საქართველოშია.
„მესმის, მტკივნეული პროცესია თითოეული თეთრი, სოციალური გარემოდან გამომდინარე, მაგრამ არის წარმოების აუცილებლობა, ისეთი, რომელიც გადაუდებელია, რათა ისევ კარგი და გემრიელი პური ვაწარმოოთ. გაძვირების მიზეზია ფქვილი, ხელფასები, ასევე, აქ არის დანადგარების მოვლა-პატრონობა. წარმოებას აქვს ძვირად ღირებული დანადგარები, იქ სამცვლიანი სამუშაოა და ცხელი გარემოა. განსაკუთრებით, როგორი ზაფხულიც იყო, მოგეხსენებათ. ვაკავებდით ხალხს, იმიტომ, რომ მუშახელის ნაკლებობაა პურპროდუქტებში, ხელფასების გაზრდას ითხოვენ და არის მთელი რიგი ისეთი მომენტები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია. ფქვილი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რვა ლარით არის გაძვირებული. შარშან იყო 52 ლარი, დღეს არის, დაახლოებით, 59-60 ლარი“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.