
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალისტები აკონტროლობენ როგორც რეალიზაციის პირობებს (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), ასევე ნიმუშების აღება ხდება სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით. „გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისაგანაც იწარმოება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებლზე მოწმდება, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა. კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.