მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღების სურვილი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს
By

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღების სურვილი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ძალიან წუხს, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მივიდა იქ, სადაც მივიდა“. მისივე თქმით, საქართველოს აქვს სურვილი ამ ურთიერთობის გაჯანსაღების, პოზიტიურ კონტექსტში გადატვირთვის და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ურთიერთობები წინ წავიდეს.

„ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა და ეს სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს გარკვეული შინაარსით შევსებული. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პერიოდიც დატვირთული იყო საკმაოდ მძიმე რიტორიკით, რაც გვესმოდა, შეიძლება არა სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე, შეიძლება არა უმაღლეს დონეზე, შეიძლება სხვა დონეზე, სხვადასხვა მხრიდან. თუმცა, ქართული საზოგადოების შეშფოთების მცდელობები ჩვენ ვიხილეთ. იყო იგივე „მეგობარი აქტის“ განხილვის პროცესი და მასთან დაკავშირებული განცხადებები, საკმაოდ აქტიური უილსონის სოციალური კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ „მეგობარი აქტი“ აღარ არის აქტუალური. სახელი ჰქვია ასეთი, თორემ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არაფერი საერთო არ აქვს ამას მეგობრობასთან და ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების საფუძველი. ეს აქტი არ განიხილება, არც მცდელობები, რაც იყო ამ აქტის სხვადასხვა აქტში გადატანის და შემოპარების, იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო რაიმე ფორმით მიღებული, ეს ამ წუთას არ განიხილება და არსად არ ჩანს, რომ ახლო მომავალში მსგავსი რამ იქნება. თუმცა, ჩვენთვის სასურველია, გვქონდეს გარკვეული სიცხადე იმ ინტერესებთან დაკავშირებით, რაც იქნებოდა ვაშინგტონიდან საქართველოსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე და აღნიშნა, რომ „ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასვლას ნიშნავს, როდესაც ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მეორე ქვეყანაში ჩადის და ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობს“.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქცევა მისთვის გასაკვირი არ იყო.

„ჩემთან შეხვედრის შემდეგ მისი ეს ნაბიჯი არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო პროგრამის ნაწილი, ეს არ იყო შეთანხმებული და ეს არ იყო წინასწარ გაწერილი, როგორც ეს ხდება ხოლმე ასეთი ვიზიტების დროს. კრიტიკას აქ არავინ გაურბის. ჩვენ, შეიძლება, ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ არსებობს რაღაც დადგენილი წესები, რომლის ჩარჩოებშიც ვმოქმედებთ. როდესაც ამ წესებიდან სრულიად უხეშად ხდება გასვლა, შენც რეაგირებ შემდგომ ამ ყველაფერზე. მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ამის გამართლება ნამდვილად ვერ მოხდება და ვერაფრით გავამართლებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება თავად ხედავს ამ ყველაფერს და აქვს შესაძლებლობა, განსაჯოს.

„ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას ძალიან სწორი აღქმა ჰქონდა ამ ყველაფრის. სამწუხაროა, რომ ასეთი ქმედებები აზიანებს ერთადერთ რამეს – ევროპის, ევროკავშირის, საკუთარი ქვეყნების რეპუტაციას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებით არც საქართველოს ხელისუფლებას დაჰკლებია რამე, არც „ქართულ ოცნებას“ დაჰკლებია რამე. დააკლდა ერთადერთ რამეს – ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის სახეს, რეპუტაციას, ეს არის ძალიან ცუდი და სამწუხარო“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *