კაია კალასი: ქვეყანა მიდის სრულიად სხვა მიმართულებით იმისგან, რასაც ევროპა წარმოადგენს
By

კაია კალასი: ქვეყანა მიდის სრულიად სხვა მიმართულებით იმისგან, რასაც ევროპა წარმოადგენს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით „რომელიც საქართველოში გაუარესებას განაგრძობს“. მან ასევე, აღნიშნა, რომ „ევროპელი ელჩების მიმართ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ამას დიპლომატიაში ადგილი არ აქვს“.

კაია კალასმა ყურადღება გაამახვილა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ და თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კომისიას შესთავაზეს სანქციების რამდენიმე ზომა, მაგრამ ამ დროისთვის ვერ შეძლეს მათი მიღება, რადგან ყველა წევრისგან მხარდაჭერა არ აქვთ. მისივე ინფორმაციით, ევროკომისია მოგვიანებით, მიმდინარე წელს წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, ასევე, სავიზო რეგულაციებს და გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით შეთავაზებას.

კითხვაზე, განიხილავენ თუ არა საქართველოს კვლავ კანდიდატ ქვეყნად, კალასმა უპასუხა, რომ ამ ზომებით, ეს შეუძლებელია.

„ეს სწორედ ის შეშფოთებაა, რომელიც წევრმა სახელმწიფოებმა წამოაყენეს. სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტებისთვის სივრცე ნამდვილად მცირდება და ის ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება იმ წესებს და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირში ვაფასებთ. რაც შეეხება შეკითხვას წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამ ზომებით, შეუძლებელია განვიხილოთ ეს, რადგან ქვეყანა მიდის სრულიად სხვა მიმართულებით იმისგან, რასაც ევროპა წარმოადგენს“, – განაცხადა კაია კალასმა.

„ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი იყო, ევროკომისრებს და მინისტრებს 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი დაეგმოთ“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით: „ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე“.

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *