„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა
By

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით, აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. მასში მონაწილეობენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გახსნითი პანელი – მაღალი დონის დიალოგი რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მონაწილეობით იმართება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ასევე, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

ღონისძიება ამჯერადაც წარმომადგენლობითი, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და გლობალური ლიდერების შეკრებას უმასპინძლებს – 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს. ფორუმის მონაწილეთა შორის არიან რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე, რეგიონს მიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – გაეროს, „მსოფლიო ბანკის“, „აზიის განვითარების ბანკის“, „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ბისეკი) და სხვ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე, ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემა და სლოგანი წელს არის Invest in Connectivity – Grow in Stability.
გაიმართება შვიდი პანელური დისკუსია საერთაშორისო ვაჭრობის, „შუა დერეფნის“, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე. ძირითადი პანელების გარდა, პარალელურ ღონისძიებებსა და დისკუსიებზე ყურადღება გამახვილდება რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტებზე (როგორც ენერგეტიკული, ასევე ციფრული). 23 ოქტომბერს კი ფორუმის ფარგლებში თბილისის ფინანსური სამიტი ჩატარდება. მთავარი პანელების გარდა, ორი დღის განმავლობაში ფორუმის ფარგლებში გაიმართება პარალელური ღონისძიებები, მათ შორის, ორმხრივი ბიზნესშეხვედრები სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლებს შორის.

  • No Comments
  • ოქტომბერი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *