ნიკოლ ფაშინიანი: შევქმენით საფუძველი, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს კავკასიას
თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე, გახსნით პანელზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პროექტებისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა კავკასიის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. სახელწოდებითაც ჩანს, რომ ეს ღონისძიება უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირებისთვის, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტებისთვის, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ახალ იდეებს. 2024 წლის ნოემბერში, ამ პლატფორმის შედეგად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროექტი განხორციელდა, რაც, პრინციპში, მხარდაჭერის მექანიზმად გადაიქცა და ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მას მხარი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია რეგიონული, საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარება. მან აღნიშნა, რომ რეგიონში სატრანსპორტო პროექტები კონკურენტული არ არის, ეს მარშრუტები ერთმანეთს შეავსებს და სამხრეთ კავკასიის პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
„ვაშინგტონის დეკლარაციის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შავი ზღვის რკინიგზის გახსნა გაზრდის სატრანსპორტო პოტენციალს არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანისთვისაც. ეს სამშვიდობო დიალოგი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის პროექტი, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაალაგებს და სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ზრდას ნიშნავს. ეს არის ის ურთიერთობა, რომელიც საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ, რომ ჩვენს რეგიონს სტაბილურობა ჰქონდეს მუდამ. ფაქტია, საბოლოო ჯამში, შევქმენით საფუძველი, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს კავკასიას. ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.