
„ჟურნალისტი ომშიც კი ხელშეუხებელია, ყველას უნდა ახსოვდეს ეს“ – სოლიდარობის აქცია ბათუმში
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ცნობისთვის: შსს-მ ბოლო დღეებში ტელეკომპანია „ფორმულას“ სამი ჟურნალისტი ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია აქციაზე გზის გადაკეტვისთვის დააკავა. ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ქეთი ციცქიშვილს – 5-დღიანი, ხოლო ცირა ჟვანიას – 10-დღიანი პატიმრობა.
„ვინ ამხელს კორუფციას თუ არ იქნება მედია?“, „ქუჩის გადაკეტვა კრიმინალი არ არის“, „შეწყდეს კრიტიკული მედიის დევნა“, „თუ არ იქნება მედია, ვინ დაიცავს შენს უფლებებს?“ – ამ ტრანსპარანტებით ჟურნალისტებმა კოლეგების დაკავება გააპროტესტეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება, მოქალაქეების დაშინებისა და დასჯის მცდელობაა, რომელიც „მათ არ გაუვათ“.
„სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგებს, რომლებსაც იჭერენ, რომლებზეც ძალადობენ. ნამდვილად ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, თუ თითოეული ადამიანის უფლება დაცული არ იქნება, თუ ჟურნალისტებს არ გვექნება სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ჟურნალისტი ომშიც კი ხელშეუხებელია, ყველას უნდა ახსოვდეს ეს“, – აღნიშნა ჟურნალისტმა მარიკო კეკელიძემ.
– მე ასე ვსვამ კითხვას – სოლიდარობის აქციაზე რატომ არ დგანან დღეს ის ჟურნალისტები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ აქვთ შექმნილი სასათბურე პირობები? პროპაგანდისტულ მანქანაში რატომ არიან ჩართული და რატომ ჰგონიათ, რომ ეს პროცესები მათ კარზე არ მიაკაკუნებს? ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ დღეს, ეს არის სცენარი, რომელიც რუსეთში განვითარდა. მიმაჩნია, რომ ამ გზას დაადგა საქართველოც. ქართული მედია ჯერ შემზღუდავი კანონებით სცადეს, რომ დაედუმებინათ ბოლომდე, მაგრამ რადგან ვერ დაადუმეს და მაინც პატიოსან სიტყვაზე, ენთუზიაზმზე მუშაობს ზოგიერთი ორგანიზაცია, ახლა გადაწყვიტეს, დაკავებები დაიწყონ და ამით შეაშინონ დანარჩენები. ჟურნალისტს აკავებენ პირბადის გამო, გზის გადაკვეთის გამო, უკვე მიზეზიც არ სჭირდებათ, ამათ სჭირდებათ იყოს მსუსხავი ეფექტი სხვების გასაჩუმებლად. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ გახრწნა იწყება ქართული მედიის. კრიტიკულ მედიას უპირებენ დადუმებას და დანარჩენს ვისაც დაიტოვებენ, იქნება პროპაგანდისტული მედია. ბოდიშსაც აღარ მოვიხდი იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც ამას ახლა ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ ეს აუცილებლად დააზარალებს ყველას, დააზარალებს სახელმწიფოს, თითოეულ მოქალაქეს. არცერთი მოქალაქის ხმა, არცერთი პრობლემა, რაც აწუხებთ მათ, არ იქნება გაჟღერებული, რადგან რეჟიმს სწორედ ეს უქმნის დისკომფორტს. იმის გამო გვდევნიან, რომ მოსახლეობის პრობლემებზე ვწერთ, ვლაპარაკობთ, ვამხელთ კორუფციას, ნეპოტიზმს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ჩვენ რომ ვიყოთ გაჩუმებულები, არ ვიქნებოდით დევნის ობიექტი და ჩვენც შეგვიქმნიდნენ სასათბურე პირობებს, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა და იმიტომაც ვდგავართ ქუჩაში. აუცილებელია ეს სოლიდარობა გამოხატოს ყველამ, – აღნიშნა ჟურნალისტმა ნაზი რეხვიაშვილმა.
ნანა აბულაძე