
ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად
„ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. 2023 წლის დეკემბერში, როდესაც პოლიტიკაში დაბრუნდა, ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით. მე პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად“, – განცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„მინდა შეგახსენოთ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის (ბიძინა ივანიშვილი)დაბრუნდა პოლიტიკაში, ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე, გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა დრო. შარშანდელი წელი იყო ძალიან რთული, იყო არჩევნები, სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. დღეს საქართველო ძლიერი და დამოუკიდებელია, როგორც არასდროს და ახერხებს გამოწვევებზე პასუხის გაცემას. ამ პირობებში გაგვიმარტივდა ქვეყნის შიგნით არსებულ დესტრუქციასთან, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლა. როდესაც გარედან მუდმივად ცდილობენ გარყიონ ხელოვნურად, საბოლოო ჯამში, ეს ასუსტებს სახელმწიფოს, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც.
დღეს კორუფციასთან ბრძოლის ყველანაირი რესურსი გვაქვს და განვახორციელებთ მის პრევენციას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. შეგიძლიათ ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი აქტი, ტენდერი, პრივატიზაცია და ა.შ. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, გამოააშკარავეთ და – ყველაფერზე გაგცემთ პასუხს. ისიც ფაქტია, რომ ვერ გვაძლევთ ვერც ერთ ასეთ ფაქტს. გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. 2 წლის განმავლობაში ვერ გვაჩვენეთ, ვერც ერთი აქტი, ტენდერი, პრივატიზაცია, სადაც იქნებოდა კორუფციის ნიშნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში რადიკალური ნაბიჯები გადავდგით – თუ რა დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში და როგორ აღსრულდა 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, აქედანაც კარგად ჩანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.