ნუნუ გაბუნიას საავტორო საღამო
By

ნუნუ გაბუნიას საავტორო საღამო

ბათუმის ხელოვნების ცენტრში ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის ნუნუ გაბუნიას საავტორო საღამო – „ჩემი ოცნების ქალაქი“ გაიმართა. კონცერტზე შესრულდა კომპოზიტორის როგორც ცნობილი ნაწარმოებები, ასევე, გაიმართა ბათუმზე შექმნილი სიმღერის პრემიერაც (ჯემალ ქათამაძის ლექსზე).

აღნიშნული პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

საღამო თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს მიჰყავდა, რომელიც მისი მსვლელობისას, შეკრებილთ ნუნუ გაბუნიას განვლილ შემოქმედებით გზასა და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს უამბობდა.

ნუნუ გაბუნია თბილისში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად გვითხრა, მისი ბებია, ბაბუა, ბიძები, მამიდა ბათუმში დაიბადნენ, ამიტომ ბავშვობაში ის ძალიან ხშირად ჩამოდიოდა აქ და გამორჩეულადაც უყვარს ჩვენი ქალაქი.

დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი. სწავლობდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის ალექსანდრე შავერზაშვილის კლასში. მან ასევე დაამთავრა კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი, რომლის შემდეგ, სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში გაიარა. მუშაობდა საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად, ხოლო 1971 წლიდან, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი გახლდათ. შექმნილი აქვს ნაწარმოებები მუსიკალური თეატრებისთვის, დაწერა ასზე მეტი საესტრადო სიმღერა, მათ შორის, „მეორე ლეგენდა“, „იავნანა“, „სიმღერა თბილისზე“, „საახალწლო“, „სიმღერა სამშობლოზე“, „სიმღერა იეთიმ გურჯზე“, „სალაღობო“, „ჩემი თბილისი“… გამოცემული აქვს არაერთი კრებული, დაწერილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისათვის, მათ შორის, თბილისის თოჯინების, თელავის, ახალციხის დრამატული თეატრებისთვის და ანიმაციური ფილმებისათვის. მის სიმღერებს ასრულებენ ცნობილი საესტრადო მომღერლები. რამდენიმე სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერადაც დასახელდა.

2011 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2012 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ნუნუ გაბუნიას სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.


საღამოზე ნუნუ გაბუნიას ოცამდე სიმღერა შესრულდა და ყველა მსმენელმა გულთბილად მიიღო. კონცერტში მონაწილეობდნენ მომღერლები თამარ გვერდწითელი, ოთარ ჯორჯიკია, სოფო ხალვაში, ნინუცა ბედიაშვილი, დათუნა სირბილაძე, ქეთი გაბისიანი, ბადრი ჩიხიაშვილი, მსახიობი მარინა კახიანი, „თეატრალური კვარტეტი“, მუსიკალური ბენდი პაატა ანდრიაძის ხელმძღვანელობით. ბოლოს, ყველა მომღერალთან ერთად გამოვიდა ქალბატონი ნუნუ და მათთან ერთად შეასრულა სიმღერა. დარბაზი ფეხზე წამოუდგა საყვარელ კომპოზიტორს და მხურვალე ტაშით დააჯილდოვა ადამიანი, რომელიც წლებია ემსახურება ქართულ ხელოვნებას, რომელიც საკუთარ დიდ, გამორჩეულ კვალს ტოვებს ქართულ კულტურაში.

 – აღფრთოვანებული ვარ დღვანდელი საღამოთი, მადლობა ყველას, ვინც დღეს სცენიდან ნუნუ გაბუნიას სიმღერებით დაგვატკბო, – თქვა ბათუმელმა მსმენელმა ნატო ჩხარტიშვილმა.

– საოცარი დღე იყო – არაჩვეულებრივი ნუნუ გაბუნიას საავტორო საღამო, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძემ საინტერესო ისტორიებით კიდევ უფრო გაალამაზა. საოცარმა მუხტმა, რომელიც დარბაზში ტრიალებდა, მსმენელი გააბედნიერა. ქალბატონი ნუნუს სცენაზე გამოჩენა კი ამ საღამოს კულმინაცია იყო, – აღნიშნა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.

– დღეს საოცარი მსმენელი მყავდა, ბედნიერი ვარ. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან ბათუმი ძალიან მუსიკალური ქალაქია. მადლობა თითოეულ გამომსვლელს. თუ ოდნავ მაინც ისიამოვნეთ, მადლიერი ვარ. მადლობა ელისო ბოლქვაძეს, რომლის გარეშე ეს საღამო არ ჩატარდებოდა, მადლობა მონაწილეებს, მსმენელებს, ყველას ვინც საავტორო საღამოს ჩატარებაში მხარი დამიჭირა. ბათუმს დიდი მადლობა,- თქვა სითბოთი და სიყვარულით გამორჩეულმა კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *