
შალვა პაპუაშვილი: გვინდა, რომ სარჩელს დამსახურებულად ეწოდოს ისტორიული დოკუმენტი
„რაც შეეხება სარჩელს, ფაქტობრივად მზად არის, ახლა იხვეწება ფორმულირებები, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე. მისი თქმით, ეს არის ისტორიული პროცესი.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კომპლექსური საკითხია. მათ შორის, მოიცავს სხვადასხვა პარტიის მოქმედების დიდ პერიოდს. ეს არის პირველი შემთხვევა პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. აქედან გამომდინარე, ისტორიული პროცესია და გვინდა, რომ სარჩელს დამსახურებულად ეწოდოს ისტორიული დოკუმენტი. ამიტომ, ვმუშაობთ, რათა სარჩელს საბოლოო სახე მივცეთ. ამ დღეებში შევიტანთ სასამართლოში და გაცნობებთ მის შინაარსს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, სამი ვარიანტია – პარტიის აკრძალვის მოთხოვნა, მათი რიგებიდან არჩეული პარლამენტის თუ საკრებულოს წევრების მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა და ცალკეული, კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.
„რაც შეეხება რა არის მიზანი, მე ავხსენი კიდეც, მათ შორის, სხვადასხვა ცვლილებით, ჩვენ ამოვავსეთ ყველა ხარვეზი, რომელიც არსებობს პარტიასთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. გავითვალისწინეთ სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკაც, შევავსეთ ის, რაც აქამდე არ გვქონდა კანონმდებლობაში. მათ შორის, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი და ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობა. ამიტომ, პარტიებთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე ვარიანტი: ამ სარჩელიდან გამომდინარე, მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა. მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის სახელით წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული პირებისთვის მანდატის შეწყვეტა. მოვითხოვოთ ცალკეული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. სამომავლო ინსტრუმენტი, ზოგადად, არსებობს მემკვიდრე პარტიის, თუკი აიკრძალება პარტია და მისი წევრები იდენტურ პარტიას შექმნიან, მისი აკრძალვა.
შესაბამისად, დღეს დაგვრჩა სამი ვარიანტი – პარტიის აკრძალვის მოთხოვნა, მათი რიგებიდან არჩეული პარლამენტის თუ საკრებულოს წევრების მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა და ცალკეული, კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ახლა ამაზე ვმსჯელობთ, სამი ვარიანტიდან რომელი, ან რომელი მოთხოვნის კომბინაციით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ჯერზე. ამიტომ, ესეც გახლავთ საკითხი, რომელსაც მაშინვე იხილავთ, როგორც კი სარჩელი გასაჯაროვდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.