ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ქალთა ჯანმრთელობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. იგი მიზნად ისახავდა ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე ღია დიალოგს სპეციალისტების, პაციენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით, ასევე, ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის პოპულარიზაციას.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და გამოჯანმრთელებული პაციენტები.

შეხვედრაზე ისაუბრეს მნიშვნელოვან და აქტუალური საკითხებზე. ესენია: სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ქალთა განათლება და ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის საკითხებზე, ექიმების რეკომენდაციები, პაციენტების ისტორიები და სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში აჭარაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეგიდით მიმდინარე და დაგეგმილი სკრინინგ-აქციების შესახებ.
ყოველწლიურად მსოფლიოში ძუძუს კიბოს დაახლოებით 2,3 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რაც ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. საქართველოში კი ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციულ გამოკვლევებს. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, ქირურგიული ჩარევა, ძვირად ღირებული მედიკამენტური მკურნალობა ქიმიო და სხივური თერაპია.
