ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე ორ დღეს მასპინძლობდა საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში „ბათუმი ოუფენი-2025“. ნამდვილად გვასახელეს ჩვენმა სპორტსმენებმა – საქართველოს ჭაბუკთა, იუნიორთა და ეროვნულმა ნაკრებებმა საერთო ჯამში 7 ოქროს, 10 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრებაში სულ 13 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოდან – 163 კარატისტი.
საინტერესო ბრძოლები გაიმართა შეჯიბრების დასკვნით დღეს – 18 წლამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონი ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ პარწიკანაშვილი გახდა.
უფროსთა კატეგორიაში ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონობა ქალთა შორის ლიეტუველმა მარია სეკუნდამ იზეიმა. ვაჟთა შორის აბსოლუტური ჩემპიონობისთვის შეჯიბრების ფინალში ერთმანეთს ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით მსხალაძე და იაპონიის ღია, აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული, ყაზახეთის წარმომადგენელი ანჟეი კინზერსკი დაუპირისპირდნენ. „ბათუმი ოუფენი – 2025-ის“ ჩემპიონი ყაზახი მებრძოლი გახადა.

„ბათუმი ოუფენი“ კონტაქტურ კარატეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციასთან ერთად, ყოველწლიურად იმართება.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჩუბინიძე, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, ასევე უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.
საქართველოს არაერთი გამორჩეული კარატისტი ჰყავს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ დროშას ღირსეულად სწევენ მაღლა. მათ შორისაა დავით მსხალაძე, რომელიც ყველასთვის მისაბაძი სპორტსმენია. აი, როგორ აფასებას მას აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, კონტაქტურ კარატეში საქართველოსა და აჭარის ნაკრებების მთავარი მწვრთნელი ლევან ცინცაძე, რომელიც თავადაც ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი დიდი დამსახურებაა, რომ სპორტის ეს სახეობა დღეს აჭარაში, მთელ საქართველოში, სულ უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ადის.

– თითოეულ სპორტსმენს ვუხდი მადლობას, თუმცა მინდა ერთი მათგანი – დავით მსხალაძე მაინც გამოვყო, ის ნამდვილი მეომარია. მან ამ შეჯიბრამდე 14 დღით ადრე, სპარინგის დროს, ძლიერი ტრავმა მიიღო, ყბა გაუტყდა. ნაკერები შეჯიბრამდე 4 დღით ადრე მოიხსნა.14 დღის განმავლობაში სპეციალური მილით მხოლოდ სითხს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეჯიბრში მონაწილეობა არ შეიძლებოდა და არასწორიც იყო, რადგან დიდ საფრთხეს შეიცავდა, გუნდს ვერ უღალატა. მისივე დაჟინებული თხოვნით, ტატამზე ავიდა და ნამდვილი მეომრის ხასიათი აჩვენა. ამიტომ ჩემთვის ნომერ პირველია, როგორც მებრძოლი, ასევე, როგორც ადამიანი. მადლობა უფალს, რომ მან ტურნირი მშვიდობით დაასრულა და ღირსეულად წარადგინა ჩვენი ქვეყანა! ყველაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა დავითს, მჯერა, მას წინ დიდი გამარჯვებები ელოდება, – გვითხრა ლევან ცინცაძემ.
დეკემბერში ჩვენი მებრძოლები საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, 2026 წლის 9-10 მაისს კი ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მანანა ძიძიშვილი