პედაგოგ ნინო დათაშვილს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, სასამართლომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვალა და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
კერძოდ, აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელსაც ადვოკატები და ბრალდებული ნინო დათაშვილიც დაეთანხმნენ.
„ჩემი გადარჩენაა დღეს ჩემი აქედან გაშვება, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და 2 ოპერაცია მჭირდება“, – განაცხადა ნინო დათაშვილმა.
სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე წინ უძღოდა პედაგოგის ადვოკატის ელისო რუხაძის განცხადება, სადაც მან საზოგადოებას ამცნო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე.
„ახლახან გამოვედით მე და თამუნა გაბოძე ქალთა N5 პენიტენციური დაწესებულებიდან. ნინო დათაშვილის ნახვის შემდეგ შოკირებული ვართ, ადამიანის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე.
ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შეუქცევადი და სჭირდება სასწრაფოდ 2 ოპერაცია კისრის არეში.
მოვუწოდებ ყველა უწყებას, მათ შორის, პროკურატურას, თავად იმოქმედოს, თავიდან აიცილოს ფატალური შედეგი, ვინაიდან ნინო არის არაადამიანურ და წამების ტოლფას მდგომარეობაში, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და კისერს ვერ ამოძრავებს. ადვოკატებსაც კი გაგვიჭირდა დიდხანს მასთან დაყოვნება, დოკუმენტზე ხელმოწერა გაუჭირდა ადამიანს“, – აცხადებდა ელისო რუხაძე.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.