ირაკლი კობახიძე: როდესაც ამას აბრალებ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ამაზე დიდი არაკონსტიტუციურობა რა არის?
By

ირაკლი კობახიძე: როდესაც ამას აბრალებ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ამაზე დიდი არაკონსტიტუციურობა რა არის?

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „იმაზე მეტი ანტიკონსტიტუციური რა არის, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შენ აბრალებ, რომ მოქმედებს იმ სახელმწიფოს კარნახით. დავალებით, რომლის მიერაც ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%“. მისივე თქმით, აუცილებელია, ამას შესაბამისი შეფასება მიეცეს და სწორედ ამიტომ მიმართა მმართველმა გუნდმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს.

„მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ზოგმა – პირდაპირ, ზოგმა – ირიბად, მხარი დაუჭირა სანქციების დაწესების მოთხოვნას საქართველოდან რუსეთის მიმართ, რაც პირდაპირ ჩამოაქცევდა ჩვენს ქვეყანას და ესკალაციას გაამწვავებდა. ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნას. მაშინ გამოვიდა ბაიდენი, შემდეგ ჯონსონი და მათ თქვეს, რომ რეკომენდაციასაც კი არ უწევდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რადგან ეს ნიშნავდა ნატოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. მოხალისეების გაგზავნის რეკომენდაციაც კი თუ ნიშნავდა ნატოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ამერიკის და ბრიტანეთის შემთხვევაში, ჩვენი ოფიციალური ნებართვით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში როგორ არ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. შემდეგ ზელენსკიმ გაიწვია ელჩი ამ ორი საბაბით – სანქციების არდაწესება, და მეორე, რატომ არ გამოგვიგზავნეს მებრძოლი მოხალისეები. მოლდოვასაც არ გაუკეთებია ეს, მაგრამ ჩვენგან ითხოვდნენ. ასევე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები – უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა არაერთხელ მიმართა ოპოზიციას კითხვით, რა არ გააკეთა საქართველომ უკრაინის დასახმარებლად, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. პრემიერმა ისაუბრა იმ დახმარებაზე, რაც საქართველომ უკრაინის მოსახლეობას გაუწია.

„არ ჰქონდათ არავითარი არგუმენტი, არავითარი ფაქტი, რომ რამე დავაკელით უკრაინას და არათუ დავაკელით, გახსოვთ, რამდენი დევნილი გვყავს მიღებული დღემდე. 25 ათასი უკრაინელია, ბავშვებს უფასოდ საკუთარ მშობლიურ ენაზე ვასწავლით, ყველანაირი სოციალური დახმარება, ერთ-ერთი მოწინავე ვიყავით ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, რაც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში და დღემდე ვცდილობთ მაქსიმალურად დახმარებას. ყველა კუთხით გვაქვს სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. კითხვა დავუსვით – რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა, რაც არ გავაკეთეთ. პასუხი არ იყო არავითარი და მაინც, ეს რიტორიკა, რომ ჩვენ ვართ რუსული ძალა, რუსეთის მხარე და ათასი სისულელე, სიგიჟე. ასეთი რაღაცებით რომ გამოდიან ეს პოლიტიკური პარტიები, ვიღაცამ ხომ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. ისინი ხომ ამით ამწიფებენ საფუძველს, რომ იგივე ტყუილი მერე ვიღაცამ ქვეყნის გარედან გაიმეოროს, რაც ფაქტია, ხდება.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *