„ძლიერი საქართველო-ლელო“ – საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს მუნიციპალიტეტებში კორუფციის ფაქტების შესასწავლად
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს 57 საკრებულოში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ადგილობრივი ლიდერები ერთდროულად მოითხოვენ საგამოძიებო კომისიების შექმნას, რომელიც შეისწავლის კორუფციის ფაქტებს თითოეულ მუნიციპალიტეტში. მათივე განცხადებით, ეს არის ადგილზე, ქალაქების და სოფლების დონეზე კორუფციასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი საშუალება.
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოზიციაა, რომ ბიუჯეტის ყველა ქურდმა პასუხი აგოს. ყოველი მოპარული თეთრი არის მოქალაქეებისთვის წართმეული უკეთესი ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება და გამართული ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პირველივე დღიდან ამ თემით ვიწყებთ „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ კი ყველა დავუპირისპირდებით და ვამხელთ მანკიერ მხარეს, რომელიც „ოცნებას“ აქვს. ქალაქებსა და სოფლებში – საკრებულოებში ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან ხალხის ინტერესების დამცველები და მოსახლეობის საჭიროებების გამხმოვანებლები. „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ყველა დონეზე ძარცვავს. ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მუნიციპალიტეტებში გამეფებული კორუფციაა. სწორედ ამიტომ, დღეს, საქართველოს 57 საკრებულოში მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ბოლო რვა წლის განმავლობაში ადგილობრივი ჩინოვნიკების ჩადენილი კორუფციული დანაშაულების ფაქტებს“, – აცხადებენ კოალიციაში „ძლიერი საქართველო – ლელო“.