ქართველიშვილი: ჩვენი ოპოზიციონერების მწვავე ანტიჩინური რიტორიკა შენელდება
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელსაც ისტორიულად მიიჩნევს. ის თვლის, რომ ჩვენი ოპოზიციონერების მწვავე ანტიჩინური რიტორიკა შენელდება და ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიო გეოპოლიტკურ დაპირისპირებებში.
„ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრის ძირითადი შედეგები:
სტრატეგიული სტაბილურობის მიღწევა გვირჩევნიაო – აშშ-ჩინეთის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი დაუშვებელია;
ომს – ეკონომიკა და ვაჭრობა სჯობიაო: განიხილეს საბაჟო ტარიფები და ტექნოლოგიური შეზღუდვები. ველოდებით ფრთხილ სატარიფო შერბილებას გარკვეულ დარგებში (ურთიერთსარგებლის ფარგლებში);
ამ ეტაპზე ტაივანი შეინარჩუნებს არსებულ სტატუს-კვოს, თუმცა აშშ აგრძელებს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის აღიარებას. ჩინეთმა პრობლემის ძალისმიერ გზაზე თავის შეკავება გადაწყვიტა, თუმცა ამ ვარიანტსაც მხოლოდ საკუთარ უფლებად მიიჩნევს;
ჩინეთმა კვლავ დაადასტურა, რომ არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ არც სამხედრო დახმარებას გაუწევს. რაც შეეხება უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთს – ის რჩება მხოლოდ კონსულტაციის რეჟიმში.
ამ შეხვედრამ წესით უნდა შეაჩეროს ჩვენი ოპოზიციონერების მწვავე ანტიჩინური რიტორიკა და მსოფლიო დაპირისპირების შენელების ფონზე, მოქმედ ხელისუფლებას ეძლევა ფართო მანევრირების სივრცე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთი გააგრძელებს ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო ინტერესების გატარებას რეგიონში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ თავის ძირითად ყურადღებას უფრო ევროპასა და ირანზე გადაიტანს, ვიდრე სამხრეთ კავკასიაზე. შემდეგი მსგავსი საინტერესო სამიტი ტრამპსა და ორბანს შორის გველის, დიდი ალბათობით, 8 ნოემბერს ვაშინგტონში,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
ირმა ცეცხლაძე