გახარიას პარტია საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდა
By

გახარიას პარტია საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტის რეჟიმი დაასრულა და პარლამენტში გადაინაცვლა. გადაწყვეტილების თაობაზე მათ 20 ოქტომბერს განაცხადეს, როგორც პარტიაში აღნიშნეს, პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნების არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს სახელწოდებით – „საქართველოსთვის“, რომელსაც შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.

პარლამენტის მსგავსად, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოშიც დაბრუნდნენ. საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე უკვე იმსჯელეს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძეს განცხადებით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა – ნინო ჩხეტიამ და არჩილ სამნიძემ საკომიტეტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებები წარმოადგინეს. ნინო ჩხეტია -ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებში, არჩილ სამნიძე კი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტებში გაწევრიანდებიან. ბიუროს წევრებმა კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს. ჟურნალისტებთან საუბარში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ თუ ვინმემ „ოცნებას“ ლეგიტიმაცია მიანიჭა, ესენი არიან ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ჩართული იყვნენ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ორგანიზებაში. „ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში. „ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, ჰქონდა ლეგიტიმაციის კრიზისი მას შემდეგ, რაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად. სამწუხაროდ, როდესაც ბოიკოტის კამპანია დასრულდა 4 ოქტომბრის შემდეგ, სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, რა თქმა უნდა, ამან „ოცნებას“ მისცა იმ ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის დამატებითი საბაბი. ამიტომ, ვინმე თუ პასუხისმგებელია იმაზე, რომ „ოცნებამ“ მოიპოვა დამატებით ლეგიტიმაციის საფუძველი, პირველ რიგში, ესენი არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, რა თქმა უნდა, თავად „ოცნებაც“, რომელსაც შეეძლო და არაფერი გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა ეს პროვოკაცია. ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება, ავტოკრატიული რეჟიმის დამძიმება, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მოპარვა და სხვა ბევრი დანაშაულებრივი, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. შედეგად, „ოცნებას“ შესაძლებლობა მიეცა, ძალიან სწრაფად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა. ერთი წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო, ამას კი მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე, მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას “, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ამასთან, 26 ოქტომბერს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე და ტოვებს პარტიას. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მიმართული „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ.

„მოგეხსენებათ, რომ 2021 წლიდან ვარ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორი. სწორედ პოლიტიკური პარტიის წევრის სტატუსით ვცდილობდი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას. მოგეხსენებათ ისიც, რომ მაქვს დეპუტატის მანდატი, რომელიც კოლეგებსა და მეგობრებთან რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ერთობლივი მუშაობით მივიღე.

თუმცა, დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ, ვფიქრობ, მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ. უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას. ხმამაღლა და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩემი გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის, „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ. ჩემი კოლეგები ჩემთვის კვლავაც რჩებიან მეგობრებად, ჩემთვის პატივსაცემ პროფესიონალ ადამიანებად და ვუსურვებ მათ წარმატებას ამ გზაზე“, – დაწერა რუსუდან თევზაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 2 სექტემბერს ცნო გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეების, გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის სადეპუტატო უფლებამოსილება. პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია. სწორედ ამის საფუძველზე განიხილა პარლამენტმა გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხი.

მანამდე კი, 2 ივლისის პლენარულ სხდომაზე, გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს – თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და, გახარიას პარტიისგან განსხვავებით, საარჩევნო სიებიც ჩახსნეს.

 

 

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *