„დაკანონებული კორუფცია“ – ქეთევან ბაკარაძე მთავრობის ახალ დადგენილებაზე
By

„დაკანონებული კორუფცია“ – ქეთევან ბაკარაძე მთავრობის ახალ დადგენილებაზე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ქეთევან ბაკარაძე მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, მათ შორის, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, ასევე, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები, სახლები და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სარგებლობის ნაცვლად საკუთრებაში გადაეცემათ.

ბაკარაძის თქმით, ეს ცვლილება, რომელიც პრემიერ ირაკლი კობახიძის კაბინეტმა დაამტკიცა, ვერანაირად ვერ გამართლდება „სამსახურებრივი საჭიროების“ მოტივით, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როცა პირი სამსახურს ტოვებს.

„დადგენილების მიზანი თითქოსდა სამსახურებრივი მოტივაციით დასაქმებულთა წახალისებაა, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა ამ მოტივს სრულად აცლის მნიშვნელობას,“ – ამბობს ბაკარაძე.

მისი შეფასებით, ხელისუფლება, რომელიც საჯაროდ კორუფციასთან ბრძოლით ამაყობს, ფაქტობრივად, „კორუფციის ფორმალურ დაკანონებას იწყებს“.

„დღეს „ქართული ოცნება“ კორუფციას აღარ ებრძვის, ის იბრძვის კორუფციისთვის. უკვე დაკანონებული კორუფცია კი ამ ყველაფრის ნათელი დასტურია,“ – აცხადებს ბაკარაძე.

პოლიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ სოციალურ ფონსა და რეალობაზე, რომელშიც ეს დადგენილება მიიღეს.

„დღეს, როცა 35 000 დევნილი ოჯახი უკვე სამი ათწლეულია საცხოვრებელს ელოდება, ხელისუფლება ბინებს საკუთარ სტრუქტურებს ჩუქნის. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოსგან მხოლოდ 45-ლარიან დახმარებას იღებენ. მათთვის ეს დადგენილება ნიშნავს კიდევ ერთხელ ნათქვამ უარს ღირსეულ ცხოვრებაზე,“ – ამბობს ის.

ბაკარაძე აღნიშნავს, რომ დევნილთა ქულებით განსაზღვრული ახალი სისტემა მინიმალურადაც ვერ ასახავს ომით დაკარგული სახლებისა და ადამიანების ტკივილს.

„მე თავად ვარ აფხაზეთიდან. წლების განმავლობაში ვმუშაობდი დევნილებთან და ვიცი მათი ყოველდღიურობა, ის აუხდენელი ოცნება, თავზე საკუთარი ჭერი ჰქონდეთ, სადაც გამოსახლების შიშით აღარ იცხოვრებენ,“ – აღნიშნავს ბაკარაძე.

ის ასევე ახსენებს ბოლო თვეების მტკივნეულ შემთხვევებს, როცა დევნილმა კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სამინისტროს შენობის წინ თავი დაიწვა, ან როცა რამდენიმე კვირის წინ, თვალჭრელიძის ქუჩიდან ათობით ოჯახი გამოასახლეს.

„ამ ყველაფრის ფონზე, ხელისუფლების მიერ სუს-ის თანამშრომლებისთვის ბინების გადაცემა არა სოციალური სამართლიანობის, არამედ პრივილეგიების დაკანონებაა,“ – ასკვნის ბაკარაძე.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *