მეექვსე მოწვევის საკრებულო მუშაობას შეუდგა
დღეს ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბათუმის 79-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძემ გახსნა და საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა. ამის შემდეგ სხდომას უხუცესი დეპუტატი ნერიმან ცინცაძე წარუძღვა.
უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ივანე მაისურაძის კანდიდატურა დასახელდა. ფარული კენჭისყრით, დეპუტატებმა 22 ხმით მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ბათუმის საკრებულოში არჩევამდე ივანე მაისურაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროში აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქვს საჯარო და კერძო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება.
ივანე მაისურაძემ ბათუმის მოსახლეობას, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ქალაქის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ოპოზიცის როლზეც და მათთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მზად არის მიიღოს და გაითვალისწინოს ყველა ჯანსაღი კრიტიკა.
– უდიდესი პატივისცემით, თავმდაბლობითა და ურყევი რწმენით ვიღებ ჩემზე დაკისრებულ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას, ვიყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მისასალმებელია, რომ ჩვენი ქალაქი თანამედროვეობაშიც ინარჩუნებს ისტორიულ მემკვიდრეობას და თამამად მიაბიჯებს მომავლისკენ, სადაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, – განაცხადა ივანე მაისურაძემ.

ფარულ კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას – პარტია „ლელოს“ წარმომადგენელს ვაჟა დარჩიას და „გირჩის“ დეპუტატ გიორგი მასალკინს.
– მართალია საკრებულოში მოვედი სამუშაოდ, მაგრამ დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე. კანონის თანახმად, არჩევით ორგანოში ოპოზიცია არ იღებს პასუხისმგებლობას უმრავლესობის მიერ თანამდებობის პირების არჩევაზე. ვაპირებ საკრებულოს ყველა კარგ საქმეში მხარში ამოვუდგე. რაც იქნება გასაკრიტიკებელი, უკან არ დავიხევ. ვპირდები მოსახლეობას, ეცოდინება ნებისმიერი ინფორმაცია, კარგიც და ცუდიც. ყოველთვის ვიყავი ბოიკოტის წინააღმდეგი, ინფანტილური დამოკიდებულება – ჩვენ მოვდივართ და თქვენ მიდიხართ, უნდა გაქრეს. პოლიტიკა არის რუტინული საქმე, ხანგრძლივი პროცესი და ნელ-ნელა უნდა დაიმკვიდრო თავი პოლიტიკაში, აწარმოო შენი ინტერესები ქვეყნის სასიკეთოდ. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ბოიკოტმა არ გაამართლა. ის, რომ ოპოზიციიდან მხოლოდ სამნი ვართ, დღეს კი ორი ვიმყოფებით ამ დარბაზში, მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციის ნაწილმა, ჩემი აზრით, აირჩია არასწორი გზა და შედეგიც სახეზეა. სწორედ ამიტომ, ძალიან ქმედითი ვერ იქნება ჩვენი აქ ყოფნა, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას გავაგებინებთ, რა ხდება საკრებულოში. ოპოზიციის განსხვავებული ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს ნებისმიერ არჩევით ორგანოში და ამას გპირდებით, – განაცხადა გიორგი მასალკინმა.

საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებითა და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ნატალია ზოიძე, მოადგილეებად კი ირაკლი თავდგირიძე და ლევან ცხოიძე აირჩიეს.
საკრებულოში ორი ფრაქცია , „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“ დარეგისტრირდა. თავმჯდომარეებად დავით მახარაძე და ირაკლი დევაძე აირჩიეს. დეპუტატებმა საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებიც დაამტკიცეს, აირჩიეს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები. საკრებულოს გადაწყვეტილებით, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას – ლევან ბერიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას – ლევან დავითაძე, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას – გოჩა მგელაძე, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას – დავით მიქელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას კი მინდია გოგუაძე უხელმძღვანელებენ.
ახლად არჩეულმა საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობა ცნობად მიიღო.
პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყდა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ ახლად არჩეულ წევრს ჯემალ ანანიძეს.
ბათუმის მეექვსე მოწვევის საკრებულო 35-ის ნაცვლად 25 დეპუტატითაა წარმოდგენილი. მმართველ გუნდს – 22 დეპუტატი, მათგან – 12 პროპორციული სიით, 10 კი მაჟორიტარი ჰყავს. 3 მანდატი ერგო ოპოზიციას. ახალ საკრებულოში მხოლოდ სამი ქალბატონია ნატალია ზოიძე, ნერიმან ცინცაძე და ნინო ცხვარაძე.
მანანა ტაკიძე