„მაკნატუნა“ – პრემიერა ბათუმის თოჯინების თეატრში
By

„მაკნატუნა“ – პრემიერა ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მორიგი პრემიერა – „მაკნატუნა“ (ერნსტ თეოდორ ჰოფმანის მოთხრობის მიხედვით) გაიმართა. რეჟისორი და ინსცენირების ავტორია სალომე ჯიჯავაძე, მხატვარი – დავით ტაკიძე, ქორეოგრაფი – დავით გოგიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი – ირმა გოგელია, რეჟისორის თანაშემწე – ნანა თოლორდავა.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ვანო მაღლაკელიძე, სალომე ცაგურია, ალექსანდრე გაბაიძე, გიორგი ბაბილოძე, მანანა გოგიტიძე, ქეთევან ეგუტიძე, ირმა მგელაძე, მარიკა ბულეიშვილი, სოფიო ცინცაძე, მერი დიასამიძე, მინდია ჩოხარაძე, თედო ტუღუში, გიორგი არველაძე, ირაკლი იორამაშვილი, ლევან მიდილიში და ნინი სურმანიძე (მოწვეული ბალერინა).
შორეულ, ტკბილეულის სამეფოში, კანფეტების მანათობელ სასახლეში, შობის ღამეს, თოვლის ფიფქებთან ერთად, სასწაულები იბადება. სწორედ ასეთ ღამეს იწყება მარიას საოცარი თავგადასავალი. მარია და ფრიცი დედასთან ერთად ატარებენ შობის საღამოს. ამ დროს მარია იღებს უცნაურ, მოულოდნელ საჩუქარს – მაკნატუნას, რომელიც ჩვეულებრივი სათამაშო სულაც არ არის – შუაღამისას იგი ნამდვილ ჯარისკაცად იქცევა და მარია მის გვერდით, ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება. მათ ერთად უწევთ ბრძოლა თაგვების მეფესთან. გამარჯვების შემდეგ კი მოგზაურობა ტკბილეულით სავსე სამეფოსკენ იწყება, იქ, სადაც ყოველი წამი სიყვარულით, სინათლით და საოცრებებით არის სავსე. სცენაზე წარმოდგენილი დინამიკური ეპიზოდები, მრავალფეროვანი სცენოგრაფია და მსახიობების მაღალი ოსტატობა დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. სპექტაკლი ეხება ისეთ ღირებულ თემებს, როგორიცაა: სიყვარული, გულწრფელობა, მეგობრობა, სიკეთე, ბოროტება და რწმენა.

– მეოთხე წელია, რაც ამ თეატრში ვარ და ჩვენთვის საახალწლო სპექტაკლი ყოველთვის განსაკუთრებულია. მოგეხსენებათ, პრემიერის შემდეგ, ახალ წლამდე, დაახლოებით 50 წარმოდგენა იდგმება და უამრავი ბავშვი მოდის. დღეში 3 სპექტაკლის ჩვენება გვიწევს და იგი ტექნიკურად იმდენად გამართული უნდა იყოს, რომ პრობლემა არ შეიქმნას და ყველაფერი დროულად მოესწროს. ამ ოთხი წლის განმავლობაში რა გამოცდილებაც დავაგროვეთ საახალწლო სპექტაკლების თამაშით, ყველაფერი გამოვიყენეთ, რომ სრულყოფილი წარმოდგენა მიგვეღო. ცხადია, ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს, მაგრამ მე, როგორც ხელმძღვანელი, ძალიან კმაყოფილი ვარ. მართლაც ჯადოსნური საახალწლო სპექტაკლი გამოგვივიდა, ზღაპრული სანახაობით. არის ნაძვის ხეც, რაც ახალ წელს ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ, თოვლის ბაბუაც და ყველაფერი ის, რაც ახალ წელს უხდება, მათ შორის, გენიალური ჩაიკოვსკის მუსიკა, რომელიც სპეციალურად „მაკნატუნასთვის“ არის შექმნილი. სალომე ჯიჯავაძესთან ეს პირველი თანამშრომლობა იყო, ძალიან კომფორტული რეჟისორი აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე, მსახიობებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება და სალომე კიდევ ბევრჯერ გაახარებს ბავშვებს თავისი წარმოდგენებით, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ.

– სპექტაკლი, დაახლოებით 25 დღეში დავდგით. ეს იყო რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი. პირველად ვიმუშავე ზღაპარზე, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რეჟისორისთვის, ვინც თეატრში მუშაობს, ეს არის დასი, რომელიც თვალებანთებული მიყურებდა. მათთან მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ყველაფერი, რაც სცენაზე დაინახეთ, ეს არის დავით ტაკიძის დამსახურება, რომელმაც შეუძლებელი შეძლო ამ მოკლე ხანში, ასევე, ქორეოგრაფმა გიორგი გოგიშვილმა. მსახიობებმაც არ დაიშურეს ძალა, რომ ეს სპექტაკლი სანახაობრივი ყოფილიყო. სამხატვრო ნაწილს უდიდესი მადლობა, კერძოდ, ყველა მხატვარ-შემსრულებელებს, რომლებმაც ჯადოსნური სამყარო შექმნეს. ტექნიკური მხარეც საუკეთესო იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ, იშვიათად ხდება, რომ მსახიობები ასე გულმოდგინედ ერთვებიან მუშაობაში. მეტიც, მსახიობი დაგვაკლდა და ერთ-ერთი რეჟისორი, რომელსაც სხვა თანამდებობაც აქვს ამ თეატრში, ავიდა სცენაზე, როგორც მსახიობი. ასეთი რამ ხდება მაშინ, როცა ნამდვილად უყვარს ადამიანს თეატრი. აქ ერთსულოვნებაა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი მხოლოდ პატარებისთვის არ არის, მოზარდებისთვისაცაა და ცხადია, დიდებისთვისაც. ვინც ნახავს, იმედია მოიწონებს, – გვითხრა რეჟისორმა სალომე ჯიჯავაძემ.

– სალომესთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო. ჩემი ფავორიტი რეჟისორები მყავს და ამ სიას ისიც დაემატა. ეს ადამიანი არის საოცრება. ისეთი მუშაობის პრინციპი აქვს, ისეთი მიდგომა, რომ შეუძლებელია, ნებისმიერ სირთულეს მარტივად არ შეხედო, ვერ გადალახო. ეს მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად იცის რა სურს და ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება მსახიობებისთვის. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს – მარიას, ის საერთოდ არ მგავს, აბსოლუტურად სხვა პერსონაჟია, იმდენად კარგად მომაწოდა რეჟისორმა, რა სურდა მისგან, ვფიქრობ, დავალებას კარგად გავართვი თავი. ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნება თვითონ. ერთადერთი რაც მე და მარიას გვაერთიანებს, არის ის, რომ მეც მჯერა სასწაულების. „მაკნატუნა“ ძალიან მცირე დროში დაიდგა. ეს არის ურთულესი სპექტაკლი როგორც ტექნიკურად, ასევე, საშემსრულებლო ოსტატობით, ურთულესი ქორეოგრაფიითაც. სრულად ჩაიკოვსკის ნაწარმოებზეა აგებული, რაც სპექტაკლს კლასიკურ სიმაღლეს, ემოციური სიღრმეს სძენს. დასიდან დაწყებული, ტექნიკური პერსონალით, მხატვრებით დამთავრებული, ყველა ერთად იყო ჩართული პროცესში. მცირე დროში ურთულესი რაღაცები გააკეთეს და ძალიან დიდი მადლობა მათ ამ შრომისთვის. ასევე, დიდი მადლობა სალომეს და მთელ თეატრს მხარში დგომისთვის, – გვითხრა მსახიობმა სალომე ცაგურიამ.

– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტექნიკურ და შემოქმედებით ჯგუფს, პირველ რიგში მხატვრებს. მათი დამსახურებით, უმოკლეს დროში მივიღეთ ასეთი შედეგი. მე სცენოგრაფი ვარ და ცენტრალურ ვიზუალს ვქმნი, მაგრამ ამ ადამიანების გარეშე ეს სპექტაკლი ვერ შედგებოდა, – გვითხრა მხატვარმა დავით ტაკიძემ.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *