„ფიროსმანი“ – სიცოცხლე და სიკვდილი ერთ სცენაზე
By

„ფიროსმანი“ – სიცოცხლე და სიკვდილი ერთ სცენაზე

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ზაზა მარჯანიშვილის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის, მუსიკალურ დრამა  „ფიროსმანის“ პრემიერა შედგა.   სპექტაკლში მსახიობები  კახა კობალაძე (ფიროსმანი) და თათია თათარაშვილი (სიკვდილი) მონაწილეობენ, იგი დიდებული მხატვრის ცხოვრების ბოლო  პერიოდს ეხება. დრამა თავიდნვე იპყრობს მაყურებელს არა მხოლოდ მსახიობების ბრწყინვალე თამაშით, არამედ ზვიად ბოლქვაძის მორიგი შედევრით –  ჩაბნელებულ დარბაზში  კომპოზიტორის მუსიკა ისე  გაისმის, რომ თავიდანვე შემოდის შენს სულშიც, გიპყრობს და სპექტაკლის ბოლომდე ისევეა შენთან, როგორც მთავარი მოქმედი პირები – ამ სპექტაკლში მუსიკაც მთავარი გმირია. მას ისევე „ხედავ“ და აღიქვამ, როგორც მსახიობების შესანიშნავ თამაშს,  მსახიობებთან ერთად  იგი უდიდეს ზეგავლენას ახდენს მსმენელზე.სპექტაკლი ხელოვანისა და სიკვდილის დიალოგზეა დაფუძნებული. მსახიობები  მხატვრის შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ. სპექტაკლის მიმდინარეობისას ფიროსმანის იმ შედევრებს ვნახულობთ, რომელშიც მისი სულიერი მდგომარეობა ჩანს. ეს ის ნახატებია, რომლებიც არა მარტო ჩვენთვის, ქართველებისთვისაა საინტერესო, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა ფიროსმანის როლის შემსრულებელს. რომელმაც ყველაფერს შესანიშნავად გაართვა თავი. სხვათა შორის, კახა კობალაძე გარეგნობითაც ძალიან ჩამოგავს დიდ მხატვარს. როგორც თავად აღნიშნა, მხატვრის სულიერი, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ახლოსაა მასთან.
სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის მიერ (დირექტორი ზვიად ბოლქვაძე). სპექტაკლი სცენარისტს, მთარგმნელსა და დრამატურგ თამაზ გოდერძიშვილს ეძღვნება.


– სამუშაო პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. აქ  ეს უკვე მეორე პროექტია. ძალიან მომწონს ამ გუნდთან ერთად მუშაობა. პირველად „მედეაზე“ ვიმუშავეთ. ჩვენი პროფესია გუნდურია, მარტო ერთი და ორი ადამიანი ვერაფერს იზამს და სწორედ ამ გუნდმა, ყველამ ერთად შექმნა ეს პროექტი. როგორც ვთქვი, მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ სიკვდილი პირველად ვითამაშე და შესაბამისად, დიდი გამოწვევის წინაშე ვიყავი, მაგრამ ზაზას დამსახურებით, ზვიადის დამსახურებით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმიტომ, რომ ზვიადს ყოველთვის ისეთი მუსიკა აქვს, შენი გგონია, იგი იმდენად ღრმად შემოდის შენს სულში და იმდენად იპყრობს მას, რომ სადღაც, სხვაგან გადაგისვრის  და მერე იქ იქმნება საოცრებები,  რაღაც სხვა სამყაროში ხვდები. შესანიშნავი ქორეოგრაფი კოტე ფირცხალაძე  შენთან რომ არის,  იცი, ყველაფერი იქნება კარგად. ძალიან ვისიამოვნე და მიხარია თუ მაყურებელმაც ისიამოვნა, – გვითხრა თათია თათარაშვილმა.
– მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ სპექტაკლზე იმუშავა. პირველ რიგში, ვულოცავ მსახიობებს, შესანიშნავები არიან. მათზე ძალიან ბევრი შეიძლება ისაუბრო, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ორივენი არაჩვეულებრივები იყვნენ. დიდი მადლობა რეჟისორს ზაზა სიხარულიძეს, ის არის ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი. ასევე, ყველას, ვინც  სპექტაკლზე იმუშავა, მინდა მადლობა ვუთხრა მუსიკალურ ცენტრს – იმისთვის, რომ მომეცა საშუალება, ამაში ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა. ბედნიერი ვარ,  – გვითხრა ზვიად ბოლქვაძემ.
– გულახდილად ვამბობ, ემოციებით ვარ ავსებული, უფრო მეტიც,  ამ ნამუშევრით აღფრთოვანებული ვარ, როგორც მუსიკალური, ისე რეჟისორული და აქტიორული ნამუშევრებით. ეს არის შემთხვევა, როცა ყველაფერი მაღალ დონზეა. ეს ყველაფერი საოცარ  ემოციას იწვევს, ვულოცავ ამ შესანიშნავ სპექტაკლს, დამდგმელ ჯგუფს, ზვიადს, ზაზას, მსახიობებს თათიასა და კახას, – გვითხრა რეჟისორმა გიორგი თავაძემ.


– დიდი მადლობა, პირველ რიგში, ბატონ ზვიადს ამ შესანიშნავი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. რასაკვირველია, ძალიან მოვიხიბლე მსახიობებით და საერთოდ,  ყველაფერი  ორიგინალური იყო  – მუსიკა, სცენოგრაფია… თანაც  ეს ყველაფერი  ძალიან საინტერესოდ იყო შერწყმული, – გვითხრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ქეთევან გოგოლაძემ.


… მაყურებელი ემოციებით აავსო „ფიროსმანმა“, რომელიც ზვიად ბოლქვაძის შემოქმედებაში კიდევ ერთი წარმატებული სპექტაკლია და ეს არა მხოლოდ კომპოზიტორის, არამედ მთლიანად შემოქმედებითი კოლექტივის, თითოეული იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც იმ დღეს სცენაზე, თუ  სცენის მიღმა იდგა და ხელს უწყობდა სპექტაკლის წარმატებას. ემოციებით სავსე მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს „ფიროსმანს“  – სცენაზე ერთად მდგომ დიდი შემოქმედის მილევად ლამაზ სიცოცხლესა და  სიკვდილს, რომელმაც ასევე შეგვაყვარა თავი. ეს ყველაფერი კი მსახიობების – კახა კობალაძისა და თათია თათარაშვილის უზადო შესრულებისა და რა თქმა,  უნდა  ზვიად ბოლქვაძის  ბრწყინვალე მუსიკის დამსახურება იყო.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *