სიყვარულით აჭარიდან – მადლიერებისა და ერთიანობის საღამო
By

სიყვარულით აჭარიდან – მადლიერებისა და ერთიანობის საღამო

ბათუმის ხელოვნების ცენტრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა სახელწოდებით ,,სიყვარულით პატრიარქს“. ხელოვანები პატრიარქის მიმართ სიყვარულის გამოსახატად შეიკრიბნენ, რისი ინიციატორი და შემოქმედი ბრწყინვალე მუსიკოსი ზვიადი ბოლქვაძე გახლავთ. იგი სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა და ერთი სიმღერაც შემოგვთავაზა. ბათუმისა და თბილისის მუსიკოს შემსრულებლებმა კონცერტზე უწმინდესის საგალობლების საგუნდო და საორკესტრო ვერსიებთან ერთად ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. მრავალფეროვანი პროგრამით საღამო მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა. წლებია ბატონ ზვიადსა და პატრიაქს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ – პატრიარქის საგალობლების დიდი ნაწილის თანაავტორი სწორედ ზვიად ბოლქვაძე გახლავთ.

ამიტომ, ბუნებრივია, უწმინდესისადმი მიძღვნილი საღამოს იდეაც მას რომ გაუჩნდა და ბრწყინვალედაც განახორციელა. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, საოპერო დასის სოლისტები, ასევე, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი, სამების საპატრიარქო გუნდი (ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი) და ანსამბლი „ბასიანი“ (გიორგი დონაძე), ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის გოგონათა გუნდი, ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ბავშვთა აკადემიური გუნდი მონაწილეობდნენ. სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი წარსდგა.მან აჭარის კაპელასთან ერთად პატრიარქის ,,ავე მარია” შეასრულა. ეს სრულიად გამორჩეული საღამო იყო, რომელზეც სიყვარული, სიკეთე მეფობდა, ეს იყო უწმინესისადმი დიდი მადლიერების გამოხატულება. რამდენიმე კომენტარს შემოგთავაზებთ. სვიმონ ჯანგულაშვილი: – პატრიარქი მუდამ რჩება ქარიშხლიან, აზვირთებულ ზღვაში მანათობელ შუქურად, სინათლის სხივად. მისი მუსიკა სინათლით, ნუგეშით და ღვთაებრივი სიტკბოებითაა აღსავსე, სიყვარულის მასწავლებელია ჩვენთვის. მაქვს ბედნიერება, რომ ბიჭებთან ერთად – ზვიად ბოლქვაძესთან, გიორგი დონაძესთან, სხვებთან ერთად ვიმსახურო პატრიარქის გვერდით. 27 წელია მის გვერდით ვარ. მადლობა მინდა ვუთხრა პატრიარქს სიყვარულისთვის, ასევე – ზვიადს ამ საღამოსთვის, ყველას, ვინც ჩართულული იყო ამ ღონისძიებაში. დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ, რომ ჩვენი უწმინდესის მიმართ სიყვარული და მადლიერება გამოვხატოთ. მის საგალობლებში სინათლე ჩანს, მისი მუსიკის არანჟირებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ზვიად ბოლქვაძეს. მელოდიები, ჰარმონიული სტრუქტურა უწმინდესს ეკუთვნის, ხოლო ორკესტრირება და არანჟირება – ზვიადს.

მე თავად ვარ , როგორც პატრიარქის რეგენტი, მათი მუშაობის მოწმე. დღევანდელი საღამო ამ ტანდემის გამარჯვება იყო. იანო ალიბეგაშვილი: -როდესაც მაესტრო ზვიად ბოლქვაძემ ამ საღამოში მონაწილეობის მიღება შემომთავზა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი და დიდი სიამოვნებით ჩამოვედი იტალიიდან, თუმცა ეს მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ უწმიდესისსთვის და ვასიამოვნოთ. მინდა, რომ ჩვენი სიყვარული მის გულამდე მივიდეს. გიორგი დონაძე: 2000 წლის ბოლოს ანსამბლი ,,ბასიანი” სწორედ უწმინდესის კურთხევით შეიქმნა საპატრიარქოში, იქ ავიდგით ფეხი და დავფრთიანდით. თითქმის ყოველდღე გვნახულობდა უწმინდესი რეპეტიციების დროს. შემოგვიხედავდა, შენიშვნას მოგვცემდა. დღეს რომ ანსამბლი წარმატებულია, ამაში უწმინდესის დიდი წვლილია, ქართული გალობა პირადად მისი გადარჩენილია. მასთან ერთად მოვიარეთ საქართველო და არა მხოლოდ, უცხოეთშიც არაერთხელ ვყოფილვართ. მადლობა ბათუმს, აჭარას, ზვიად ბოლქვაძეს, ვინც მოაწყო ეს საღამო. საგალობლები, რომლებიც მოვისმინეთ შექმნილია უწმინდესის მიერ, ზვიადს დიდი წვლილი მიუძღვის არანჟირებაში. ეს, მართლაც, საოცარი ნაწარმოებებია. ,,ავე მარია”, რომელიც ვახტანგ კახიძის არანჟირებით მოვისმინეთ, ძალიან ბევრ სცენაზე შესრულდა, მათ შორის ვატიკანშიც და ძალიან დიდი აღიარება ჰპოვა. მადლობა ზვიად ბოლქვაძეს, რომელმაც შეგვკრიბა ყველა ერთად, ყველას, ვინც დღეს ამ დიდებულ საქმეში მონაწილეობდა. დეკანოზი თეოდორე ახალაძე: – საოცარი, აკადემიური დონის საღამო იყო. მადლობა უფალს, რომ შედგა ეს დღესასწაული, რომელიც აჭარამ სიყვარულით მიუძღვნა პატრიარქს. მრავალს დაგვასწროს უფალმა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა არ მოუშალოს ქართველობას საქართველოში ქართველობისთვის. მამა ილია ხინიკაძე: – უწმინდესის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა, ის რომ საოცარი პიროვნებაა, დღეს წარმოდგენილი მისი შემოქმედებიდანაც ჩანს. საგალობლები, მუსიკალური ნაწარმოებები ხაზს უსვამს მის უდიდეს პიროვნებას. მაია სურმანიძე, ბათუმელი მსმენელი: – ისეთი საღამო, ისეთი შთაბეჭდილება და ემოციებია, გული გიჩერდება ადამიანს და გგონია, რომ აღარ გიძგერს. ისეთ განწყობაზე დაგვაყენეს, ისე წარსდგნენ ჩვენ წინაშე როგორც პატრიარქს შეეფერება. ბაჩო ნაკაშიძე: – ეს საღამო ჩვენი ქალაქის სულიერი და კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. ეს იყო სიყვარულის, მადლიერებისა და ერთიანობის ზეიმი, რომელიც უდიდესი პატივისცემით მიეძღვნა ჩვენს სულიერ მამას. გულითადად ვულოცავ ყველა მონაწილეს ამ ღირსშესანიშნავ საღამოს ღირსეულად განხორციელებას, ხოლო განსაკუთრებული მადლობა და მილოცვა ეკუთვნის ზვიად ბოლქვაძეს.

  • No Comments
  • დეკემბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *