ხულოს თეატრის შემოქმედებითი დასი და მხატვრები – თურქეთის საერთაშორისო ფესტივალზე
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, თურქეთში, აქჩააბათის მუნიციპალიტეტში, XIII საერთაშორისო ეროლ გიუნაიდინის თეატრალურ დღეებში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ ბათუმელი მხატვრები.

ეროლ გიუნაიდინის ფესტივალი მიზნად ისახავს კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.
ფესტივალზე, ხულოს დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლი „სახლი ღრუბლებში“ წარმოადგინა, რომელიც რეზო ნაჭყებიას პიესის მიხედვით რეჟისორმა თამაზ ბოლქვაძემ დადგა.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი ნინო ლოსაბერიძე, საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა თეატრის ხელმძღვანელები და მსახიობები.
ხულოს დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასი და მხატვრები თურქეთში აქჩააბათის მერიის მიწვევით იმყოფებოდნენ.