ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამო
By

ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამო

„ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026″-ის ფარგლებში, კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს”, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. საღამოს ბათუმის ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა.

ღონისძიებაში ანსამბლი „ალილო“,  მომღერლები თემურ თათარაშვილი, სოფო ხალვაში, მაია ჯაბუა, სალომე ბაკურაძე,   აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი, მორის მელაძე, ზუკა ხუციშვილი, გელა დონაძე,  თიკა ჯამბურია, ანი ბახტაძე მონაწილეობდნენ. მათ ლილიკო ნემსაძის  ცნობილი სიმღერები შეასრულეს. საღამოზე ორი ახალი სიმღერის პრემიერაც შედგა, მათ შორის, ერთი ბათუმს მიეძღვნა.

საღამო რომელსაც ბათუმის  მე-15 და მე-16 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ესწრებოდნენ,  თიკა ფაცაციას მიჰყავდა. მან რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.

– ლილიკოს მადლობა მინდა გადავუხადო მისი შემოქმედებისთვის. ფაქტობრივად, მის სიმღერებზე გავიზარდე, რომელიც ძალიან მიყვარს. წარმატებები მინდა ვუსურვო. მიხარია, რომ ამ პროექტით ჩატარებულ საღამოებზე, ყოველ ჯერზე, დარბაზი სავსეა, ეს შეფასების ერთგვარი ინდიკატორია, – აღნიშნა აჩიკო ბერიძემ, რომელმაც  კომპოზიტორის მიერ მისთვის სპეციალურად შექმნილი ახალი სიმღერა შეასრულა.

– მასზე  ბევრი რამის თქმა შეიძლება, ამჯერად გეტყვით, რომ ლილიკო ძალიან სუფთა და ალალი ადამიანია, რაც მის შემოქმედებას ეტყობა კიდეც.  ერთი ამოთქმით ყველაფერს გეუბნება, აკეთებს იმას, რაც საბოლოოდ ყველას მოგვწონს და გვახარებს. დაწმუნებული ვარ, თითქმის არ დარჩენილა მომღერალი, როგორც ახალგაზრდა, ისე ჩემზე უმცროსი თაობის, რომელსაც  მისი სიმღერა არ შეუსრულებია. ეს მის ფართო შემოქმედებაზე ლაპარაკობს. სასიხარულოა, რომ დარბაზი სავსე იყო,  – გვითხრა მომღერალმა და კომპოზიტორმა გია მაჭარაშვილმა.

– შემოქმედებითი საღამო არასოდეს მქონია, ეს პირველია. ბათუმი ჩემი საყვარელი ქალაქია და მიხარია, რომ პირველი კონცერტი  სწორედ აქ შედგა. დღეს გაჟღერდა ძველი სიმღერები, ასევე შედგა ორი ახალი სიმღერის პრემიერაც. ასე მგონია, ახალი რეპარტუარით  კიდევ დავბრუნდები. დღევანდელი თბილი საღამოსთვის  კი ბათუმს და ბათუმელებს მადლობა, – გვითხრა ლილიკო ნემსაძემ.

კონცერტში მონაწილეობდა ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *