ლადო შარაშიძის საიუბილეო გამოფენა
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მხატვარ ლადო შარაშიძის ნამუშევრების გამოფენა – „CONTINOOM” მოეწყო, რომელიც მის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის შემოქმედების ყველა დროის ნამუშევრები – როგორც ადრეული ფერწერული, ისე ახალი ტილოები. ეს მრავალფეროვანი ნახატები ნამდვილად გიზიდავს და საოცარ შთაბეჭდილებას გიქმნის.


ლადო შარაშიძემ ბათუმის სამხატვრო სკოლის შემდეგ, თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მუშაობს ფერწერაში, გრაფიკაში, დიზაინში. არის 14 პერსონალური გამოფენის ავტორი ბათუმში, თბილისში, სტამბოლში, ჟენევაში. ასევე, მონაწილეობდა 67 ჯგუფურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, ბულგარეთში, ამერიკის შერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ავსტრიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საამიროებში, იაპონიაში, ავსტრალიაში. მისი ნამუშევრები ეროვნულ და კერძო კოლექციაში 32 ქვეყანაშია დაცული.
– მარტის ბოლო დღეს შესანიშნავ გამოფენას ვუმასპინძლეთ. ესაა ლადო შარაშიძის საიუბილეო, მრავალფეროვანი, სიცოცხლით სავსე, ნათელი ფერებით გამორჩეული გამოფენა. განსაკუთრებით მომეწონა ნახატი „ჭიშკარი“, რომელიც საოცრად ლამაზ ფერებშია გადმოცემული… ჭიშკარი, კარი, ყოველთვის ახალი სიცოცხლისკენ, ახალი იმედებისკენ გიბიძგებს… ვფიქრობ, ეს გამოფენაც ახალი გამოფენის საწინდარი გახდება. მივულოცავ ბატონ ლადოს 60 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას, ახალ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ, – აღნიშნა აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძემ.


– დღეს ლადო შარაშიძის პერსონალურ გამოფენაზე ვიმყოფებით, საიუბილეო თარიღი შეუსრულდა ამ ძალიან კარგ ადამიანს და შესანიშნავ მხატვარს. სხვადასხვა დროს შესრულებული მრავალფეროვანი და საინტერესო ექსპოზიციაა წარმოდგენილი, ჟანრობრივად დატვირთული – ქალაქური პეიზაჟებით, ნატურმორტებით, რომლებიც აკადემიური შესრულების მანერით გამოირჩევა. ძალიან კარგია მისი ზღვის პეიზაჟები, – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ.
– ლადო არის ერთ-ერთი ის მხატვარი, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ ბათუმელებმა. სადაც კი მონაწილეობდა – გამოფენებში, ფესტივალებში, პლენერებსა თუ სიმპოზიუმებში, ყველგან მოწონება დაიმსახურა. ძალიან ნაყოფიერი მხატვარია, ბევრს მუშაობს, წარმატებებს ვუსურვებ, – გვითხრა მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძემ.

– მართალია, ეს გამოფენა საიუბილეო თარიღს ეძღვნება, მაგრამ ასაკს არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას. ჩემთვის მთავარი ფერების ჰარმონიაა, რასაც ვხედავ, ვცდილობ, ყველაფერი ოდნავ გალამაზებული გადმოვიტანო. დღევანდელი პერსონალური ბათუმური გამოფენა რიგით მეოთხეა. პირველი 1978 წელს მქონდა, მეორე – 2000 წელს, მესამე – ათი წლის წინ, ისიც საიუბილეო იყო. ბათუმური გამოფენები ყოველთვის ცოტათი სანერვიულოა, საპასუხისმგებლო, რადგანაც ახლობლების წრე მოდის. მათ, როგორც ბათუმელმა, მინდა ჩვენი ქალაქი უფრო ლამაზი დავანახო, – აღნიშნა ლადო შარაშიძემ.

… „გაგრძელება“, „უსასრულობა…“ , ასე უწოდა მხატვარმა თავის გამოფენას და გვჯერა, ლადო შარაშიძე ისევ ნაყოფიერად გააგრძელებს მუშაობას, არაერთხელ გაგვახარებს თავისი ლამაზი შემოქმედებით.
მანანა ძიძიშვილი