„ეშმას ხომ არ შეუძლია, შხამი არ ანთხიოს, ბოროტება არ ჩაიდინოს, კეთილს არ ებრძოლოს“
უწმინდესის გარდაცვალებაზე, ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე, დეზინფორმაციაზე, საეკლესიო საქმეებში ჩარევის მცდელობებზე, უცხოური ძალის მიერ რადიკალური ოპოზიციის მართვასა და მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზე საუბრობს „აჭარასთან“ „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
– პატრიარქის გარდაცვალებამ თავზარი დასცა მთელ საქართველოს. თუ შეიძლება, შეაფასოთ მისი პიროვნება და ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე?
– საოცრებაა, როდესაც ხანგრძლივად გაქვს საშუალება, გყავდეს ასეთი პატრიარქი, ძალიან კეთილი, ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარდა და უყვარს ახლაც. ის 93 წლის იყო, თუმცა ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, მისი გასვლა ერმა გულთან ახლოს მიიტანა და უზარმაზარი ტკივილი განიცადა. ისეთი გრძნობა დაგვეუფლა ყველას, მამა რომ გარდაიცვლება ოჯახში და ოჯახის წევრები დაბნეულები არიან, არ იციან, რა ელით ხვალ. რაც არ უნდა ასაკში იყოს ადამიანი, დედ-მამა თუ ჰყავს, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. სავსებით გასაგები იყო ერის ტკივილი ასეთ განსაცდელზე, თითქოს დავობლდით და ბუნდოვანი მომავლის წინაშე აღმოვჩნდით. ცხადია, პატრიარქს მთელმა საქართველომ დაუფასა სიყვარული და ის, რაც მან 93 წლის განმავლობაში თესა, სიყვარულითვე დაუბრუნა ერმაც და ღმერთმაც. ის მუდმივად იქნება მარადისობაში, ხოლო მისი ხსოვნა – ჩვენში, როგორც გონიერი, მზრუნველი პატრიარქის. სწორედ ამ მზრუნველობის დაკარგვამ შექმნა, რბილად რომ ვთქვათ, რაღაც დისკომფორტი საზოგადოებაში. გაჩნდა შეკითხვა: რა იქნება ხვალ, როდესაც ასეთი წინამძღოლი არ გყავს, უწმინდესი და უნეტარესი ხომ ერის გამაერთიანებელი იყო მუდმივად. სწორედ ის აბალანსებდა ყველა დაპირისპირებას, სალბუნს ადებდა ჭრილობებს… მართალიც რომ ყოფილიყავი, გეტყოდა, – არ გინდა, ზედმეტი არ არის საჭირო…
– საოცარი იყო მილიონ-ნახევარი ადამიანის პატრიარქთან გამოსათხოვებლად მისვლა. . .
– იცით რა, სულაც არ გამკვირვებია, ეს რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივი იყო ჩემთვის. სხვას არაფერს ველოდი, გასაგები იყო, რომ ერი ფეხზე დადგებოდა.
– მე პირადად გამიკვირდა ილია მეორის ხსოვნის დისკრედიტაციის მცდელობა.
– ეშმას ხომ არ შეუძლია, შხამი არ ანთხიოს, ბოროტება არ ჩაიდინოს, კეთილს არ ებრძოლოს, ისევე, როგორც ანგელოსს არ შეუძლია, სიკეთე არ აკეთოს. ასე რომ, ეშმაკი მართავს იმ ერთეულებს, ახლა შხამს რომ ანთხევენ. შეიძლება, სულ არ უნდოდეთ სიბინძურეების ნთხევა, მაგრამ ვალდებულები არიან „უფროსების“ მიმართ. ეს პროცესი გარედან იმართება, თან კარგად ფინანსდება. ვიცი იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ამ ყველაფერს კურირებს… რომ გამოაცხადეს, არ დავჯდეთო ამ ტახტზე… შენ ვინ გეპატიჟება და ვინ გსვამს, მაგრამ უთხრეს ასე, გადავიდეთ სინოდალურ მმართველობაზეო და „მანაც“ გამოაცხადა ასე. რამდენიმე მოღალატე ეპისკოპოსი და ერისკაცების ჯგუფი ცდილობს, ეკლესიაში განხეთქილების შემოტანას, თუ შეიძლება რომ მათ ერისკაცები ეწოდოს. განხეთქილება არ გეგონოთ დაპირისპირება, ეს არის სექტის შექმნის მცდელობა. იმ ადამიანმა, რომელიც ამ პროცესებს ხელმძღვანელობს, უკვე მოახერხა და მისი ხელდასმით, ერთ-ერთ მართლმორწმუნე სახელმწიფოში შეიქმნა ასეთი სექტა, რომელსაც ზურგს უმაგრებს არმია და ერთად დევნიან ჭეშმარიტ მართლმორწმუნეებს.
– რომელ სახელმწიფოს გულისხმობთ?
– არ ღირს ახლა… თუმცა მაინც ვიტყვი – უკრაინას. იქ შექმნეს სექტა, ჩაუყენეს სათავეში პატრიარქი ფილარეტი, რომელიც ახლახან, 20 მარტს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა და ხუთი კაცი არ იყო მისული… იგი ეპისკოპოსობის დროს ანათემას გადასცეს და განკვეთილი იყო ეკლესიიდან, შეჩვენებულს რომ ეძახიან ქართველები. ანუ შეაჩვენა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. შემდგომ, ამ შეჩვენებულმა შემოიკრიბა ირგვლივ ასეთივე შეჩვენებულები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და შექმნა სექტა, ეს არ იყო მართლმადიდებლური ეკლესია… მესმის, რომ ეს ქართულად სარკასტულად ჟღერს, მაგრამ ეკლესიური ტერმინია. . . აქაც იგივეს გაკეთება უნდათ. ჰყავთ მათაც რამდენიმე – შესაჩვენებლად გამზადებული.
– ანუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დასავლეთიდან მოდის?
– კი არ ვფიქრობ, ნამდვილად ვიცი, ხომ გითხარით, სახელი და გვარიც კი ვიცი, ასე რომ, ეჭვი არაფერში მეპარება და საკუთარი სიტყვების პასუხისმგებელი ვარ. მას დავალებული აქვს ამ ყველაფრის კოორდინირება. ოღონდ ის აქაური არ არის. მალე გაიხსნება ფრჩხილები და ძალიან მალე საზოგადოება გაიგებს, ვინ ვინ არის.
ჩვენ ეკლესიაში განხეთქილების შეტანას არ დავუშვებთ, ჯვარი გვწერია, მთელი ერი დადგება ფეხზე, ღვთის წყალობით გაკეთდება ყველაფერი. საბერძნეთში ექვსი სინოდი აქვთ, რუსეთში სტარავერები და რა არ იყო, ყველგან დაფიქსირებულია განშტოებები, საქართველოში მსგავსი არაფერი ყოფილა და არც იქნება არასოდეს. ასეთი ერთიანი, მთლიანი ორგანიზმით, ჩვენი ღვთისმოსავი ეკლესია მივა სამოთხის კარამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.
– 2017 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მისივე ქორეპისკოპოსი, შიო მუჯირი დაასახელა, რომელმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ეს მისთვის უდიდესი ჯვარია... როგორ ფიქრობთ, წმინდა სინოდის მხრიდან ხომ არ შეექმნება წინააღმდეგობა პატრიარქად კურთხევაზე მეუფე შიოს?
– არავითარი საგრძნობი წინააღმდეგობა არ იქნება, შეიძლება „იმათ“ რაღაც გაიფართხუნონ, მაგრამ ვინ ეკითხებათ და ვინ სად პატიჟებს რომელიმეს?!
– თუ გაქვთ ინფორმაცია, თავად მეუფე შიოს შესახებ და რატომ აირჩია ილია მეორემ თავის მოსაყდრედ?
– ამ შეშლილ სამყაროში, ღვთის წყალობით, ძალიან ბევრი ღირსეული ეპიკოპოსი გვყავს. პატრიარქი, რომელიც გვყავდა, ნამდვილად ღვთის სასწაული იყო. ამ საუკეთესოებში მან გამოარჩია მეუფე შიო. ე.ი. ჰქონდა ამის საფუძველი. მე ვიცნობ ეპისკოპოს შიოს, წარმოშობით სენაკელი ვარ, ისიც სენაკის ეპისკოპოსია და იქ გავიცანი. ძალიან კარგი ადამიანია, საოცრად განათლებული და გონიერი პიროვნებაა. მას ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როდესაც ის პატრიარქთან ერთად მოქმედებდა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხზე. მაშინ დავაფიქსირე, რომ მოზომილი, დინჯი და გონიერი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო. ღმერთმა მისცა მეუფე შიოს საშუალება, რომ ათი წლის განმავლობაში ყოფილიყო ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესთან იმ შეგნებით, რომ მისი პატრიარქობის ჟამიც დადგებოდა, ანუ ის ხომ დღეს არ დაუსახელებიათ, მას მიეცა ამ რანგისთვის აუცილებელი მომზადების დრო. ის ათი წელი არ მოსცილებია გვერდიდან ილია მეორეს, აკვირდებოდა როგორ ცხოვრობდა, შრომობდა, მოქმედებდა პატრიარქი. ვფიქრობ, რომ ყველაფერს შეძლებს მეუფე შიო და გაუძლებს იმ სირთულეს, რაც ამ პოსტს ახლავს.
– თუ გახსოვთ, ადრე საუბარი იყო, რომ ილია მეორეს მოსაყდრე მეუფე დიმიტრი იქნებოდა. . .
– კი, იყო, თუმცა, როგორც ვხედავთ, მეუფე შიოზე შეჩერდა არჩევანი. მე ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა მაქვს მეუფე დიმიტრისთან, როდესაც ყველაზე მეტად გამიჭირდა, სწორედ ის დამიდგა მხარში და გამომიყვანა მდგომარეობიდან. დიდი მადლიერი ვარ მისი. მეუფე დიმიტრი ძალიან ღირსეული ეპისკოპოსია.
– ოჯახური ღირებულებების კანონსაც აკრიტიკებენ. . .
– იგივეს ვიტყვი, მათ არ შეუძლიათ სხვანაირად, როდესაც ფული აქვთ აღებული, უნდა თქვან ის, რასაც ავალებენ. ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივია. წუთისოფელი ბრძოლისთვისაა შექმნილი. ეკლესია ორად იყოფა – მიწიერად და ზეციურად. ზეციურს მოზეიმე ეკლესიად მოიხსენიებენ, მიწიერს კი – მებრძოლ ეკლესიად. ეს ეკლესიური ტერმინოლოგიაა. ზეციურში მყოფებმა აქ უკვე იბრძოლეს და მოხვდნენ სამოთხეში, უკვე ზეიმობენ თავიანთ გამარჯვებას, ჩვენ კი, ისევ ბრძოლაში ვართ, მივდივართ იქითკენ, რომ სამოთხეში მოვხვდეთ.
– ილია მეორეს წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით რას იტყვით?
– როგორც იცით, ეკლესიას თავისი კანონები აქვს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ეს მართლაც იქნება. აქვე გავიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული ეპისკოპოსი გვყავს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ მაშინ, როდესაც ამის დრო მოვა. შეუძლებელია, რომ ეს ასე არ მოხდეს.
– თუ შეიძლება, მსოფლიოში მძვინვარე ომებსა და კონფლიქტებზეც ვისაუბროთ, ეს ყველაფერი პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც გვეხება. . .
– მსოფლიო ტურბულენტობის ზონაშია შესული. ამას, აგერ ჩვენს რეგიონში დაემატა ირანთან ძალიან სახიფათო ომი, რომელსაც დიდ ომში გადაზრდის პერსპექტივა აქვს. ამ ნგრევას, რასაც დღეს ვხედავთ, საშუალო ინტენსივობის ომი ჰქვია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, წინ რა გველის… ზოგიერთი კითხულობს, ხომ არ დაიწყება მესამე მსოფლიო ომიო, არადა, ჩემი გათვლებით, ის უკვე დაწყებულია. 70-მდე ქვეყანაა ჩართული ამ კონფლიქტებში. უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის ნატოს წევრი 51 ქვეყანა. ამას ემატება სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია და სხვ. ზოგი ღიად არის ჩართული, ზოგი – სამხედრო შეაიარაღებებით, დრონებით, ინსტრუქტორებით და ა.შ. რაც შეეხება რუსეთს, ძირითადად, თავად იბრძვის, ეხმარებიან ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა… ჩინეთიც მისი პარტნიორია, თუმცა ძალიან ფრთხილობს. ინდოეთიც უწყობდა ხელს რუსეთს, მაგრამ აშშ-ის ზეწოლით სანქციები დაედო და… ახლა იქ ბენზინგასამართ სადგურებზე რიგში ხოცავს ერთმანეთს ხალხი. როგორც კი შეწყვიტა ინდოეთმა ნავთობის შესყიდვა რუსეთისგან, მალე დაიწყო ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით შექმნილი კრიზისი და მართლაც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აქეთ პაკისტანი და ავღანეთიც ხომ ებრძვიან ერთმანეთს, პაკისტანის უკან თავისუფლად შეგიძლიათ ჩინეთი მოიაზროთ, ხოლო ავღანეთის უკან – ინდოეთი. აგერ, სპარსეთი, ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატებიც იბრძვიან. არაბული ქვეყნებიც ჩართული არიან, ვენესუელა და კუბაც გაიხსენეთ… ანუ ამდენი ქვეყანა არ ყოფილა ჩართული არც პირველ და არც მეორე მსოფლიო ომში. ღვთის წყალობით, ჯერჯერობით დაბალი ინტენსივობით ებრძვიან ერთმანეთს. მართალია, ქვა ქვაზე არ რჩება უკრაინაში, არაბულ ქვეყნებსა თუ ირანში, მაგრამ ამ პროცესს ჯერ მაინც ჰქვია დაბალი ინტენსივობის ომი. ღმერთმა ნუ ქნას, მაღალი ინტენსივობის ომს მოვესწროთ.
– როგორ ფიქრობთ, ტრამპი შეძლებს ირანთან მიმართებაში საკუთარი ჩანაფიქრის შესრულებას?
– ადამიანი ბჭობს და უფალი განაგებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტრამპს ამაზე საერთოდ არ აქვს ნაფიქრი. მისი და ნეთანიაჰუს ჩანაფიქრის ძირითადი არსი იყო, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამოეხოცათ ირანის მმართველი გუნდი. სხვათა შორის, ინფორმატორი ერთ-ერთი გენერალი იყო, დახვრიტეს საწყალი… სწორედ მან ამცნო, თუ რომელ შენობაში, როდის და ვისთან ერთად იქნებოდა აიათოლა ხამენეი. ამაზე ააგეს ტრამპმა და ნეთანიაჰუმ მთელი საბრძოლო კონფლიქტის გეგმა. ყოველთვის ვამბობ ფიგურალურად, საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწე ოთახში რომ შეხვალ, უნდა გქონდეს ნაფიქრი, იქიდან როგორ გამოხვალ. შეიძლება კარი გამოგიხურონ და ვეღარ გამოხვიდე. ეს დაემართა აშშ-ის პრეზიდენტს… ჯერ რა მორალია, კაცი მოკლა ცოლ-შვილთან და შვილიშვილთან ერთად. ძალიან იშვიათი სისასტიკეა… ასეთ ნაბიჯზე წავიდნენ, მაგრამ მაინც არ ჩამოიშალა ირანის მმართველი სისტემა. ადრე უნდა ეფიქრათ ამაზე, ახლა ეძებენ გამოსავალს. მთელი ევროპა ჩამოიარა დახმარების თხოვნით, მაგრამ ყველა თავს იკავებს. ამხელა სახელმწიფო, ყოფილი ჰეგემონი, მსოფლიო ჟანდარმი, რომელიც ყველას ჭკუას ასწავლიდა, ჯერ მსოფლიო განგსტერად თუ ბანდიტად გადაიქცა, ახლა კი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ხელგამოწვდილი დარჩა. ის, რაც ისრაელმა და აშშ-მა ჩაიდინეს, 169 გოგონას მკვლელობაზე ვსაუბრობ, სამხედრო დანაშაულია (ბოდიშიც არ მოუხდიათ). მათი სისხლი ასე არ ჩაივლის. ქრისტე ამბობს, თქვენ თუ გაჩერდებით, ქვები დაიწყებენო ბღავილს… ჩვენც რომ გავჩერდეთ, ქვები დაიწყებენ ლაპარაკს. ამაზე პასუხისმგებლობის დღეც დადგება. 200-ზე მეტი ბავშვია ჯამში მოკლული. ახლა ძნელია პროგნოზის გაკეთება, რითი დასრულდება ირანის კონფლიქტი, თუმცა ის კი შეიძლება ვთქვათ, რომ არ უჩანს ტრამპს და ნეთანიაჰუს კარგი პერსპეტივა. მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის. ან უნდა შეწყვიტონ ეს ომი, რაც მათ იმიჯს და პოლიტიკურ რეიტინგს კოლოსალურ ზიანს მიაყენებს, ან გააგრძელონ, რაც საბოლოოდ გაანადგურებს როგორც მათ, ისე მათ ქვეყნებს.
ირმა ცეცხლაძე