ომბუდსმენმა შეკრების თავისუფლების მზღუდავი ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, შეკრების თავისუფლების შემზღუდავი კანონები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი ეხება როგორც შეკრების წესებთან დაკავშირებულ აკრძალვებს, ისე ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო ცვლილებებით „დემონსტრანტებს აეკრძალათ სახის დაფარვა“, ასევე, გაფართოვდა შეკრების ადგილის შეზღუდვები და „გაიზარდა სანქციები, მათ შორის, უალტერნატივო ადმინისტრაციული პატიმრობა“.
ომბუდსმენის შეფასებით, მსგავსი ზომები არაპროპორციულია და „ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს“, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა მშვიდობიანი ქმედებებიც დასჯადი გახდეს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეკრების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რიგ შემთხვევებში, მოქალაქეებს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებაც დაეკისრათ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო უფლება, შეცვალოს შეკრების დრო და ადგილი.
გარდა ამისა, პრობლემურად არის შეფასებული სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვაც – „აკრძალულია ფოტო, ვიდეო და აუდიოჩაწერა“, რაც, ომბუდსმენის თქმით, ამცირებს პროცესის გამჭვირვალობას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს და პარლამენტს მათ გადახედვას სთხოვს.