ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დაისჯება – შსს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება, თუ მისი მიზანი საქართველოს მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვებაა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია უცხოელის საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე, ასევე, ჯარიმა, შინაპატიმრობა ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე, არეგულირებს საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს. შემოდის ბინადრობის ახალი კატეგორია -საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღებამდე გაიცემა. ამასთან, ნებართვის გაცემამდე ქორწინების ნამდვილობას სპეციალური კომისია შეამოწმებს.
ცვლილებები ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით ჩანაცვლების შესაძლებლობასაც, კანონით დადგენილი პირობების დაცვით.
უკანონო მიგრაციის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭება.
გარდა ამისა, იცვლება სასამართლო სამართალწარმოების წესიც – მცირდება გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმეების განხილვის შემჭიდროებული ვადები და რიგ შემთხვევებში შესაძლებელი გახდება მათი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, იუსტიციის სამინისტროსთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით მომზადდა, პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიან, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.